Pussy Riot

მედვედევი Pussy Riot–ის წევრებისთვის პირობითი სასჯელის შეფარდების მომხრეა

რუსეთის პრემიერ–მინისტრის დმიტრი მედვედევის განცხადებით, პანკ ჯგუფ Pussy Riot–ის სამი წევრი, რომლებსაც ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფერდა, უკვე საკმარისად დაისაჯა და მათთვის ამ ეტაპზე პირობითი სასჯელიც კმარა.

„ამ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში სასჯელაღსრულების დაწესებულების პირობებში გაჩერება არაპროდუქტიულად მიმაჩნია. ჩემი აზრით, პირობითი სასჯელი სავსებით საკმარისი იქნებოდა, იმ დროის გათვალისწინებით, რაც ჯგუფის წარმომადგენლებმა უკვე გაატარეს ციხეში.“ – განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

მედვედევის თქმით, გოგონებმა ციხეში საკმარისი დრო გაატარეს იმისთვის, რომ მიმხვდარიყვნენ, თუ რა მოხდა მათ ცხოვრებაში მათივე სულელური ქმედებების ან სხვა გარემოებების გამო. რუსეთის პრემიერმა აგრეთვე, აღნიშნა, რომ თავად ჯგუფის წევრების მიერ მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში ჩადენილ ქმედებას უარყოფითად აფასებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ პანკ ჯგუფის შესახებ თავისი მოსაზრება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც გამოთქვა. მისი თქმით, იგი ჯგუფის წევრების გარშემო შექმნილ ვითარებაში არ ერევა.

Pussy Riot–ის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ 1 ოქტომბერს დაგეგმილ პროცესზე, სადაც ჯგუფის წევრების სასჯელის ვადის შემცირება განიხილება, სასამართლო პრემიერის მოსაზრებას მხედველობაში არ მიიღებს. მათი განცხადებით, მედვედევს ჯერ კიდევ პრეზიდენტობისას ჰქონდა შესაძლებლობა, გოგონებს დახმარებოდა. მათი თქმით, პრემიერის ქმედება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებაა და იგი მისსავე რეიტინგის ამაღლებას ემსახურება.

17 აგვისტოს Pussy Riot-ის სამი წევრი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, ეკატერინა სამუცევიჩი და მარია ალიოხინა სასამართლომ ხულიგანობაში დამნაშავედ ცნო. ჯგუფის წევრებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

Pussy Riot-ის წარმომადგენლები საგამოძიებო იზოლატორში მარტიდან იმყოფებიან, 21 თებერვალს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში შესრულებულიპანკ-ლოცვისათვის - „ღვთისმშობელო გააგდე პუტინი.“

 

კომენტარები