კომპიუტერული თამაშები

ვიდეოთამაშების სამყარო

ვიდეოთამაშების ინდუსტრია წლიდან წლამდე იზრდება. გრაფიკა უმჯობესდება, სიუჟეტები უფრო დახვეწილი და საინტერესო ხდება. კინოს უკვე კინოთეატრში ხალხის მიზიდვა უჭირს, მუსიკალური ალბომების გაყიდვა წინა დეკადებთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა, თამაშები კი კომერციულ წარმატებას ინარჩუნებენ და ძველი თამაშების ახალი ვერსიებიც წარმატებით აგრძელებენ გეიმერების გულის მოგებას. Diablo, Medal of honor, The Witcher, Darksiders 2, Resident evil, Silent hill – ამ თამაშებთან ერთად წელს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გამოვიდა ან გამოვა.

Assassin's Creed III

(PlayStation 3, Xbox 360, Wii U, Microsoft Windows)

კომპანია Ubisoft თავის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფრენჩაიზს უბრუნდება. Assassin's Creed III 30 ოქტომბერს გამოვა და კომერციული წარმატება გარანტირებული აქვს. პირველად ამ თამაშის ისტორიაში სიუჟეტი ამერიკაში განვითარდება. ახალი მთავარი პერსონაჟის, კონორ ქენუეის პირადი შურისძიება, ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გადაიზრდება. თამაშში უამრავი ისტორიული პიროვნება იქნება წარმოდგენილი: ჯორჯ ვაშინგტონი, სემეულ ადამსი, ბენჯამინ ფრანკლინი. Assassin's Creed-ის შემქმნელების თქმით, გეიმფლეი თითქმის იგივე დარჩება – წინა სერიების წარმატებამ მხოლოდ სიუჟეტის შეცვლის აუცილებლობა გამოიწვია. ვიდეოთამაშების მოყვარულთ, ვენეციისა და ფლორენციის შემდეგ, ბოსტონისა და ფილადელფიის ხედებით ტკბობა შეგეძლებათ.

Twisted Metal

(PlayStation 3)

PlayStation კლასიკას აცოცხლებს. Twisted Metal პირველი ფლეისთეიშენის საკულტო თამაშია. რბოლა, სროლა, დაუსრულებელი ექშენი და საინტერესო სიუჟეტი, უამრავი სხვადასხვა იარაღი და საბრძოლო მანქანა – ყველაფერი PlayStation 3-ზე გაცოცხლდა, უკეთესი გრაფიკით და ოდნავ უფრო სუსტი სიუჟეტით, თუმცა აქ ისტორია მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ Sweet Tooth და საძმო დაბრუნდა და გიჟურ ბრძოლაში გითრევთ.

Mass Effect 3

(Microsoft Windows PlayStation 3 Xbox 360 Wii U)

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო sci-fi RPG შუთერის ეპიკური დასასრულია, შეპარდის და მისი გუნდის ბრძოლა თავისუფლებისთვის, გადარჩენისთვის. თამაში ისეა შექმნილი, რომ თუ ამ სერიის პირველი და მეორე ნაწილი დახურული გაქვთ, ეს მესამე Mass Effect-ზე გავლენას იქონიებს. გადაწყვეტილებები და გავლენა თქვენს დაახლოებულ პერსონაჟებზე შენარჩუნებული იქნება, რაც თამაშს კიდევ უფრო სრულს და შეკრულს ხდის. Mass Effect 3-ის ერთადერთი მინუსი ფინალია, რომელიც თითქმის ყველამ და ყველაფერმა გააკრიტიკა, თუმცა სხვა ყველაფერში BioWare-ის ქმნილება უნაკლოა. გაუმჯობესებული გეიმფლეით, უკეთესი გრაფიკითა და ბრძოლის ველზე მეტი ვარირების საშუალებით. Mass Effect 3 წლის ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია.

Hitman: Absolution

(Microsoft Windows PlayStation 3 Xbox 360)

Hitman 2 ლეგენდარული თამაშია. აგენტი 47-ის თავგადასავალი, რომელმაც თავის დროზე მილიონობით გეიმერის გული მოიგო. ეს იყო თამაში, სადაც ექშენი და სტრატეგია ერთმანეთს მშვენივრად ავსებდა. Hitman: Absolution ბებერი, წარმატებული ტრადიციების გაგრძელებაა, სადაც მოთამაშეს არჩევანი ექნება, თითოეული მისია დაუსრულებელი სროლით გავიდეს, თუ ფარულად გაანადგუროს მეტოქე, ისე, რომ ერთი გასროლაც არ დასჭირდეს. ჰიტმენი ახალი გრაფიკით და ძველი იდეით ბრუნდება.

Max Payne 3

(Microsoft Windows, PlayStation 3, Xbox 360)

კომპანია Rockstar არასდროს აკეთებს ცუდ თამაშებს. ყოველ შემთხვევაში, მისი ყველა მნიშვნელოვანი პროექტი წარმოუდგენლად წარმატებულია. თამაშების: GTA, Red Dead Redemption და L.A. Noire შემდეგ, კომპანია თავის ერთ-ერთ უძველეს პროექტს, Max Payne, დაუბრუნდა. Max Payne 3 წინა ნაწილების სიქველია. თამაშში ნეონუარის სტილი, მხატვრული კინოს ატმოსფერო შენარჩუნებულია, ანუ ნებისმიერი ექშენ/დეტექტივის ჟანრის მოყვარულისთვის მაქსი კვლავაც ისეთივე მიმზიდველია, როგორც ათწლეულის წინ იყო.

კომენტარები