ინდუსტრიული ზონა

მიხეილ სააკაშვილი: შავი ზღვის ინდუსტრიული ზონის შექმნა ნაციონალური იდეა უნდა იყოს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაბა ყულევში კარბამიდის ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ქარხანას აზერბაიჯანული კომპანია ,,სოკარ ჯორჯია ინვესტმენტი’’ აშენებს. პრეზიდენტის თქმით, მშენებლობაზე 1500, ხოლო წარმოებაში 700 ადამიანი დასაქმდება.

მშენებლობის გახსნის შემდეგ, პრეზიდენტმა საქართველოს შავიზღვისპირა ზოლის სამომავლო განვითარების შესახებ ისაუბრა.

,,ფოთის თავისუფალი ზონის იდეა რეალურად ისხამს ხორცს და შინაარსით ივსება. ეს არის, საერთო ჯამში ქარხნიანად, ნავმისადგომიანად მილიარდი დოლარის ინვესტიცია ფოთში შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ეს არის 1500 დასაქმებული ფოთელი. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ 3-4 ასეთი საწარმო და ფოთში, სუფსასა და გარშემო სოფლებში უმუშევრობა საერთოდ აღარ იქნება. ფოთი კი, ნამდვილი ინდუსტრიული ცენტრი გახდება."-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ლაზიკას მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომლის მშენებლობის დაწყებაც უახლოეს დღეებში იგეგმება. მისი თქმით, ლაზიკა არის მთელი ქვეყნის მასშტაბზე გათვლილი ინვესტიცია.

,,ეს აკვიატება არ არის. ეს რეალური გეგმაა, რადგან ერთადერთი ყველაზე ღრმა კანიონი 20 მეტრის სიღრმის არის ლაზიკას ტერიტორიაზე, ანაკლია-ყულევის ზონაში და შავ ზღვაზე არსებობს მხოლოდ ერთი ასეთი პორტი - კონსტანცა. ჩვენ ლაზიკას პორტში ჩავდებთ ჯამში რამდენიმე ასეულ მილიონის ინვესტიციას. შემდეგ კი, პორტი ააშენებს ქალაქს და ამოიღებს რამდენიმე მილიარდის მოგებას." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, შავი ზღვის ინდუსტრიული ზონის განვითარება არ არის რომელიმე კონკრეტული გუნდის პროექტი და ეს უნდა იყოს ნაციონალური იდეა.  

,,ეს უნდა იყოს ნაციონალური იდეა, რომ შენი სანაპირო განვითარდეს. აი, ამ თემებზე უნდა შევთანხმდეთ ყველა ერთად, როგორი პოლიტიკური ბრძოლები და საარჩევნო კამპანიებიც არ უნდა იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა ეს ძალიან მალე ჩაივლის და აღმშენებლობა გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც მანამდე."-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები