ბიზნესი

საბაჟო რეჟიმები და პროცედურები საქართველოში

0 კომენტარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის მეორე ნახევარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით, ხოლო ექსპორტი 13%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა შეადგინა 6 384.1 მილიონი ლარი, საიდანაც მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სავაჭრო (16.6%) და სატრანსპორტო (11.5%) ინდუსტრიებს.

მოცემული რიცხვები ნათლად მიგვითითებს საქართველოში ლოგისტიკის ინდუსტრიის მნიშვნელობაზე და მის როლზე ზოგადად ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებაში. სხვადასხვა ბიზნესკატალოგების მიხედვით, დღესდღეობით საქართველოში მოქმედებს 2 500-ზე მეტი კომპანია, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ ამ სფეროსთან. ვაჭრობისთვის ყველა მათგანს სჭირდება საბაჟო რეჟიმებისა და თანმდევი პროცედურების თუ დოკუმენტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია.

საქართველოს საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს შემდეგ რეჟიმებს: იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი და დროებითი შემოტანა.

ხსენებული რეჟიმები გამოიყენება საქონლის საზღვრებზე გადაადგილების დროს. იმპორტის რეჟიმი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონელი შედის ქვეყანაში, რომელიც მისი საბოლოო დანიშნულების ადგილია. ამ დროს საქონლის გამომგზავნი აფორმებს ექსპორტის რეჟიმს, რათა საქონელმა გადაკვეთოს გამგზავნი ქვეყნის საზღვარი. ხოლო ყველა შუალედური ქვეყნების საზღვრებზე საქონელს ენიჭება ტრანზიტის საბაჟო რეჟიმი.

მაგალითისთვის, შეგვიძლია განვიხილოთ საქონელი, რომელიც იგზავნება თურქეთიდან აზერბაიჯანში, საქართველოს გავლით. საქონელს პირველადი საბაჟო რეჟიმი მიენიჭება თურქეთში და ფორმდება საექსპორტო დეკლარაცია. როდესაც ტვირთი მოვა საქართველოს და თურქეთის საზღვარზე, მას მიენიჭება ტრანზიტული რეჟიმი, რა სტატუსითაც იგი გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე. ხოლო როდესაც ტვირთი გადაკვეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს, იგი გაივლის ბოლო საბაჟო პროცედურას და მიენიჭება იმპორტირებული ტვირთის სტატუსი, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება მისი მოხმარება.

ტრანზიტის რეჟიმის მქონე ტვირთს უფლება აქვს ქვეყნის საზღვრებს შიგნით დაჰყოს მხოლოდ გარკვეული დღეების რაოდენობა (სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით). ეს პერიოდი ძირითადად განისაზღვრება იმ ვადით, რაც საჭიროა ერთი საზღვრიდან მეორემდე მისვლისთვის.

არსებობს შემთხვევები, როდესაც ქვეყანაში შედის ტვირთი, რომელიც გარკვეული პერიოდით რჩება საზღვრებს შიგნით, მაგრამ მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი არის სხვა ქვეყანა. ასეთ შემთხვევაში, საქმე გვაქვს რეექსპორტის რეჟიმთან.

რეექსპორტი გამოიყენება სხვადასხვა შემთხვევებში. მაგალითისთვის, თუ ტვირთს იმპორტის რეჟიმის მინიჭების შემდეგ აღმოაჩნდება დანაკლისი, დეფექტი, ან სხვა რაიმე დარღვევა და იგი არის სხვა ქვეყანაში გასაგზავნი (ხარვეზების გამოსასწორებლად). ამ დროს ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნება, ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვით, რეექსპორტის რეჟიმის მინიჭებისას უნდა სრულდებოდეს შემდეგი პირობები:

საქონელი არ უნდა იყოს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;

შესაძლებელი უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;

საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს იმპორტში გაშვების დღიდან 6 თვეში;

სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ. ასევე მომწოდებლისთვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისთვის საქონლის დაბრუნების თანხმობის დამადასტურებელი, მომწოდებლის წერილობითი დოკუმენტი.

არის შემთხვევები, როდესაც მყიდველი საქონელს იძენს მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით და არ იცის მისი საბოლოო დანიშნულების ქვეყანა. ამ დროს მყიდველი საქონელს ანთავსებს დროებითი შენახვის რეჟიმში, ხოლო მას შემდეგ, რაც მოხდება მისი საბოლოო რეალიზაცია, ტვირთი რეექსპორტის რეჟიმით ტოვებს ქვეყნის საზღვარს.

დროებითი შემოტანის რეჟიმი ასევე მიენიჭება სხვადასხვა სახის მანქანა-დანადგარებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსულია რაიმე კონკრეტული პროექტისთვის, რომლის ამოწურვის შემდეგ მან უნდა დატოვოს ქვეყნის საზღვრები. საქონელი დროებითი შემოტანის სტატუსით შეიძლება სამ წლამდე ვადით სარგებლობდეს.

საბაჟო ფორმალობების მოგვარება შესაძლებელია გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (გეზი), სადაც ხორციელდება ყველა ზემოთ აღნიშნული რეჟიმის მინიჭება და შესაბამისი პროცედურების გავლა. გეზები და მათი რეგიონული განყოფილებები მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ქუთაისში. ტვირთის გაფორმება შესაძლებელია ელექტრონულადაც, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების საიტიდან – http://eservices.rs.ge/, სადაც უნდა აიტვირთოს შესაბამისი მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ასევე, საქართველოში რეგისტრირებულია რამდენიმე ათეული საბროკერო კომპანია, რომლებიც ტვირთის მფლობელი კომპანიის სახელით განახორციელებენ აღნიშნულ საბაჟო პროცედურებს.

თითოეული ამ რეჟიმისათვის არსებობს მრავალი აუცილებელი დოკუმენტი და პროცედურული ნიუანსი, რომლებიც საკმაოდ მრავალფეროვანია საქონლის ტვირთის მიხედვით. უფრო დეტალური ინფორმაცია დოკუმენტაციასთან, პროცედურებთან და სპეციფიკურ ტვირთებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიიღოთ საიტზე www.cargotender.ge, სასარგებლო ინფორმაციის ბმულის ქვეშ. ამავე საიტიდან, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მის ადმინისტრატორს ნებისმიერი დამატებითი კითხვით ან კომენტარით.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები