კრივი

დიდი ჯო

ჯო ლუისის და არტურო გოდაის ორთაბრძოლა

ჯო ლუისის და არტურო გოდაის ორთაბრძოლა
თუკი ჯეკ დემპსი ამერიკელ ემიგრანტთა, ხოლო როკი მარჩიანო იტალიური ფესვების მქონე საზოგადოების კერპებად იქცნენ, ჯო ლუისი აფროამერიკელთა სათაყვანებელი ადამიანი იყო. დიდი, ჩუმი და უაღრესად კეთილი კაცი. მის სახელს და გვარს ბევრი პატივსაცემი სიის სათავეში შეხვდებით: Ring Magazine-მა ის 100 საუკეთესო პანჩერის (მენოკაუტე) სიაში პირველ ადგილზე გაიყვანა, Boxing Research Organization-მა კი, სულაც ისტორიაში საუკეთესო მძიმეწონოსანად დაასახელა.

1937 წელს, ჯეიმს ბრედოკის დანოკაუტების შემდეგ, ჯო ლუისი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იგი ამ ტიტულს 1948 წლამდე ინარჩუნებდა, შემდეგ კი კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 1950 წელს, ლუისი რინგზე დაბრუნდა, მაგრამ ეზარდ ჩარლზთან ქულებით წააგო. ერთი წლის შემდეგ დიდი ჯო როკი მარჩიანომ ბაწრებს შორის გაახვია და ასე დამთავრდა ჩემპიონის შესანიშნავი კარიერა.

კრივის მემატიანე ბერტ შუგარი ამა წლის 25 მარტს გარდაიცვალა. ეს იყო ადამიანი, რომელსაც თავისი შეგნებული ცხოვრება კრივის გარეშე ვერ წარმოედგინა. შუგარს, ფაქტობრივად, არცერთი მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა არ გამოუტოვებია, პირადად იცნობდა უდიდეს მოკრივეებს – ჯეკ დემპსიდან დაწყებული, მაიკ ტაისონით დამთავრებული. ბერტ შუგარის დარი ადამიანი, რომელსაც ინტერესთა კონფლიქტის გარეშე, გვერდიდან შეეძლო ამა თუ იმ მოკრივესა თუ ორთაბრძოლაზე საუბარი, შეიძლება ითქვას, კრივის ისტორიას არ ახსოვს.

როდესაც რამდენიმე წლის წინ ESPN-მა ბერტ შუგარის აზრით საუკეთესო მძიმეწონოსანთა სიას გადაცემა მიუძღვნა, ყველას აინტერესებდა, თუ რომელი მოკრივე დაიკავებდა პირველ ადგილს. შუგარმა მაიკ ტაისონი ათეულშიც კი არ შეიყვანა, რამაც ბევრის გაკვირვება გამოიწვია, თუმცა ბერტმა ყველაფერი შესანიშნავად დაასაბუთა, მას ეს საქმე არ ეშლებოდა. პირველ ადგილზე, არა ჯეკ დემპსი, არა მუჰამედ ალი, არამედ დიდი ჯო ლუისი გაიყვანა. ის იყო უდიდესი მოკრივე, ღირსეული ჩემპიონი და ყველაზე კარგი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ, – თქვა შუგარმა.

რთულია ამ მართლაც უდიდესი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანს არ დაეთანხმო. ჯო ლუისი მართლაც დიდი ჩემპიონი იყო, რომლის სპორტულ კარიერასა და ცხოვრებას, ზემოთ ჩამოთვლილ მოკრივეებთან შედარებით, ყოველთვის ერთით მეტი სირთულე ხვდებოდა – ეს იყო კანის ფერი. შოკოლადის ყასაბი, ყავისფერი მბომბავი – ასეთი და სხვა ზედმეტსახელები ლუისს თან სდევდა. პრესა მის მიღწევებს აგდებით ეკიდებოდა და ხაზს ყოველთვის კანის ფერს უსვამდა. ლუისი კეთილი კაცი იყო, მას მხოლოდ ერთი რამ აბრაზებდა – უსამართლობა.

21 წლის ჯო უკვე სოლიდურ გასამრჯელოს იღებდა, მაგრამ ბრძოლიდან სახლში მისული, ყოველთვის უფოლოდ რჩებოდა. დიდი ჯო ყველას ეხმარებოდა: 50-100 დოლარი მაშინ დიდი ფული იყო, ლუისისთვის კი ეს არაფერს ნიშნავდა. ამის მიუხედავად, ჩემპიონი

ჯო ლუისი სამხედრო სამსახურში
ხშირად აწყდებოდა აგრესიას თეთრკანიანების მხრიდან – იქნებოდნენ ეს ჟურნალისტები თუ უბრალო გულშემატკივრები. ჯოს არ ესმოდა, რატომ გამოხატავდნენ აგრესიას და უპატივცემულობას ადამიანები მაშინ, როდესაც ის ამის საბაბს არავის აძლევდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ჯო ლუისმა ყველა საქმე გვერდით გადადო და მთლიანად ჩაერთო ჯარის ცხოვრებაში. იგი ხვდებოდა აფროამერიკელ ჯარისკაცებს და მათ საბრძოლო სულისკვეთებას აღვივებდა. ეს მიღებული პრაქტიკა იყო – ცნობილი ადამიანები დიდ როლს თამაშობდნენ ჯარის მოტივაციის საქმეში. მაგრამ ლუისის შემთხვევაში, ყველაფერი განსაკუთრებულად იყო. მან ათიათასობით დოლარი შესწირა შეერთებული შტატების არმიას, რამდენიმე წელიწადში კი გაბანკროტდა და იმ მომენტში გვერდით არავინ დაუდგა. ულუკმაპუროდ დარჩენილი ჩემპიონი, ყველასგან გარიყული აღმოჩნდა.

სწორედ მაშინ, უკვე სოლიდურ ასაკში მყოფი ლუისის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი როკი მარჩიანომ გამოთქვა. დიდი ჯო, მარჩიანოს ბავშვობის კუმირი იყო. როკი აღმერთებდა ლუისს, ეთაყვანებოდა მას და კანის ფერი საერთოდ არ აღელვებდა. როდესაც გაიგო, რომ ჯო უსახსროდ დარჩენილიყო, მივიდა მასთან და უთხრა: ჯო, დაბრუნდი კრივში ერთი ბრძოლისთვის, მე შევძლებ ამის ორგანიზებას. როგორც უკვე ვთქვით, ლუისმა ბრძოლა დათმო, მაგრამ მეგობრის დახმარების წყალობით, სოლიდური ჰონორარი მიიღო.

ამის შემდეგ, ჯო ლუისი კრივიდან საბოლოოდ წავიდა. იმ დროს, გოლფი საკმაოდ პოპულარული იყო და ჩემპიონმა გადაწყვიტა ბედი ეცადა. თეთრკანიანებისთვის ეს შოკი იყო – აფროამერიკელს გოლფის ტურნირში მონაწილეობა სურდა. ლუისმა ორგანიზატორებისგან უარი მიიღო, რამაც გული დაწყვიტა და უფრო მეტად გააბრაზა. საბოლოოდ, მან და შვიდმა შავკანიანმა მოთამაშემ, ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, რაც დიდწილად ლუისის დამსახურება იყო. სათამაშოდ გასულებს მძიმე სურათი დახვდათ: ბურთის ჩასაგდებ ხვრელში ადამიანის ექსკრემენტები ეყარა. ამ ფაქტმა ლუისი გაანადგურა, ის გაბრაზებული და ძალიან განაწყენებული იყო.

ჯო ლუისი. კარიეროს დასაწყისი. 1934
აფროამერიკელთა საპროტესტო ტალღა ნელ-ნელა ძალას იკრებდა, გამოჩნდა მუჰამედ ალი, რომელიც მკაცრი განცხადებებით გამოდიოდა. ჯო კი ჩუმად იყო. ამის გამო ის ბევრჯერ გააკრიტიკეს, მაგრამ ლუისი არ იყო ადამიანი, რომელიც დაუმორჩილებლობის აქციებს სათავეში ჩაუდგებოდა. ახლა მას არა მხოლოდ თეთრკანიანები აყენებდნენ შეურაცხყოფას ქუჩაში სეირნობისას, აფროამერიკელებიც უშვერი სიტყვებით მიმართავდნენ. საოცრად კეთილი, გულღია და კაცთმოყვარე ლუისი გარიყულად გრძნობდა თავს, ერიდებოდა სახლიდან გამოსვლას, ვერ აეხსნა, თუ რატომ დაატყდა აგრესიის ამხელა ტალღა. ჩემპიონს არ მოსწონდა მუჰამედ ალის მიდგომა ვიეტნამის ომთან დაკავშირებით, აკრიტიკებდა კიდეც, რაზეც ალიმ სახალხოდ, ძალიან აგრესიულად უპასუხა. საბოლოოდ ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ჯო ცოლმა მიატოვა და ყოველგვარი სახსრების გარეშე დატოვა.

ამდენი უარყოფითი ფაქტის გადატანა ლუისისთვის ურთულესი აღმოჩნდა, დაიწყო მოწევა, დალევა და ნარკოტიკების მიღება. სჭირდა საშინელი დეპრესია, საბოლოოდ კი ჭკუიდან შეიშალა, პარანოიის ნიშნები აღმოაჩნდა. FBI, იტალიური მაფია, სახელმწიფო – ჩემპიონს ეგონა, რომ ყველა მას ეძებდა და შიშით სახლის დატოვება არ სურდა. უცნობ ხალხთან ერთად, ლუისს ოჯახმაც ზურგი აქცია – შვილმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაამწესა, სადაც თვეების მანძილზე დიდი წნეხის ქვეშ უწევდა ყოფნა, მნახველები კი არ აკითხავდნენ. მკურნალობის დასრულების შემდეგ ჯო ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ერთ დროს ახმახი, ბრგე ახალგაზრდა, გაუბედურებულ ბაბუად იქცა.

ლუისმა დაკარგა სახლი, ფული და რაც ყველაზე მეტად უყვარდა – ხალხის სიყვარული და პატივისცემა. გასაჭირში მყოფ ჩემპიონს დახმარების ხელი ძველმა ნაცნობმა გაუმართა და ლას ვეგასში მდებარე სასტუმროში ცხოვრება შესთავაზა. ლუისი ერთგვარი კარისკაცის ფუნქციას ასრულებდა, სამაგიეროდ კი სუფთა ნომერი და ყოველდღიური საკვები მიიღო. ხალხს ჯერ კიდევ ახსოვდა ჩემპიონი, მაგრამ ერთ დროს დაუმარცხებელი მოკრივე, ამერიკელთა დიდი ნაწილის სათაყვანებელი გმირი, ახლა ინვალიდის ეტლში მჯდომი, მდიდარი ხალხის გამრთობად იქცა.

1981 წლის 12 აპრილს, ჯო ლუისი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ბოლო წლები მან მარტოობაში, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან მიტოვებულმა გაატარა. ტელევიზიები აცხადებდნენ: გარდაიცვალა ყავისფერი მბომბავი, მაგრამ ჯო ლუისის ღირსება არ იყო ფერი. ლუისი დიდი ადამიანი, შესანიშნავი მოკრივე იყო და ბერტ შუგარმა ეს იცოდა. თეთრკანიანმა ბერტმა ჯოს შესაძლებლობები სწორად შეაფასა – ყველა დროის ნომერ პირველად დაასახელა. შუგარისნაირ ადამიანებს, შეფასებები არ ეშლებათ, ლუისმა დაიმსახურა დიდი პატივისცემა, რომელიც სამწუხაროდ სიცოცხლეში არ ღირსებია.

დღეს კრივი რასობრივ დისკრიმინაციაზე მაღლა დგას, მსოფლიომ გაიცნო მაიკ ტაისონი, ევანდერ ჰოლიფილდი და სხვა წარმატებული მოკრივეები, მათ აღარ უწოდებენ ყავისფერებს ან შავებს. ამერიკელებმა ისწავლეს გმირების დაფასება – ჯო ლუისი დღეს ყველაზე დიდი მოკრივეების გვერდით არის მოხსენიებული. იყო თუ არა იგი ნომერი პირველი მოკრივე ისტორიაში, ეს სხვა თემაა, ერთი რამ კი ნათელია – ჯო ყველაზე დიდი ადამიანი იყო მათ შორის, ვისაც რინგზე ფეხი დაუდგამს.

 

კომენტარები