ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაია თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების გასაჯაროების წინააღმდეგია

0 კომენტარი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მისი მისამართით დღეს გახმაურებულ ბრალდებას პასუხობს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ, თითქოს ხელოვნურად გაზრდილი ფასებით კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური იარაღის შესყიდვას ეხება.

სააგენტო news.ge-ს ცნობით, ახალაიას განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრი ავრცელებს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილია.

ახალაია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტრო და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მისთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ძალიან საპასუხისმგებლოა და მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში გრიფით საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხების გასაჯაროება „გახდა ჩვეულებრივი ამბავი ხელისუფლების მხრიდან. მაშინ როდესაც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში მსგავსი ქმედება აღქმული იქნებოდა როგორ სახელმწიფოს ღალატი“.

„მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას არცერთ ჩემს ქმედებასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ჩემ წინააღმდეგ მოქმედი შავი პიარისა, სახელმწიფო საიდუმლოებას ვერ გავცვლი ჩემს პირად ინტერესებზე“, - აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

ახალაია მზადყოფნას გამოთქვამს, საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების უფლების მქონე პირებს დეტალურად აუხსნას მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვა. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის მოქმედებდა ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იყო ჩემი და ჩემი გუნდის საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპი“, - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები