ნაციონალური მოძრაობა

დამარცხებით მოცემული შანსი

წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულ უინსტონ ჩერჩილს მისი მეუღლე კლემენტაინი ანუგეშებდა, იქნებ ეს დამარცხება შენიღბული წყალობა იყოსო. მოცემულ მომენტში ძალიან კარგად შენიღბულიაო – პასუხად წაიბუზღუნა ჩერჩილმა. რამდენიმე წელიწადში ჩერჩილი ისევ ქვეყნის ლიდერად აირჩიეს. განახლებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ 1 ოქტომბრის მარცხში თავისი შანსი უნდა იპოვოს და, ჩერჩილის მსგავსად, ეს შანსი ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობის დასაბრუნებლად გამოიყენოს.

ამისთვის კი აუცილებელია განვლილი პერიოდის პირუთვნელი ანალიზი, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს პროცესი. წინამდებარე წერილის მიზანს არ წარმოადგენს შეცდომების ამომწურავი ნუსხის შედგენა; არც ის, თუ საკუთრივ რომელ შეცდომას შეეძლო ეთამაშა გადამწყვეტი როლი დამარცხებაში. შესაძლოა, ეს როლი შეცდომებისა და სხვა ფაქტორების კომბინაციამ, მაგალითად, საარჩევნო კამპანიაში ჩატუმბულმა კოლოსალურმა ფულმა ითამაშა. წერილის მიზანია მხოლოდ ზოგიერთი მოვლენის გამოკვეთა და ამით იმ დისკუსიის გაგრძელება, რომელიც გია ნოდიამ ტაბულას ფურცლებზე წამოიწყო http://www.tabula.ge/article-25811.html. წარმატებული პოლიტიკური სტრატეგია წარუმატებლობის ანალიზითა და სწორი დასკვნების გამოტანით იწყება.

ბზარი სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის

წარმატებული პოლიტიკა ემყარება სათუთ ბალანსს სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებსა და მისი მოქალაქეების კონკრეტულ სარგებელს შორის. რაღაც ეტაპზე, მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოდგენაში ეს ბალანსი დაირღვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, სისტემური რეფორმებისა და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების სასარგებლოდ. ამ ადამიანებს გაუჩნდათ გაუცხოების შეგრძნება სახელმწიფო წინსვლის მიმართ, ვინაიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, დაბალი ინფლაცია, დაბალი კორუფცია, ზრდილობიანი პატრული, ახალი გზები, 24- საათიანი ენერგომომარაგება და უამრავი სხვა მიღწევა არ აისახა ხელშესახებ კონკრეტულ პირად სარგებელში. ყოველ შემთხვევაში, მათთვის საკმარისად სწრაფად და შესამჩნევად არ აისახა. პასუხგაუცემელი დარჩა ეკონომიკის უმთავრესი გამოწვევაც – მაღალი უმუშევრობა. უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის გზები ვერც ევროპასა და აშშ-ში უპოვიათ, მაგრამ ქართველ ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის ეს ვერაფერი ნუგეში იყო. ამას დაემატა არაეკონომიკური ფაქტორიც: საზოგადოების საშუალო ფენებში გაჩნდა განცდა იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება მოხდა თანასწორობისა და სამართლიანობის ხარჯზე; და კიდევ, პიროვნებების და არა მათი მოქმედებების კრიტიკამ დამატებითი ოპონენტები გაუჩინა ნაციონალურ მოძრაობას. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ნაციონალურმა მოძრაობამ დაინახა ეს ბზარი, მაგრამ მისი შემცირების მცდელობები არასაკმარისი და დაგვიანებული აღმოჩნდა.

გადაჭარბებული სიმკაცრე ბიზნესთან

მრავალი ბიზნესმენი, ვინც ნაციონალური მოძრაობის ბუნებრივი მოკავშირე იყო, მას მოწინააღმდეგედ მოეკიდა. ლიბერალური გადაგასახადო გარემო, თავისუფლება კრიმინალისგან, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, მარეგულირებელი ორგანოებისა და ლიცენზია-ნებართვების მინიმუმამდე დაყვანა, ეფექტური, კეთილგანწყობილი და არაკორუმპირებული ბიუროკრატია – უკეთესს რას ისურვებდა კერძო ბიზნესი? და ამ დროს, მოდის საგადასახადო სამსახური ან ფინანსური პოლიცია და უმნიშვნელო გადაცდომას დანაშაულად წარმოგიჩენს. მათთან კამათი ან სამართლებრივი დავა უშედეგოა. გამოსავალი: გადაიხადე ჯარიმა. გასაგებია, რომ ეს ქრთამი არ იყო, ბიუჯეტში მიემართებოდა. გასაგებია ისიც, რომ პოლიტიკური ნიშნით არ ხდებოდა. მაგრამ, შედეგად, ბიზნესმა ნახა ზარალი, მას თანდათან გაუნელდა ნდობა სამართლებრივი სისტემის მიმართ, გაუძლიერდა უსამართლობის განცდა და მოკავშირეობიდან ოპონენტთა ბანაკში გადაბარგდა. ის ადმინისტრაციული სიმკაცრე, რომელიც ეკონომიკური და საფინანსო რეფორმების პირველ წლებში აუცილებელი იყო, საგადასახადო დისციპლინის დასამკვიდრებლად, ბოლო წლებში კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა.

საჯარო დისკუსიის დეფიციტი

ნაციონალურმა მოძრაობამ მინიმუმამდე დაიყვანა თავისი მონაწილეობა საჯარო დისკუსიებში. დიალოგი მონოლოგმა ჩაანაცვლა. ეს იყო უკან დახევა 2004-2007 წლების პრაქტიკიდან, როდესაც დინამიკური ზოგადპოლიტიკური და თემატური დისკუსიები (ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, სასამართლო რეფორმის შესახებ და სხვა) მიმდინარეობდა პარლამენტშიც – კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე, და მედიაშიც. ამასთან ერთად, ხელი არ შეეწყო ახალი სადისკუსიო სივრცეების – მრგვალი მაგიდების, საუნივერსიტეტო დებატებისა თუ სადისკუსიო კლუბების ჩამოყალიბებას, რომელშიც წამყვანი პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებდნენ მონაწილეობას. ნაციონალური მოძრაობა პასიური იყო პოპულარულ სოციალურ ქსელებშიც. და ვინაიდან დისკუსიის მოთხოვნილება არსად გამქრალა, მივიღეთ ორი ეფექტი: 1) სოციალურად აქტიური საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ნაციონალური მოძრაობა მასთან დიალოგს გაურბოდა და 2) საზოგადოებრივი აზრის ფორმირება დაიწყო ნაკლებადკვალიფიცირებულ და პოლიტიკურად მიკერძოებულ პლატფორმებზე. სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებს წინ არ უსწრებდა ხარისხიანი საჯარო განხილვა, რომლის მეშვეობითაც მთავრობა გასაგებად და დასაბუთებულად აუხსნიდა მოქალაქეებს ამ პროექტების მნიშვნელობას სახელმწიფოსა და ყოველი ოჯახისთვის. საზოგადოების ნაწილს ამ პროექტების მიმართ არა თანამონაწილეობისა და მშობლიურობის, არამედ ისევ გაუცხოების განცდა უღვივდებოდა.

ცვლილების შანსი

ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში არ ახდეს პრეზიდენტ რეიგანის წინასწარმეტყველება: „საბჭოთა კავშირში მრავალპარტიულობა რომ დაუშვან, ის მაინც ერთპარტიულ სისტემად დარჩება იმიტომ, რომ ყველა უმალ მეორე პარტიაში გადავა“. პოლიტიკური პლურალიზმი სჭირდება არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ყოველ მოქალაქეს, მთლიანად პოლიტიკურ სისტემას და სახელმწიფოს.

ნაციონალურ მოძრაობას აქვს სათანადო ინტელექტუალური რესურსი და პოლიტიკური გამოცდილება, რათა შეცდომები გააანალიზოს, განახლდეს და წინსვლის სტრატეგია დასახოს. მისი ძლიერი მხარეებია: ამომრჩეველთა 40%-ის მხარდაჭერა, ძლიერი საპარლამენტო ფრაქცია, მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული პარტიული სტრუქტურა, დისციპლინირებული, გამოცდილი და პატრიოტი აქტივისტები, მაღალი კვალიფიკაციის ლიდერთა გუნდი სახელმწიფო მმართველობის პრაქტიკულად ყველა სფეროში, ფართო საერთაშორისო კონტაქტები და, რაც მთავარია, „არშემდგარი სახელმწიფოდან“ საქართველოს თანამედროვე დემოკრატიად გარდაქმნის უნიკალური ისტორია.

განახლებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დაანახოს ამომრჩეველს, რომ მას არათუ არ ეშინია ცვლილებების, არამედ პირიქით, ესწრაფვის ამ ცვლილებებს, და რომ დამარცხებაში განახლებისა და სრულყოფის შანსს ეძებს; რომ გაცნობიერებული აქვს სახელმწიფოს წინსვლის, მოქალაქეთა კეთილდღეობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის ერთმანეთისგან განუყოფლობა. თუ ყოველივე ეს მოხდა, მაშინ განახლებული ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს წარუმატებლობით მოცემულ შანსს, და საქართველოს მოქალაქეთა წინაშე იმ ქმედით, სანდო, კომპეტენტურ და დემოკრატიულ ალტერნატივად წარდგება, რომელიც საქართველოს უკუსვლას თანამედროვე დემოკრატიიდან „არშემდგარი სახელმწიფოსკენ“ არ დაუშვებს.

 

კომენტარები