ამერიკელი სენატორები

ამერიკელი სენატორები: საქართველოში მოვლენების განვითარება უკიდურესად გვაშფოთებს

"ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ პოლიტიკური ფიგურების დაკავებების, გამოძიებების, დაპატიმრებების და დევნის გამო, რომლებიც ოპოზიციურ პარტიას უკავშირდებიან. დღევანდელი ჩვენი წერილის მიზანია მზარდი წუხილი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებულია და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილითაა გამოწვეული. დაჟინებით გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოთ შერჩევითი სამართალი წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, აღქმის თვალსაზრისითაც კი", - ნათქვამია წერილში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა.  ჯო ლიბერმანმა, ჯეიმს რიშმა, ლინდსი გრეჰემმა და ჯონ მაკკეინმა ივანიშვილს 6 დეკემბერს მისწერეს, ამის შესახებ ინფორმაციას Foreign Policy ავრცელებს.  

სენატორებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გამო, სადაც მაია ფანჯიკიძემ "კრიმინალები და დამნაშავეები" უწოდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

"ჩვენ მივესალმებით, რომ გამორიცხავთ შერჩევით სამართალს, მაგრამ სინანულით გვსურს აღვნიშნოთ, რომ მოვლენების განვითარება უკიდურესად გვაშფოთებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი მაია ფანჯიკიძის კომენტარები, როდესაც მან განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები "კრიმინალები და დამნაშავეები არიან". ბრალს და უდანაშაულობას მიუკერძოებელი სასამართლო უნდა ადგენდეს, სხვაგვარი მოქმედება კანონის უზენაესობას უთხრის ძირს", - ნათქვამია წერილში. 

კომენტარები