ამერიკელი სენატორები

პრესსამსახური: პრემიერის წერილში კირვალიძეზე ტექნიკური უზუსტობა აღმოჩნდა

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის განმარტებით, ამერიკელი სენატორებისადმი გაგზავნილ წერილში სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძესთან დაკავშირებით მოყვანილი მაგალითი ტექნიკური უზუსტობაა. კერძოდ, წერილში წერია, რომ დავით კირვალიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა, მან სამინისტროს მაღალჩინოსნებზე გამოძიების დაწყების შემდეგ, თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. პრემიერის პრესსამსახურის განცხადებით, რეალური კონტექსტი სხვა იყო.

"ამერიკელი სენატორების მიმართ საქართველოს პრემიერმინისტრის წერილში, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ტექნიკური უზუსტობა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის საკითხთან დაკავშირებული საქმის ფორმულირებაში. ეს არ ყოფილა გამიზნული. რეალურად, კონტექსტი იყო ასეთი - აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის მიმართ. სწორედ ამის გამო, სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა დავით კირვალიძემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან. ამიტომ, ვფიქრობთ, ზედმეტია ამ თემის პოლიტიკური ანგაჟირება", - უთხრეს ინტერპრესნიუსს პრემიერის პრესსამსახურში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორებისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ "ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები. ეს არ არის ცალმხრივი - ჩვენი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიესაჯა ერთწლიანი პირობითი სასჯელი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო".

ამასთან, დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა,რომ მთავრობა არ იზიარებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სენატორებისადმი გაგზავნილი წერილის იმ ნაწილს, რომელიც სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს ეხება. 

კომენტარები