ქართული კინო

ქართული ფილმი ბერლინალეზე

ზაზა რუსაძის სადებიუტო ნამუშევარი "ჩემი საბნის ნაკეცი" 63-ე ბერლინის კინოფესტივალის პროგრამაში, "პანორამა", მოხვდა. ფილმის მთავარი პერსონაჟი დიმიტრი უცხოეთიდან საქართველოში ბრუნდება. მისთვის სამშობლოში ყველა და ყველაფერი უცხოა და ნამუშევარი სწორედ ამ თემის გარშემო ტრიალებს. ფილმში მთავარ როლებს თორნიკე ბზიავა, თორნიკე გოგრიჭიანი, ზურა ყიფშიძე და ავთო მახარაძე ასრულებენ.

 "ჩემი საბნის ნაკეცი" საქართველოს ეროვნული კინოცენტრის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და 500 ათასლარიანი დაფინანსებაც აქვს მიღებული. ქართულ მხარესთან ერთად ფილმის კოპროდუქციაში უცხოელი პროდიუსერებიც იყვნენ ჩართულნი.

1997 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა. ბერლინის კინოფესტივალი 7 თებერვალს აიღებს სტარტს. 

კომენტარები