PACE

სააკაშვილი სიტყვით მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

21-25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ზამთრის სესიაზე შეიკრიბება. სესიას სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი.
ასევე, 23 იანვარს ასამბლეა რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას ეხება. 
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ჰუმანიტარული სიტუაცია ომიდან ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ კვლავ შეშფოთების საგანია:
"მართალია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა გადაუდებელ საჭიროებებს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მაგრამ ხდება კონფლიქტის ნელი, თუმცა აშკარა გაყინვა", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. 
რეზოლუციის პროექტში ოკუპირებულ რეგიონებში ძლიერი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის განთავსებაზეც არის საუბარი: "იმისათვის, რომ აღდგეს უსაფრთხოება და გრძელვადიანი ნდობა, ადმინისტრაციულ საზღვარზე ერთმანეთის პირისპირ მდგომი არმიები კი არ არის საჭირო, არამედ ძლიერი საერთაშორისო სამშვიდობო და მონიტორინგის მისიების არსებობა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს".

კომენტარები