იუსტიციის სამინისტრო

თეა წულუკიანი: თოფურიძეს აქვს ლოცვის უფლება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, დღეს, 8 იანვარს ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. 
წულუკიანმა ბრალდებული ოლეგ მელნიკოვის მინსკიდან ექსტრადიციის საკითხზე ისაუბრა და მელნიკოვის ადვოკატის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად სამინისტროს მელნიკოვის ექსტრადიციის ვადა 16 იანვარს ეწურება.
"16 იანვარი არ არის ექსტრადიციის ამოწურვის ვადა. ჩვენ განსაზღვრულ ვადებში წარვადგინეთ მასალები მელნიკოვთან დაკავშირებით. ახლა ჩვენი კოლეგები მუშაობენ, რის შემდეგაც გარწმუნებთ, რომ ოლეგ მელნიკოვი უკრაინის საექსტრადიციო საპყრობილიდან საქართველოში იქნება ჩამოყვანილი", -  განაცხადა მინისტრმა.
წულუკიანი კიდევ ერთი ბრალდებულის, სოსო თოფურიძის საკითხსაც შეეხო.
"დადასტურდა ის ინფორმაცია, რომ თოფურიძე მართლაც იმყოფებოდა სტამბოლში ლოცვაზე. მას აქვს ლოცვის უფლება და ჩვენ ამას ვერ ჩამოვართმევთ. ჩვენი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც ლოცვის უფლებას ჩამოართმევდა თოფურიძეს", - განაცხადა  წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ დათა ახალაიას, ასევე სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ ბრალი. არცერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფება. 

კომენტარები