პოლიტიკა

1993 თუ 1921?

0 კომენტარი

„ის, რომ საქართველომ უკან დაბრუნება დაიწყო, ნათელია“, – ამასწინათ მითხრა ერთმა აღმოსავლეთევროპელმა მეგობარმა; „გასარკვევი ის დარჩა,1993-ში შეჩერდებით, როდესაც დსთ-ში აღმოჩნდით თუ 1921-მდე ჩახვალთ, როდესაც რუსეთში დაგაბრუნეს“. მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი მეგობარი ცდება და რომ ჩვენი არჩევანი ამით არ შემოიფარგლება.

2004-2012 წლების მოდერნიზაციამ საქართველო რუსეთის ორბიტას დააშორა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ორბიტას დაუახლოვა. მოდერნიზაციის პროექტი ექვს საყრდენს ეფუძნებოდა: სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო ინტეგრაცია, მზარდი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, დასავლური და მრავალგანზომილებიანი საგარეო პოლიტიკა და მონაწილეობა რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებში. არჩევნებიდან 100 დღის შემდეგ მოდერნიზაციის ექვსივე საყრდენის შესუსტების მოწმენი გავხდით. გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება და ვნახოთ, არსებობს თუ არა წარმოქმნილი ტენდენციების შემობრუნების გზები.

ლიბერალური ეკონომიკური სივრცე, რომელმაც 2004-2011 წლებში უზრუნველყო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2,5-ჯერ (!), შეიცვალა პროტექციონისტული მიდგომებითა და სახელმწიფო ჩარევისა და რეგულირების მოწოდებებით შეფერილი გაურკვევლობით. მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური ზრდის ტემპი: თუ სექტემბერში მთლიანი შიდა პროდუქტი 7%-ით გაიზარდა, ოქტომბერში ზრდა 5%-მდე შენელდა, ხოლო ნოემბერში 2,4%-მდე დაეცა. შემცირდა იმპორტი და ექსპორტი, როგორც გასულ თვეებთან, ასევე გასულ წელთან შედარებით. მნიშვნელოვნად შემცირდა საინვესტიციო საქონლის იმპორტი, რაც პირდაპირ უკავშირდება წარმოების შემცირებას. შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც.

დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები, სოფლის თვითმმართველობებიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე. საჯარო სამსახურებიდან დაითხოვეს ასობით კვალიფიცირებული საჯარო მოხელე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი წინა მთავრობის დროს იყვნენ მიღებულნი. სამართალდამცავი სტრუქტურების ტოტალურმა კრიტიკამ, მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულმა სისხლისსამართლებრივმა დევნამ და სისტემაში კომპრომეტირებული კადრების დაბრუნებამ გამოიწვია თანამშრომელთა დემორალიზება და ღირებულებითი ორიენტირების მოშლა. სპეცოპერაციებში მონაწილე სამსახურების თანამშრომელთა საიდუმლო პასპორტების გამოქვეყნებამ ძირი გამოუთხარა ნდობას იმისა, რომ სახელმწიფო დაიცავს მათი მისიების საიდუმლოებას. ოკუპანტთა სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის მსჯავრდებულთა „პოლიტპატიმრებად“ გამოცხადებამ და გათავისუფლებამ აზრი დაუკარგა კონტრდაზვერვის საქმიანობას. დღეის ამას იქით როგორ უნდა წაახალისო სპეცსამსახურის თანამშრომელი, რომ დაგეგმოს და განახორციელოს რთული და სახიფათო ოპერაცია, რომლის მიზანი მოწინააღმდეგის ჯაშუშური ქსელის გამოვლენა და გაუვნებელყოფაა? ან როგორღა უნდა დაარწმუნო შეიარაღებული ძალების ოფიცერი იმაში, რომ სამხედრო ამბოხში მონაწილეობა დანაშაულია სახელმწიფოს წინაშე და არა დისიდენტობა? ან როგორ უნდა ჩაუნერგო ჯარისკაცს პატივისცემა მეთაურის ბრძანების მიმართ მაშინ, როდესაც სამწყობრო დისციპლინის დამრღვევთა დასჯისთვის გენერალური შტაბის მეთაურსა და თავდაცვის მინისტრს აპატიმრებენ? ან რა არგუმენტებით უნდა დაარწმუნო პოლიციის თანამშრომელი იმაში, რომ დააკავოს, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად, ყაჩაღი, ნარკოტიკების გამსაღებელი ან პედოფილი, თუკი მათ პოლიტიკური ამნისტიით გაათავისუფლებენ? ამ ნაბიჯებს პირველი შედეგები მოჰყვა: გაზრდილი კრიმინალი, მათ შორის, მკვლელობები, ძარცვა და ყაჩაღობა; ქვეყანაში ნარკოტიკების შემოდინება, საბაჟოებზე ქრთამის გამოძალვის შემთხვევები და საჯარო სამსახურების ეფექტურობის მკვეთრი გაუარესება.

სამოქალაქო ინტეგრაციის და შერიგების პოლიტიკის გატარების შედეგად, საქართველო ჩამოყალიბდა სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის, აგრეთვე ეთნიკური და რელიგიური წარმოშობის მოქალაქეთა საერთო სამშობლოდ. გაფორმდა პოლიტიკური თანხმობის დეკლარაცია და სამშობლოს დაუბრუნდა პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტი. ამით წერტილი დაესვა 90-იანი წლების სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომს. რელიგიური შუღლის გამღვივებელთა დასჯამ მოახდინა რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პრევენცია. არჩევნებიდან 100 დღის თავზე ეს მიღწევები თავდაყირა დადგა. დაიწყო ახალი პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური სადემარკაციო ხაზების გავლება. მიმდინარეობს მთავარი ოპოზიციური ძალის – ნაციონალური მოძრაობის (და, შესაბამისად, მისი 800 ათასი ამომრჩევლის) დემონიზაცია და მარგინალიზაცია; დაფიქსირდა მუსლიმთა შევიწროების შემთხვევები; გაკეთდა და არ იქნა დაგმობილი არმენოფობიური და თურქოფობიური გამოხდომები.

თავისი არარეალური წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების მოტივით – ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების განახევრება, პენსიის ზრდა – მთავრობამ ზიანი მიაყენა ქვეყნის მიმზიდველობას ენერგეტიკული ინვესტიციებისთვის. შედეგად, გაიყინა ყველა ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტი. დაბრუნდა დენის რეგულარული გათიშვების რეალობა, ენერგომომარაგება ეზღუდებათ მთელ რაიონებს, შემცირდა განათებული ქუჩების რაოდენობა დიდ ქალაქებში. ამ ფონზე საგანგაშოა ენერგეტიკის მინისტრის განცხადება, თუ ენერგომომარაგებაში შეფერხებები შეგვექმნა, ელექტროენერგიას რუსეთისგან ვიყიდითო. კომუნისტური ბელადის ერთი ლოზუნგის პარაფრაზს თუ გავაკეთებთ, „არარეალური ტარიფი პლუს არაკომპეტენტური მართვა უდრის რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას“.

სამხრეთის დერეფნის სახელით ცნობილი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების სისტემა დასავლეთისკენ ცენტრალური აზიისა და კასპიის ენერგორესურსებისა და სატრანსპორტო ნაკადების მიმართვას ემსახურება. პროექტების ეს სისტემა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ჯაჭვით აკავშირებს ერთი მხრივ ევროკავშირთან, ხოლო მეორე მხრივ ცენტრალურ აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან და უფრო ფართო მომიჯნავე რეგიონთან. ამასწინანდელმა „კითხვის ნიშნებმა“ ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის პროექტის მიმართ შეარყია საქართველოს, როგორც პროგნოზირებადი პარტნიორის წლობით ნაშენები რეპუტაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ჩინეთი-ცენტრალური აზია-სამხრეთ კავკასია-თურქეთი-ევროკავშირის 65000-კილომეტრიანი მაგისტრალის შემაკავშირებელი მონაკვეთის ამოქმედებას, რომელიც რამდენიმე თვეში იგეგმება. ახალ მთავრობას პოლიტიკური მხარდაჭერა არ გამოუხატავს არც „ნაბუქოს“, არც ტრანსკასპიური ნავთობსადენის პროექტისა (თურქმენული გაზის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ევროპაში კასპიის ზღვის ფსკერზე გაყვანილი ახალი მილსადენით) და არც პროექტ „აგრის“ მიმართ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ბუნებრივი აირის გათხევადების ქარხნის მშენებლობას შემდგომში ევროკავშირში აირის ექსპორტირების მიზნით.

საგარეო პოლიტიკაში საქართველო კარგავს მიმზიდველობას, როგორც წარმატებული სახელმწიფოებრივი ტრანსფორმაციის მაგალითი. ის, რაც გაეროს (იუსტიციის სახლი და სახელმწიფო შესყიდვების სისტემა – მსოფლიოს საუკეთესო პროექტები სახელმწიფო მომსახურების სფეროში), მსოფლიო ბანკს (მსოფლიოს საუკეთესო ათეული ბიზნესის კეთების თვალსაზრისით), საერთაშორისო გამჭვირვალობას (ყველაზე სწრაფი პროგრესი კორუფციასთან ბრძოლაში), აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს (რელიგიური თავისუფლების განუხრელი დაცვა და ფუნდამენტური წარმატებები ტრაფიკინგთან ბრძოლაში) და მრავალ სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას მისაბაძ მაგალითად მიაჩნია, ახალი მთავრობის მიერ „ტყუილად“ და „თვალში ნაცრის შეყრად“ ცხადდება. გადაიდო რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება NATO-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროგრამიდან. სამაგიეროდ, პრიორიტეტულ მიმართულებად რუსეთი გადაიქცა, ყველა სხვა მიმართულების ხარჯზე. ამ ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზება სასურველია, ოღონდ რის ხარჯზე და რა გზით? პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით პრობლემატურია. იქმნება იმის საშიშროება, რომ ბევრი რამ დავთმოთ და სანაცვლოდ ვერაფერი ან

განუზომლად ცოტა მივიღოთ. საქართველომ რუსეთთან ისე წამოიწყო მოლაპარაკებები, რომ არ დაუცავს ამ ქვეყანასთან ურთიერთობის სამი ოქროს პირობა: მოითხოვე თამაშის წესები, შეარჩიე მიუკერძოებელი არბიტრი და უზრუნველყავი პროცესის გამჭვირვალობა. ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმებები – 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება, ჟენევის მოლაპარაკებები და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება – სწორედ ამ პირობების დაცვით განხორციელდა; ყველაზე წარუმატებლები კი – მათი დაცვის გარეშე. მაგალითებად გამოდგება 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმება, რომლითაც აფხაზეთიდან მძიმე შეიარაღება გამოვიყვანეთ, რასაც ერთ თვეში სოხუმის დაცემა მოჰყვა ან 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება, რომლითაც სეპარატისტები კონფლიქტის მხარედ ვცანით, ხოლო რუსეთი მედიატორად. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებში დაუდგენელია (ან საზოგადოებისთვის უცნობია) ბ-ნი აბაშიძის მანდატი და მოლაპარაკებების წესები; აგრეთვე არსებითად უცნობია პირველი შეხვედრის შინაარსი. ამას ემატება ის, რომ არ არსებობს მიუკერძოებელი რეფერი, რომელიც ხელს შეუწყობდა მოლაპარაკებებს, თვალყურს მიადევნებდა მოლაპარაკებების წესების დაცვას და ობიექტურ ინფორმაციას გაავრცელებდა პროცესის შესახებ. როგორც ვთქვით, ამ წესების უგულებელყოფა შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს. პირველ რიგში, რუსეთი შეეცდება საქართველოს საკითხი მოხსნას აშშ-სა და ევროკავშირთან თავისი პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგიდან საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის დაწყების საბაბით. მეორე უარყოფითი შედეგი შეიძლება იყოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხის ზრდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენი დიპლომატია სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობდა მსოფლიოს იმ რეგიონებს, სადაც რუსეთი აქტიურობს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მიზნით. შესაძლო მოტივაცია – „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“? მესამე, და შესაძლოა, მთავარ საფრთხეზე ქვემოთ მოგახსენებთ.

შესაძლებელია თუ არა ზემოჩამოთვლილი ტენდენციების შემობრუნება? დიახ, შესაძლებელია. ამისთვის შემდეგი რამ უნდა გაკეთდეს: 1. მთავრობა უნდა დაუბრუნდეს სწრაფი ლიბერალური ეკონომიკური განვითარების მოდელს, რომელშიც ადგილი სოციალური პროგრამებისთვისაც მოიძებნება ისე, რომ არ დაზარალდეს საინვესტიციო და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. მთავრობამ გამოიჩინოს სითამამე და აღიაროს, რომ ტარიფების შემცირება ჩვენს მომავალს მხოლოდ ზიანს მოუტანს. ამის ნაცვლად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შემუშავდეს ფულადი კომპენსაციის პროგრამები; 2. შეწყდეს იერიშები სახელმწიფო ინსტიტუტებზე; გამოცხადდეს მორატორიუმი საჯარო მოხელეების მასობრივ დათხოვნებზე; ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ინსტიტუტს მიეცეს ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობა, კანონით განსაზღვრული მოცულობითა და ვადებში; 3. მოხდეს სამოქალაქო ინტეგრაციისა და პოლიტიკური პლურალიზმის ღირებულებების დეკლარირება მთავრობისა და პარლამენტის დონეზე; გატარდეს კანონით დადგენილი ზომები რელიგიური შუღლის გამღვივებელთა მიმართ; 4. მოწვეულ იქნას ენერგოინვესტორთა ფორუმი, რომელზეც გამოცხადდება, რომ სახელმწიფო მტკიცედ დაიცავს მათ ინტერესებს; იდენტური სიგნალები გაიგზავნოს დიპლომატიური არხებით; 5. შეწყდეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული მიღწევების კრიტიკა, როგორც ქვეყნის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება; დადგინდეს და გამოქვეყნდეს პრემიერმინისტრის სპეცწარმომადგენლის მანდატი – ქართული საქონლისა და მომსახურების დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, ვმო-ს წესების შესაბამისად; გამოქვეყნდეს პირველი შეხვედრის ძირითადი შინაარსი; შვეიცარიას, როგორც ოფიციალურ შუამავალს, ეთხოვოს მედიატორობა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებში; აღდგეს საქართველოს წინმსწრები დიპლომატიური აქტივობები „აღიარებასაშიშ“ რეგიონებში; 6. საქართველომ თავის მთავარ ენერგეტიკულ და სატრანზიტო პარტნიორებს დაუდასტუროს მემკვიდრეობითობის პოლიტიკა.

ახლა კი მთავარ საფრთხეზე. სულ ახლახან, რუსეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის კომენტირებისას, ეფექტურ მოდელად ბ-ნმა პუტინმა რუსეთის იმპერიის გუბერნიებად დაყოფა მოიხსენია, გუბერნიის მაგალითად კი „ტფილისის გუბერნია“ დაასახელა. „არავითარი საქართველო მაშინ არ არსებობდა“, – დასძინა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა. დიდი გულთმისნობა არ სჭირდება იმის ამოცნობას, რომ წარსულზე საუბრისას ბ-ნი პუტინი მომავალზე ფიქრობდა. „ტფილისის გუბერნია“ ქართული ნოსტალგია კი არა, მისი ქართული ოცნებაა.

ახდება თუ არა ბ-ნი პუტინის ოცნება, საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, ცუდსა და უარესს შორის სურს არჩევანის გაკეთება და უკან დაბრუნება – 1993-სა თუ 1921-ში – თუ წინ ვივლით, ტკივილით, შეცდომებით, მაგრამ მაინც წინ – ცივილიზებული დასავლეთისკენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები