მედიასივრცე

ფრთხილად, ფეთქებადია!

0 კომენტარი

თანამედროვე მედიასივრცეში ტელეკომუნიკაციის წარმართვის უნარი პოლიტიკოსებისთვის როგორც წარმატების, ასევე ფიასკოს საწინდარი შეიძლება იყოს.

2011 წლის აპრილში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა ძიება, რომლის მიხედვით ქართველთა 83% პოლიტიკურ სიახლეებს ტელევიზიის მეშვეობით იგებს, ინტერნეტიდან 5%, ხოლო ჟურნალ-გაზეთებიდან - გამოკითხულთა მხოლოდ 2%. მოსახლეობის დანარჩენი 10%, კვლევის მონაცემებით, სიახლეებს ნათესავებისა თუ ნაცნობ-მეგობრების შუამავლობით ეცნობა.

ეს მონაცემები პრინციპში არ შეიძლება განვიხილოთ წმინდად ქართულ ფენომენად, ვინაიდან მეტ-ნაკლებად ასახავენ გლობალურ ტენდენციებს. არსებობს უამრავი სოციოლოგიური კვლევა თუ სამეცნიერო ნაშრომი, რომლის მიხედვით XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, სატელევიზიო სპეციფიკამ საფუძვლიანად შეცვალა პოლიტიკური კომუნიკაციების არა მხოლოდ ფორმა, არამედ შინაარსიც. ტელევიზიამ ამ სფეროში სისწრაფის, მყისიერების ელემენტი შემოიტანა და ამიტომ, პოლიტიკური გზავნილის ფორმულირებისას მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ პოლიტიკოსის ერუდიცია და პროფესიონალიზმი, არამედ მაყურებლისთვის გზავნილის დამაჯერებლად მიწოდების უნარიც. ამავე დროს, თუკი ბეჭდვითი პრესის დომინირების ეპოქაში ამომრჩევლის მიერ პოლიტიკური გზავნილის გააზრება ინტელექტუალურ-რაციონალურ საწყისს ექვემდებარებოდა, ტელევიზიის სანახაობითი არსიდან გამომდინარე, წინა პლანზე წამოიწია გზავნილის აღქმის ემოციურ-ვიზუალურმა ელემენტმა და, შესაბამისად, პოლიტიკა სულ უფრო მეტად იქცა არა საარჩევნო პროგრამებისა და იდეების, არამედ თავად პოლიტიკური პერსონაჟების ჭიდილის ასპარეზად.

ქართულ მედიასივრცეში პოლიტიკური გზავნილების ქმედითობაც, ცხადია, ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან მოყოლებული, წამყვანი პოლიტიკოსების საჯარო გამოსვლების ანალიზისას უმალ თვალშისაცემია ზერელე, პომპეზური და ხშირად პათეტიკური განცხადებების სიმრავლე. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ბუკვალურად აღიქვეს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის აშკარა ირონიით გაზავებული ნათქვამი - „ტელევიზიაში მნიშვნელობა არა აქვს თუ რას ამბობენ, მთავარია როგორ გამოიყურებიან“, და არც კი უკვირდებიან ხოლმე, რამდენად წაადგება მათ პოლიტიკურ იმიჯს ესა თუ ის ნაჩქარევად წამოსროლილი წინადადება.

ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებულმა მასშტაბურმა რეფორმებმა ბუნებრივად გააჩინა არსებული აღმშენებლობითი საქმიანობის პოლიტიკურ რიტორიკაში ასახვის სურვილიც. საჭირო იყო მატერიალური და ყოფითი პრობლემებით გათანგული მოსახლეობისთვის პოზიტიური გზავნილების მიწოდება, ხალხში ოპტიმიზმის, იმედის ჩასახვა. შესაბამისად, პრეზიდენტის მხრივ გამუდმებით ისმოდა განცხადებები, რომლებიც თავისი არსით მიმართული იყვნენ ქართველი ხალხის კომპლექსებისგან განთავისუფლებისკენ, უკეთესი მომავლის რწმენისკენ. მსგავსი რიტორიკა ხშირად გულისხმობდა ჩვენი ქალაქების შედარებას ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო კურორტებსა და ქალაქებთან, გვარწმუნებდა, რომ სულ მალე არათუ ვინმეზე ნაკლები, არამედ უკეთესებიც ვიქნებით („ბათუმი თანამედროვე ბარსელონა გახდება, ფოთი - თანამედროვე დუბაი“; „ქუთაისი იქნება ხარისხიანი ცხოვრების ცენტრი არა მარტო დასავლეთ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის“; „ყველა გზა ახალციხესთან იკვეთება, მისი კონკურენტი ევროპის მასშტაბით სულ რამდენიმე თუ იქნება“; ქართველი მშენებლები „გააკეთებენ ყველაზე მაგარ კურორტს მთელ შავიზღვისპირეთში, ეს იქნება ახალი შარმ-ელ-შეიხი“ (ანაკლია); „ამხელა დასასვენებელი ცენტრი მე არ ვიცი ევროპაში რომელიმე ქალაქს ჰქონდეს, ჰა, ჰა, ლონდონს“ (აღმაშენებლის გამზირი); „სად არის ევროპაში ასეთი განათებული სათხილამურო ტრასები? მაქსიმუმ ორასი მეტრი გაგინათონ, ჰა, ჰა, ხუთასი (მესტია) და ასე შემდეგ). თუმცა, მსგავსი ოპტიმისტური განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ კვლავაც არსებულ რთულ სოციალურ ფონთან და არცაა გასაკვირი, კარგავდნენ ეფექტურობას, წაგებიან რიტორიკად იქცეოდნენ ხოლმე.

მეორე მხრივ, ვარდების რევოლუციის შემდგომი საქართველოს ახალ, პოზიტიურ სულისკვეთებას უნდა დახმარებოდა ახალგაზრდა, დინამიკური და ენერგიით აღსავსე პრეზიდენტის იმიჯიც. ამ თვალსაზრისით, ფასდაუდებელია მრავალმხრივი სპორტული აქტიურობა. შესაბამისად, ქართველი ტელემაყურებელი მთელი ამ წლების განმავლობაში იხილავდა ხოლმე მიხეილ სააკაშვილს ხან ჩოგბურთის კორტზე, ხან ყინულის საციგურაო მოედანზე, ხან სათხილამურო ტრასაზე და ხანაც ველოსიპედზე ამხედრებულს. ამ ყოველივემ, სხვა მრავალრიცხოვან პი-არ აქციასთან და ზედმეტ მედიატიზებასთან ერთად გამოიწვია ფენომენი, რომელსაც ანგლოსაქსები უწოდებენ „overexposure” - ამომრჩევლის გადაღლას პოლიტიკოსის ყოვლისმომცველი, დომინანტი იმიჯისგან. ოქტომბრის მარცხის ერთ-ერთ მიზეზად შესაძლოა ეს გარემოებაც დასახელდეს.

თუკი სააკაშვილის რიტორიკაში ჭარბობდა არსებული მიღწევებით გამოწვეული თავმომწონე ინტონაციები, ამჟამინდელი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლებიც სისტემატურად საკუთარი პერსონის განდიდების შემცველი ფრაზეოლოგიით ხასიათდება. ბ-ნი ივანიშვილის ერთ-ერთი უპირველესი ტელეინტერვიუ (ეკა ბერიძის „პირდაპირი საუბარი“ 2011 წლის ნოემბერში) იმდენად იყო გაჯერებული საკუთარი განსაკუთრებულობის შეგრძნებით, რომ ვეჭვობ, უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყანაში, ვიდრე საქართველოა, ივანიშვილის პოლიტიკურ ამბიციებს იქვე ბოლო მოეღებოდა. ფაქტობრივად, მომავალი პრემიერის გამოსვლაში იყო ყველაფერი, რასაც საღად მოაზროვნე ამომრჩეველი უნდა დაეფრთხო: მორალიზება („მე პოლიტიკაში ვიქნები ისეთივე სუფთა, როგორც ვიყავი ფინანსებსა და ბიზნესში...“), ინტელექტუალიზმი („მარტო ინტელექტი ფსიქიკის გარეშე შესაძლებელია. თუ სრულყოფაშია ფსიქიკა და ინტელექტი, საზოგადოება ღებულობს მისთვის სასარგებლო პროდუქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰიტლერის მსგავსს“), პათეტიკურობა („სასწორზე იდო ჩემი მსოფლხედველობა ან ჩემი სამშობლო და, რა თქმა უნდა, სწორი არჩევანი გავაკეთე“), ფილოსოფოსობის მცდელობა („რა არის ჩვენი ყოფა, ვინ არის ადამიანი, რა უნდა, რა მიზნები ამოძრავებს მას? მე მოვახერხე ძალიან მარტივი ენით გამეცა კითხვებზე პასუხი“), მესიანიზმი („მე ჩემი კვლევებით მინდოდა ჩავწერილიყავი მკვლევარების სიაში და იმათთან ერთად დამერწმუნებინა განვითარებული სახელმწიფოების მთავრობები, რომ პრინციპულად უნდა შეიცვალოს ბავშვის აღზრდის მეთოდიკა“), განდიდების მანია („...ამ მტკიცებულებებისთვის მე მჭირდებოდა ადამიანები, ვიზეც ძირითადად უნდა ხერხდებოდეს დაკვირვებები“).

ქართველი პოლიტიკოსებისთვის თითქმის განუკურნებელი სენია არგუმენტაციას მოკლებული, ზერელე განცხადებების კეთება. ასე მაგალითად, დეკემბრის თვეში „კავკასიაზე“ დავით აქუბარდიას გადაცემის სტუმრობისას, პრემიერმინისტრმა განაცხადა პრეზიდენტი სააკაშვილის მისამართით: „სულ მშენებლობებით ყელყელაობდა ეს კაცი. ორ-ნახევარი სახლი ააშენა“. არადა, 2004 წლიდან მოყოლებული, „ორ-ნახევარი სახლი“ გამოიხატა 3 ათას კილომეტრამდე საავტომობილო გზის გაყვანაში, ათობით ხიდისა თუ გვირაბის, საავადმყოფოსა თუ საჯარო დაწესებულების მშენებლობაში, საქართველოს თორმეტამდე ქალაქის ისტორიული ცენტრის განახლებაში. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, „მშენებლობებით ყელყელაობისთვის“ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას ალბათ ესეც ეყოფოდა.

ცალკე თემაა პოლიტიკური მეტოქეების მისამართით აგრესიული, ხშირად დამამცირებელი რიტორიკა, რომელიც ჩვენში პოლიტიკური კულტურის დაბალ ხარისხზე მიანიშნებს. „ჩარეცხილები“ და „ჩმორები“, რაგინდ რეტროგრადი ხალხის მისამართით ყოფილიყო ნათქვამი, ამომრჩეველში ხელისუფლების მხრიდან უპატივცემულობის შეგრძნებას აღძრავს. პოლიტიკურ წრეებში მსგავსი რიტორიკა (და არამხოლოდ: გავიხსენოთ ივანიშვილის მიერ პრეზიდენტის პორტრეტის ფეხქვეშ გათელვის ეპიზოდი) ერთგვარ ტრადიციადაც ჩამოყალიბდა. არადა, ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ოპონენტის მისამართით კომპლიმენტის თქმა არა მხოლოდ ამა თუ იმ მოღვაწის დიდსულოვნების გამომხატველია, არამედ საკუთარი ქვეყნისადმი პატივისცემის და, შესაბამისად, პატრიოტიზმის ნიშანიცაა. როდესაც 2008 წლის 4 ნოემბრის საღამოს აშშ-ის პრეზიდენტობის კამპანიაში დამარცხებულმა ჯონ მაკკეინმა თავის მომხრეებს მიმართა, მან ახლადჩამთავრებულ არჩევნებს „ისტორიული“ უწოდა, რადგან პირველად ამერიკის არსებობის მანძილზე, პრეზიდენტად შავკანიანი კანდიდატი აირჩიეს. „სენატორმა ობამამ დიდ წარმატებას მიაღწია თავისთვის და თავისი ქვეყნისთვის“, განაცხადა მაკკეინმა. „...მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი რამ განგვასხვავებს და ეს განსხვავებები უდავოდ მომავალშიც იარსებებს, მე მას ვპირდები, გავაკეთო ყველაფერი და დავეხმარო იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა“. სიამოვნებდათ მაკკეინის მომხრე რესპუბლიკელებს ობამას მისამართით კომპლიმენტების მოსმენა? ცხადია, რომ არა, მაგრამ აბა წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა მათი გაოგნება, მაკკეინს რომ ობამას პორტრეტი გამოეტანა და ფეხქვეშ გაეთელა?

ამა თუ იმ ერის პოლიტიკურ კულტურას, პირველ რიგში, სწორედ რომ მოწინავე პოლიტიკოსების საკომუნიკაციო უნარი - მათი რიტორიკა, გზავნილების ტონალობა განაპირობებს. დღევანდელ, ზემედიატიზებულ ეპოქაში მოუფიქრებელი, ზერელე, ეპატაჟის ეფექტზე გათვლილი განცხადებები ფეთქებადი ნივთიერების მსგავსია და სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება იყოს, პირველ რიგში, თავად ამ გზავნილების ავტორთათვის.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები