ხადურმა და მერაბიშვილმა ბიუჯეტზე სხვადასხვა ტელეარხზე ისაუბრეს

დაგეგმილი დებატების ნაცვლად, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით, სხვადასხვა სატელევიზიო არხზე ისაუბრეს.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თოქ-შოუ „აქცენტებში“, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება საბიუჯეტო კრიზისთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის მოსაზრებებს. მისივე თქმით, ეკონომიკური ბრუნვის შემცირება მონოპოლიების დაშლის და, შესაბამისად, ფასების შემცირების გამო მოხდა, რისი მაგალითიც ბენზინის ფასის შემცირებაა.

„ფინანსური კრიზისის მაგალითი არ არსებობს, იმიტომ, რომ დღეისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე ხაზინაში არის 800 მილიონი ლარი. როდესაც მე სამინისტრო ჩავიბარე, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე იყო 200 მილიონი ლარი.

მონოპოლისტებს, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა „კრიშავდა“, მართლაც შეექმნათ პრობლემები - არა იმიტომ, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას ახორციელებს, არამედ იმიტომ, ბაზრები გაიხსნა. შემცირდა ფასები. მაგალითად, დღეს, თბილისში სრულიად შესაძლებელია 1.9 ლარად ბენზინის ყიდვა აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ. არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე. ბრენდირებულ სადგურებზე (ვისოლი, ლუკოილი, გალფი და ა.შ.) ბენზინი ღირს 2.03 ლარი, მაშინ, როდესაც ღირდა მინიმუმ 2.25 ლარი. ბენზინის გაიაფების პროცესი დაწყებულია. შემცირება არის მონოპოლიების ხარჯზე, ვინაიდან მათ აღარ ჰყავთ ის „კრიშა“ და ბაზარი არის გახსნილი“, - განაცხადა ხადურმა.

მისივე მტკიცებით, გაზრდილია საშუალო და მცირე ბიზნესის ბრუნვა, რასაც ამორტყმული ჩეკების გაზრდილი რაოდენობა და საერთო ბრუნვის მოცულობის ზრდა მოწმობს.

თავის მხრივ, ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, თოქ-შოუ „პოზიციაში“ განაცხადა, რომ უკანასკნელი სამი თვის მონაცემები განგაშის საფუძველს იძლევა:

„დღეს პასუხი გასცეს არა 2012 წლის ბოლო სამ თვეზე, არამედ იანვარზე. სამწუხაროდ, იანვარშიც ისეთივე არასახარბიელო მდგომარეობაა ეკონომიკაში, როგორც იყო ბოლო სამი თვის განმავლობაში.

სამწუხაროდ, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ბოლო სამ თვეში, მკვეთრად გაუარესდა ყველა მაჩვენებელი: ეკონომიკურ ზრდასთან, ეკონომიკურ აქტიურობასთან, ექსპორტ-იმპორთან, დღგ-ის ბრუნვასთან, დეპოზიტებსა და კრედიტებთან დაკავშირებით. შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, რომ ბოლო სამი თვე გვაძლევს განგაშის საფუძველს. ამიტომ ვთვლი, რომ მთავრობის ვალია, საგანგებო ზომები მიიღოს, რომ ის, რაც დაწყებულია ბოლო სამი თვის განმავლობაში, არ გაღრმავდეს“, - ამბობს მერაბიშვილი.

მისივე თქმით, მსგავსი მონაცემების შემთხვევაში, მისი მთავრობა საგანგებო რეჟიმზე გადავიდოდა:

„2010 წელს, დეკემბერში ჩვენ გვქონდა 6.1% ეკონომიკური ზრდა. 2011 წელს - 8.5%, დეკემბერში ჩვენ გვქონდა -0,5%. ანუ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში პირველად არის ეკონომიკური ზრდის ნეგატიური მაჩვენებელი“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილმა ბოლო თვეების ფინანსური მაჩვენებლები facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც გამოაქვეყნა.

 

 

 

კომენტარები