აშშ-ის საელჩო

ნორლანდი: ოპოზიცია პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას

"მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას და მისი მხრიდან მთავრობის კრიტიკა არ გახდეს თვითმიზანი", - ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა. 
"მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთავრობას ჰქონდეს საშუალება, მართოს ქვეყანა, რადგან საზოგადოება ელოდება შედეგს, ვითარების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას და მისი მხრიდან მთავრობის კრიტიკა არ გახდეს თვითმიზანი. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობასა და ოპოზიციას ჰქონდეს თანაცხოვრების საშუალება და კოაბიტაცია ეფექტურად გაგრძელდეს. ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით ვადევნებთ თვალს", -აღნიშნა ნორლანდმა.

გასული 100 დღის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის შეფასებას ამერიკელი დიპლომატი მოგვიანებით, მას შემდეგ აპირებს, რაც ორი კვირის განმავლობაში გარკვეულ შეფასებებს მოისმენს. 

"ამასთან დაკავშირებით ორი კვირის განმავლობაში ჩვენ მოვისმენთ არაერთ შეფასებას. გაცილებით საინტერესოა, როგორ შეფასებას გააკეთებს ქართველი ხალხი. სწორედ ამის შემდეგ მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებას. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ 100 დღე მეტისმეტად მცირე დროა ნებისმიერი მთავრობისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ რა დასკვნაც არ უნდა გავაკეთოთ ამ 100 დღესთან დაკავშირებით, ეს მაინც იქნება წინასწარი შეფასება და დასკვნა", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები