საპარლამენტო უმცირესობა, უმრავლესობის მოწოდებას პასუხობს. უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ, უმცირესობა ორ პირობას აყენებს.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, უმცირესობა იმ შემთხვევაში დაეთანხმება, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტში აისახება მათი ინიციატივა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობას (ევროატლანტკური ინტეგრაციის მიმართულებით) შესახებ.
გარდა ამისა, უმცირესობა მოითხოვს კონსტიტუციის იმ მუხლის ამოქმედებას, რომელიც ეხება საკონსტიტუციო ქვორუმის 3/4-მდე გაზრდას. აღნიშნული პუნქტი 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, თუმცა უმცირესობა მოითხოვს, რომ ''ოპოზიციაზე ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით'', ეს ნორმა დაუყოვნებლივ ამოქმედდეს.
უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილება ეზღუდება.
შეგახსენებთ, დღეს ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციების თავჯდომარეებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დებატებში იწვევენ.