მთავარი პროკურორი

კბილაშვილი: 1-ლი ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, პროკურატურაში სულ 17 457 განცხადება შევიდა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 1-ლი ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, მთავარ პროკურატურაში სულ 17 457 განცხადებაა შესული.

მთავარი პროკურორი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს შეეხო. მაგალითად, კბილაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მისი ინფორმაციით, კეზერაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს.

"რა თქმა უნდა, მასზე ძებნა იქნება გამოცხადებული. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე და, ბუნებრივია, ის განახორციელებს ყველა ქმედებას, რაც კეზერაშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად არის საჭირო", - აღნიშნა კბილაშვილმა.
მთავარმა პროკურორმა კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილე თინა ბურჯალიანთან დაკავშირებითაც. 
"ქალბატონ ბურჯალიანთან დაკავშირებით ჩვენთან ძებნა არ მიმდინარეობს და თუ საქართველო დატოვა, ამის მიზეზი საგამოძიებო უწყებაში მის წინააღმდეგ დაწყებული ძიება ნამდვილად არ არის. მე როგორც ვიცი, დევნა დაწყებულია მისი მეუღლის მიმართ, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ეს უკვე სხვა საქმეა", - განაცხადა კბილაშვილმა. 
არჩილ კბილაშვილმა პატიმართა წამების ახალი ეპიზოდების შესახებ გამოძიების დაწყებაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე დაკითხულია 2000-მდე პატიმარი, რომლებიც ჰყვებიან, თუ რა ფორმით ხდებოდა მათი წამება. 
"ერთ-ერთი პატიმარი ჰყვებოდა, როგორ აბანავეს მორგში გარდაცვლილი ადამიანის სისხლში", - განაცხადა კბილაშვილმა.
თუმცა, როგორც კბილაშვილმა განმარტა, ჯერჯერობით არცერთ საქმესთან მიმართებაში სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის.
"შესაბამისად, ყოფილი მინისტრის მიმართ დევნა დაწყებული არაა. არ გამოვრიცხავ მის მიერ რაიმე დანაშაულში მონაწილეობის ფაქტების არსებობას, მაგრამ ჯერჯერობით ჩემთვის ეს ცნობილი არაა", - განაცხადა კბილაშვილმა.
მთავარმა პროკურორმა იმ საქმეებზე ისაუბრა, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება, მათ შორისაა ბუტა რობაქიძის საქმე, რომელიც, კბილაშვილის თქმით, დასრულების სტადიაზეა. 
კბილაშვილმა კიდევ სამი საქმის დასრულება დააანონსა.  
"ეს საქმეებია ემზარ ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, სადაც პოლიციელის მოსყიდვის მცდელობას აქვს ადგილი. მეორეა საქმე, რომელშიც ალეკო ტაბატაძის გვარი ფიგურირებს, ესეც სააშკარაოზე მალე იქნება გამოტანილი და ასევე მალე გახსნილად გამოვაცხადებთ თენგიზ გუნავას საქმეს, გამოძიება ამ კუთხითაც დასრულების სტადიაზეა. საუბარია გუნავას პრეტენზიაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. სამართლებრივი შეფასებები ახლა მიმდინარეობს, ამიტომაც თავს შევიკავებ იმაზე საუბრისგან, გამართლდა თუ არა ვინმეს ბრალეულობის საკითხი", - აღნიშნა კბილაშვილმა.

კომენტარები