შსს

ღარიბაშვილი: მერი და მისი თანმხლები პირები მოქმედებდნენ, როგორც პროფესიონალ პროვოკატორთა ჯგუფი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 8 თებერვალს, ეროვნული ბიბლიოთეკის წინა განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. 
მინისტრის თქმით, მან მთელი დღის განმავლობაში მოისმინა არაერთი განცხადება, როგორც მთავრობის მომხრეების, ისე მისი მოწინააღმდგეების მხრიდან. სწორედ ამის გამო, მან საჭიროდ ჩათვალა, დეტალურად განემარტა "თუ რასთან გვქონდა საქმე და როგორ განვითარდა მოვლენები".
"მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, სიტყვით გამოსულიყო ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, შს სამინისტროს უკლებლივ ყველა დანაყოფი, რომელიც ასეთ დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებშია ჩართული, კერძოდ - საპატრულო პოლიცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, დედაქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველო - დაუყოვნებლივ იქნენ მობილიზებულები, რათა უზრუნველგვეყო როგორც პრეზიდენტის, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოება", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 
მინისტრის თქმით, ყველასთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ბიბლიოთეკის წინ შეკრებას აპირებდნენ ცოტა ხნის წინ ამნისტიით გათავისუფლებული პოლიტპატიმრები და მათი ოჯახის წევრები, ასევე 26 მაისის და 7 ნოემბრის დროს დაზარალებული მოქალაქეები. ამ ფონზე, ღარიბაშვილის თქმით, პოლიციამ მაქსიმალურად შემჭიდროებულ დროში შეძლო ორი ალტერნატიული შესასვლელის უზრუნველყოფა.  
"გაკეთდა შესაბამისი კორიდორი, რათა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში უსაფრთხოდ შესულიყო პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი შეთავაზების მიუხედავად, პრეზიდენტს ესარგებლა ალტერნატიული შესასვლელით, პასუხად მივიღეთ საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მხოლოდ ცენტრალური შესასვლელით ისარგებლებდა", - აცხადებს ღარიბაშვილი. 
მინისტრის თქმით, ამის თაობაზე იგი უშიშროების საბჭოს მდივანს ბატონ გიგა ბოკერიას ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ამ ფაქტს დაადასტურებს და არ დაამახინჯებს მოვლენების თანმიმდევრობას. 
"ძალიან კარგად ჩანს ვიდეოკადრებში და ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ამას მოსახლეობას, ჩვენ ამის საშუალება გვაქვს, თუ როგორ მივიდა შენობასთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა, რამაც ხალხის პირველი მღელვარება გამოიწვია. პოლიციელების რჩევის მიუხედავად, რომ ის შესულიყო შენობაში დაუყოვნებლივ, ის მაინც გარეთ აქციის მონაწილეებთან დარჩა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა დემონსტრანტები. ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა თბილისის მერი, ბატონი გიგი უგულავა, ნაციონალური მოძრაობისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან ერთად. კადრებში კარგად ჩანს, რომ დედაქალაქის მერი და მისი თანმხლები პირები, მათ შორის სხვათა შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული მოხელეებიც იყვნენ, სამწუხაროდ, მოქმედებდნენ, როგორც პროფესიონალ პროვოკატორთა ჯგუფი. რომლებიც აგრესიული ყიჟინის თანხლებით, მიზანმიმართულად ფიზიკურ კონტაქტზე წავიდნენ იქ შეკრებილ დემონსტრანტებთან, რამაც, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოიწვია ისედაც დაძაბული ხალხის უკიდურესი აღელვება და დაიწყო შეხლა-შემოხლა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.  
მინისტრის თქმით, სიტუაციის ხელოვნურად გართულების შემდეგ, იგი პირადად მივიდა ბიბლიოთეკის შენობასთან და დემონსტრანტებს დაუყოვნებლივ დაშლისაკენ მოუწოდა, რის შედეგადაც სიტუაცია განიმუხტა. მინისტრის შეფასებით, საგანგაშოა, როდესაც აღნიშნული კონფლიქტის გამოწვევასა და პროვოცირებას ადგილი ჰქონდა გიგი უგულავასა და ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრომ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.
"პირობას ვიძლევით, რომ კანონის წინაშე პასუხს აგებენ, როგორც პროვოკაციის ინიციატორები, ასევე ის ხალხი, ვინც ჩაიდინა ძალადობა. კატეგორიულად ვაცხადებ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩვენ არ დავუშვებთ და საფუძველშივე აღვკვეთავთ დესტაბილიზაციის ყოველგვარ მცდელობას. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევის საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები