იუსტიციის სამინისტრო

წულუკიანი: თავი შეიკავეთ თანამშრომლების პიროვნული განქიქებისა და დაცინვისგან

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა მუხრან ბურჭულაძემ, facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა 17 თებერვლით დათარიღებული წერილი, რომელიც მას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისწერა. 

წულუკიანი ბურჭულაძეს წერს, თავი შეიკავოს და კორექტულობა გამოიჩინოს ”საჯარო რეესტრის შესახებ საჯაროდ გამოქვეყნებული განცხადებების კეთებისას”, ხოლო პრეტენზიის შემთხვევაში შეეცადოს საჯარო რეესტრის ხელმძღვანელებთან გამოარკვიოს ის საკითხები, რომლებიც შესაძლოა აწუხებდეს.

”აგრეთვე სასურველი იქნებოდა, თავი შეიკავოთ თქვენივე ორგანიზაციაში მომუშავე პირების პიროვნული განქიქებისა და დაცინვისგან. აქვე შეგახსენებთ, რომ თქვენს პროფესიულ მოვალეობებს შორის ერთ-ერთი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვაა. რაც არა ერთი რომელიმე პოლიტიკური მიმდინარეობის, არამედ ხალხის მსახურებას გულისხმობს, ვწუხვარ, რომ ამის თქვენთვის შეხსენება გახდა საჭირო”, - ნათქვამია წერილში.

”ტაბულამ” წერილის კომენტირება საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს, ირაკლი კოტეტიშვილს სთხოვა. კოტეტიშვილი განმარტავს, რომ ”საჯარო სამსახურის შესახებ კანონი არ კრძალავს საჯარო მოხელის მიერ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას, მით უმეტეს პოლიტიკური განცხადების გაკეთებას. ერთადერთი შეზღუდვა არის ის, რომ მუხლი 61. პარტიული საქმიანობის შეზღუდვა - სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის”, - აცხადებს კოტეტიშვილი.

”მე არ ვიცი რა განცხადება გააკეთა ბატონმა მუხრანმა. სავარაუდოდ, ეს იყო საჯარო რეესტრის კრიტიკა. ობიექტურობისთვის ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი მუხრანი არ დასჯილა მისი განცხადების გაკეთების გამო, არამედ მხოლოდ წერილი მიიღო იუსტიციის მინისტრისგან. სამართლებრივი ფორმით, ეს წერილი არ წარმოადგენს დასჯას (საყვედურის გამოცხადებას). თუ ბატონი მუხრანი რაიმე ფორმით დაისჯება (დისციპლინურად, ხელფასის დაკავებით თუ სხვა) ან მას გაათავისუფლებენ სამსახურიდან მის მიერ საჯაროდ გამოხატული აზრის გამო (მიუხედავად იმისა თუ რა დოზის კრიტიკას შეიცავს), მაშინ ეს იქნება კანონის დარღვევა. შეიძლება ვისაუბროთ ასევე იუსტიციის მინისტრის გამოხატვის თავისუფლებაზეც, გააკრიტიკოს სხვა ადამიანი”, - განმარტავს კოტეტიშვილი.

კითხვაზე, ბლანკზე დაწერილი მოწოდება, რომლითაც მინისტრი მოხელისგან მოითხოვს იმას, რასაც მისგან კანონი არ მოითხოვს, შეიძლება თუ არა აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა, კოტეტიშვილი პასუხობს:

”ბლანკის გამოყენებას რაც შეეხება, მართლაც გასაკვირია რატომ იქნა გამოყენებული კომუნიკაციის ამგვარი ფორმა. ჩემთვის უფრო საგულისხმო ის ფაქტია, რომ ბატონ მუხრანს მოუწოდებენ, მომავალში თავი შეიკავონ მსგავსი კრიტიკული შინაარსის განცხადების გაკეთებისაგან (კიდევ ერთხელ - არ ვიცი ბატონი მუხრანის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი და ეს არც არის რელევანტური ასეთ დროს). ერთი მხრივ, ბატონ მუხრანს აქვს უფლება, მის მიერ არჩეული ფორმით გააკრიტიკოს მისი უწეყბა, ხოლო მეორე მხრივ, არავის აქვს უფლება, ბატონი მუხრანის მიმართ გამოიყენოს ზემოქმედების რაიმე ფორმა მის მიერ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებების გამო”, - აცხადებს კოტეტიშვილი.

”ტაბულა” იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა და ელოდება აღნიშნული წერილის ავთენტურობის დადასტურებას.

კომენტარები