საქალაქო სასამართლო

ახალაიას, კალანდაძისა და შამათავას პროცესი 28 თებერვლისთვის გადაიდო

ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის, ზურაბ შამათავას, ასევე მათთან ერთად ბრალდებული ხუთი პირის წინასასამართლო პროცესი 28 თებერვლისთვის გადაიდო.  დღეს, 20 თებერვალს, ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით დასაკითხად 200-ზე მეტი დაზარალებულისა და მოწმის ჩვენება  წარმოადგინა. 

ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, დავით დეკანოიძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ წინასასამართლო პროცესის ვიდეო და აუდიო ჩაწერა განხორციელდეს. ამის მოტივად დავით დეკანოიძემ საზოგადოების მაღალი ინტერესი დაასახელა, თუმცა ბრალდების მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა, მოსამართლის გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა შუამდგომლობის ნაწილი და პროცესის აუდიოჩაწერა დაშვებული იყო.

ახალაიას ადვოკატის თქმით,  გაგა მკურნალიძე არის ერთადერთი მოწმე, რომელიც ადასტურებდა ზვიად აბესაძისთვის ბაჩო ახალაიას დავალებით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტს. პროკურატურის განცხადებით, მკურნალიძე ბრალს აღიარებდა,ხოლო დღეს კი სასამართლოზე მან განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს და მას ციხეში ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს ზეწოლის ქვეშ.

დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ამ საქმეში ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ზურა არსოშვილია. რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ზურაბ არსოშვილმა, ჯერჯერობით უცნობია.
პროცესი 28 თებერვალს განახლდება. სასამართლო პროცესზე დაცვა წარადგენს საკუთარ მტკიცებულებებს.

შეგახსენებთ, რომ  გიგი კალანდაძეს, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალად ედება წამების ორგანიზება. 

კომენტარები