ოკუპირებული ტერიტორიები

რა მოხდა გაგრის სტადიონზე?

ამასწინათ საქართველოს სახელწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, აფხაზეთის ომის ერთ-ერთი გახმაურებული მძიმე ეპიზოდი - 1992 წლის ოქტომბერში გაგრის სტადიონზე ქართველების მასობრივი მკვლელობა, ეჭვქვეშ დააყენა.

„დღემდე ვერ ვნახე ადამიანი, რომელსაც ნანახი აქვს, თუ როგორ თამაშობდნენ ადამიანის თავებით ფეხბურთს გაგრის სტადიონზე. ვეძებდი თვითმხილველს, მაგრამ ვერ ვიპოვე“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა 19 თებერვალს, სააგენტო ჯი-ეიჩ-ენთან საუბრისას. მან გაგრის სტადიონზე ეთნიკური ქართველების მასობრივი განადგურების ფაქტს „ომის ლეგენდა“ უწოდა.

ზაქარეიშვილის ამ განცხადებთ უკმაყოფილება საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა. 26 თებერვალს ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ახალი მთავრობა „თურმე აპირებს, რომ გამოიძოს ცხინვალში ე.წ. ოსური გენოციდი და გამოიძიოს, აგრეთვე, აფხაზი ბანდიტის ბუთბას სიცოცხლის გამოსალმება. იგივე ზაქარეიშვილი ადგენს, რომ გაგრის სტადიონზე თურმე აფხაზები არ თამაშობდნენ ფეხბურთს ქართველების თავებით, და რომ თურმე ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაული“. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობის ამგვარი პოზიცია „საქართველოსთვის კატასტროფული შედეგების მომტანია“.

აღსანიშნავია, რომ გაგრის სტადიონზე „თავებით ფეხბურთის თამაში“, როგორც მომხდარი ფაქტი, 2001 წლის 18 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახსენა, ამერიკელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მან ეს ამბავი არგუმენტად მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ჩეჩენ მეამბოხეებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს ოფიციალურ ხელსუფლებას დაავიწყდა, ჩეჩენი ტერორისტები, აფხაზეთში კრიზისის დროს, ქართველების თავებით ფეხბურთს როგორ თამაშობდნენ. ასეთი რამ, სამწუხაროდ, მოხდა“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან დაკავშირებით მსურს, საზოგადოებას ჩემი მეგობრის, გაგრის სტადიონზე მომხდარი მოვლენების თვითმხილველის მონაყოლი გავაცნო.

დათო ქარდავა სოხუმში მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდა და ჩვენ ბავშვობიდან, ექვსი წლის ასაკიდან ახლო მეგობრები ვიყავით, ხშირად ვსტუმრობდით ერთმანეთს და ძალიან ხშირად ვთამაშობდით ფეხბურთს. ჩემი სტუდენტობის დროს და შემდგომ პერიოდში ხშირად ჩამოდიოდა თბილისში და ყოველთვის მიკავშირდებოდა.

კონფლიქტის შემდეგ მე მას 1994 წლის ზაფხულში, თბილისში შევხვდი. მან მითხრა, რომ საზღვარგარეთ წასვლა და ლტოლვილის სტატუსის მიღება, ასევე აფხაზეთში მომხდარის გამო „ჩივილი“ სურდა რომელიმე საერთაშორისო ინსტანციაში - რასთან დაკავშირებითაც დახმარება მთხოვა ტექსტის შედგენაში, რომელშიც ყველაფერს აღწერდა, რაც გაგრაში თავს გადახდა.

როგორც დათო ქარდავა ჰყვებოდა, იგი გაგრაში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც ქალაქში აფხაზური ფორმირებები შევიდნენ. მათ ადგილობრივ ქართველთა დიდი ნაწილი სტადიონზე შეყარეს. ტყვეები სტადიონზე რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი.

„ის ჯგუფი, სადაც მე ვიყავი, თხუთმეტამდე სამხედროფორმიანს ჰყავდა ალყაშემორტყმული. ბევრი ამ ბანდიტთაგან მთვრალი იყო და ახლოს დგომისას ალკოჰოლის სუნი ასდიოდათ. მათ შორის იყვნენ აფხაზები, რუსები და სხვა კავკასიელები. ყველაზე აქტიური იყო ერთი, რომელიც მათი მეთაური ჩანდა, ჩეჩენი თუ დაღესტნელი... ჩვენთან ხშირად მოდიოდა, იარაღით გვემუქრებოდა, გვირტყამდა, გვაფურთხებდა და გვეუბნებოდა, რომ მალე ჩვენს სისხლს დალევდა და ჩვენი თავებით ფეხბურთს ითამაშებდა. ახალგაზრდა ქალები გამოჰყავდათ ჩვენი რიგებიდან და სკამებისაკენ მიათრევდნენ. იქიდან ტირილი, წივილი და საშინელი კივილი ისმოდა. იქ მათ რიგრიგობით აუპატიურებდნენ და ზოგიერთს, ვინც ცოტა შეეწინააღმდეგებოდა, იქვე ცხრილავდნენ. ირგვლივ, მთელ შემოგარენში, საზარელი და თავზარდამცემი მდგომარეობა იყო“, - ჰყვებოდა დათო.

შემდეგ, მისი თქმით, „კავკასიელმა, რომელიც ჩვენ გვირტყამდა და გვემუქრებოდა, ჩვენგან ყველაზე მაღალი კაცი გამოიყვანა, ჩვენ წინ დააყენა და ავტომატით დაცხრილა. მერე იქვე ჩანთიდან ნაჯახი ამოიღო და კისერში დაუშინა. ასე იწვალა, სანამ თავი არ მოკვეთა მიცვალებულს... მერე გახარებულმა მოკვეთილ თავს ფეხი დაარტყა და აქეთ-იქით გორება დაუწყო. მას მეორე აფხაზი აყვა, შემდეგ კიდევ ერთი რუსი, რომელიც კარგა მთვრალი იყო.... გვერდზე ჯგუფებშიც სროლები, კივილი და ღრიალი ისმოდა. მერე ის კავკასიელი ისევ ჩვენთან მოვარდა და თქვა, რომ ახლა ვვარჯიშობთო, აი, გვერდით მეორე გუნდი ვარჯიშობს ქართველების თავებით და მალე ჩემპიონატს ჩავატარებთო. გამარჯვებულები ქართველ ქალებს აქვე სტადიონზე გააუპატიურებენო“.

„ეს ბანდიტები მუდმივად იცინოდნენ, მაგრად მოსწონდათ თავიანთი საქმიანობა. შემდეგ კიდევ ორი ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს ჩვენი რიგებიდან და იქვე დახვრიტეს. მათგან ერთს ისევ თავი მოაჭრეს და ახალი ბურთი „დაამზადეს“. ისევ წაითამაშეს ამ ახალი მოკვეთილი თავით ფეხბურთი“, - ასე აღწერდა დათო იქ მომხდარ მოვლენებს.

მისი თქმით, სტადიონზე მაშინ ბევრი ადამიანი მოკლეს. მკვლელობები მას შემდეგ შეწყდა, რაც ერთ-ერთმა რუსი ეროვნების სამხედრომ აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, თუ „ამდენი გვამი ვის უნდა წაეღო“. ამის შემდეგ გადარჩენილები იარაღის მუქარით ტყისკენ წაიყვანეს. ამ დროისთვის მებრძოლების უმრავლესობა უკვე ნასვამი იყო, რითაც ქარდავამ და რამდენიმე სხვა ადამიანმა ისარგებლეს და გაიქცნენ.

დათო ცდილობდა მომხდარი ზუსტად აღეწერა, რომ არაფერი შეშლოდა. მე პირადად არცერთ მის სიტყვაში ეჭვი არ მეპარება. მისი მონაყოლი ტექსტის სახით მქონდა შენახული მრავალი წლის განმავლობაში და მის გამოქვეყნებაზე მას შემდეგ დავფიქრდი, რაც პაატა ზაქარეიშვილის განცხადება მოვისმინე.

მე საქართველო 1995 წელს დავტოვე და საცხოვრებლად კანადაში გაემგზავრე. სამწუხაროდ, დათოსთან კავშირი დავკარგე და მისი ახლანდელი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი ვიცი.

ნუგზარ შარია

51 წლის. გრინვიჩი, კონექტიკუტი, აშშ. Royal Bank of Scotland, ვიცეპრეზიდენტი.

კომენტარები