სასამართლო

სასამართლოს დამოუკიდებლობა ახალ სახიფათო ზონაში

0 კომენტარი

საქართველოში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რამდენჯერმე გამოცხადდა სასამართლო რეფორმის დაწყება. ამ დროის მანძილზე ასე იყო – როგორც წესი, ოპოზიცია სასამართლოს აკრიტიკებს, როგორც ხელისუფლებისგან მართულს და ახალი ხელისუფლება გაცხადებულად იწყებს დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობას. ეს გზა რამდენჯერმე გავიარეთ, თუმცა სასამართლოსადმი კრიტიკა მაინც მუდმივად გვესმის.

ტრადიცია არც 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ დაარღვია და ერთ-ერთ პრიორიტეტად სასამართლო რეფორმა დაასახელა. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, რეფორმა ამ სფეროში ნამდვილად უნდა გაგრძელდეს. ტრადიცია არც იმ თვალსაზრისით დარღვეულა, რომ დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ოპოზიციური ტრიბუნიდან აქტიურად აკრიტიკებდნენ სასამართლო ხელისუფლებას და მას პროკურატურის და აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილებაში სდებდნენ ბრალს. არგუმენტი ყველასთვის ყბადაღებული სტატისტიკა გახლდათ, რომლის თანახმადაც სასამართლო, უფრო ზუსტად სისხლის სამართლის კოლეგია, პროკურატურის მოთხოვნათა აბსოლუტურ უმრავლესობას აკმაყოფილებდა.

თავად პროკურატურა ამ არგუმენტს არ იზიარებდა და ცდილობდა, საპირისპირო სტატისტიკით ეჩვენებინა, რომ სასამართლო ზოგჯერ უარს ამბობდა მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ხოლო დაკმაყოფილებული შუამდგომლობები დასაბუთებული და მოტივირებული იყო. ამ არგუმენტების ანალიზი და ჭეშმარიტების დადგენა არ არის დღევანდელი სტატიის თემა, ეს უბრალოდ სურათის სრული მასშტაბით წარმოდგენისთვის გამოდგება.

ტრადიციიდან გადახვევა ის არის, რომ აწ უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავაც განაგრძობენ სასამართლოს კრიტიკას და მას კვლავ მართულს, მაგრამ ოპოზიციის, ანუ ნაციონალური მოძრაობის მიერ მართულს უწოდებენ. აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ მალავს შეშფოთებას იმის გამო, რომ სასამართლო არ აკმაყოფილებს პროკურატურის ყველა მოთხოვნას.

თავისთავად ცუდი არაფერია იმაში, რომ სასამართლო პროკურატურას ყოველთვის და ყველაფერში არ ეთანხმება. სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, პროკურატურას შეშფოთების მიზეზი ნამდვილად არ აქვს. კერძოდ, ხელისუფლების ცვლის შემდგომ, 2012 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2013 წლის 28 იანვრის ჩათვლით, პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 289 პირის მიმართ მოითხოვა; აქედან სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა 202 შემთხვევაში, არ დააკმაყოფილა 83 შემთხვევაში და განუხილველად დატოვა 4 საქმე. რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების სტატისტიკას, ამავე პერიოდში პროკურატურამ 289 პირის მიმართ მოითხოვა გირაოს გამოყენება; აქედან 100 შემთხვევაში სასამართლომ სრულად, ხოლო 131 შემთხვევაში ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მხოლოდ 6 შემთხვევაში უთხრა უარი შუამდგომლობაზე (დარჩენილი 52 საქმე განუხილველია).

პროცენტებში ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობების მხოლოდ 28,7%, ხოლო ზოგადად აღკვეთის ღონისძიებების შესახებ შუამდგომლობების – 11.2% არ დააკმაყოფილა. ნათელია, რომ სასამართლო კვლავ აკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობების უდიდეს ნაწილს. პროკურატურა და აღმასრულებელი ხელისუფლება კი მაინც ვერ მალავს უკმაყოფილებას სასამართლო ხელისუფლებისა თუ ცალკეული მოსამართლეების მიმართ.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ ამგვარი სტატისტიკით შეიძლება სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ სრულყოფილი დასკვნის გაკეთება. სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკურია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს პროკურატურის დასაბუთებული შუამდგომლობები; ასევე შესაძლებელია, რომ პროკურატურის შუამდგომლობების უმრავლესობა დასაბუთებული იყოს. სტატისტიკა რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებისთვის არასაკმარისი მაჩვენებელია, ამის საილუსტრაციოდ ისიც გამოდგება, რომ მაგალითად ფინეთში, 2010 წლის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებელი 1.6%, ბელგიაში – 3.4%, საფრანგეთში – 3.7%, დიდ ბრიტანეთში – 3.8%, ჰოლანდიაში – 3.9% იყო. ამ მაჩვენებლის გამო ამ ქვეყნების სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ეჭვი არავის შეუტანია.

იმის შესაფასებლად, დამოუკიდებელია თუ არა სასამართლო, ცოტა მეტი ანალიზია საჭირო, ვიდრე სტატისტიკისთვის თვალის გადავლება. როგორც მინიმუმ, გასათვალისწინებელია, შეჯიბრებითობის პრინციპზე აგებულ სისხლის სამართალწარმოების პროცესში რამდენად თანაბრად არიან ბრალდებისა და დაცვის მხარეები მომზადებული. 2010 წლის ოქტომბერში ამოქმედებული ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სრულად გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ინკვიზიციურობას და მას მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშედარების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამ პირობებში კი, ცხადია, უმნიშვნელოვანესია, თუ რამდენად მომზადებული ადვოკატი უპირისპირდება პროკურორს. სამწუხაროდ, ამ ნაწილშიც უამრავი პრობლემა არსებობდა, რაც არა მგონია, ბოლო რამდენიმე თვეში აღმოფხვრილიყო.

საგანგაშო აქ არა სტატისტიკა, არამედ ის საჯარო რეაქციაა, რომელიც სასამართლოს მიერ პატიმრობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობას მოჰყვა როგორც პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე საზოგადოების ნაწილის მხრიდან. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოგვწონს, ანდა არ ვეთანხმებით, მისი გაპროტესტების ერთადერთი გზაა მისაღები – ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრება. ყველა სხვა რეაქცია, განსაკუთრებით ბრალდების მხარის და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, არასასურველი და საზიანოა.

არ არის მოსაწონი, მაგრამ გასაგებია, რატომ უნდა პროკურატურას, რომ სასამართლომ მისი ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილოს. უფრო მეტად არ არის მოსაწონი ის, რომ ამის გამო საჯაროდ აკრიტიკებენ და „აფრთხილებენ” სასამართლოს, ვინაიდან სინამდვილეში ეს „გაფრთხილება” არაფერია, თუ არა მუქარა. უნდა ვაღიარო, რომ სასამართლოსადმი ასეთი საჯარო თავდასხმა თავად თავდამსხმელებისთვის მგონია საზიანო.

სასამართლო ხელისუფლებამ და თითოეულმა მოსამართლომ უნდა იცოდეს, რომ მან უნდა იბრძოლოს საკუთარი დამოუკიდებლობისათვის, რომ, როგორც ჩანს, ყველა დროში ყველა აღმასრულებელ ხელისუფლებას ექნება ცდუნება, არბიტრი თავის მხარეს ჰყავდეს. ვერც იმის იმედად ვიქნებით, რომ ამ ცდუნების დასაკმაყოფილებლად ის მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს გამოიყენებს, ან, უარეს შემთხვევაში, ამ მექანიზმებს საკუთარ თავზე არ მოირგებს.

სახიფათო ზონაში მაშინ შევდივართ, როდესაც ხელისუფლება სიტყვიდან საქმეზე გადადის და სასამართლოს საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ბერკეტებს გამოაცლის ან შეუსუსტებს. დღეს საქართველოში არსებობს ყველა საკანონმდებლო პირობა, რომ სასამართლო ჭეშმარიტად დამოუკიდებელი იყოს. ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონმდებლობაში არ არის სივრცე უკეთესი რეგულირებისა და მეტი გარანტიებისათვის. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ წლების მანძილზე გატარებული რეფორმების შედეგად სახეზე გვაქვს ყველა ფუნდამენტური ბერკეტი, რომელიც აუცილებელია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. რომელიმე მათგანის გამოცლა სისტემას ჩამოშლის და რამდენიმე წლით უკან დაგვხევს.

მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებამ მოახერხა მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, სასამართლო რეფორმა კვლავ გამოწვევად რჩებოდა. ეს ბუნებრივიც არის. სასამართლო რეფორმა ბევრად უფრო კომპლექსური და რესურსტევადია, ვიდრე მართლმსაჯულების სისტემის სხვა კომპონენტების, მაგალითად – პოლიციისა და პროკურატურის. სასამართლო რეფორმას მეტი დრო დასჭირდა, თუმცა არაობიექტურები ვიქნებით თუ არ ვიტყვით, რომ ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობაც ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდებოდა. ამ ნდობის გაზრდა და მართლმსაჯულების სისტემის მეტი გახსნილობა იყო სწორედ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღების ერთ-ერთი მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ამ ნოვაციას ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, ფაქტია, რომ მისი ფრთხილი და ეტაპობრივი დანერგვა სასამართლო რეფორმისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

არავინ დავობს, რომ რეფორმა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს კიდეც, მაგრამ პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ, რას ვგულისხმობთ, როცა დამოუკიდებელ სასამართლოზე ვსაუბრობთ.

თუ ერთი წუთით ზემოხსენებულ დეკემბერ-იანვრის სტატისტიკას გვერდზე გადავდებთ და ამავე პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლების რიტორიკას გავიზიარებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ სასამართლო პროკურატურას არ ან, უფრო სწორად, აღარ ემორჩილება და მაშასადამე, დამოუკიდებელია. მაშ, რა არის პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოს კრიტიკის მიზეზი? საქმე იმასთან ხომ არ გვაქვს, რომ პროკურატურა სასამართლოსგან სრულ თანხვედრას და თანხმობას მოითხოვს, ე.ი. იმას, რაშიც სულ რაღაც ნახევარი წლის წინ წინამორბედებს სდებდა ბრალს? ან მხოლოდ ის სასამართლო ხომ არ მიგვაჩნია დამოუკიდებლად, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თანაც სრულად? როგორც ჩანს, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ გათავისუფლდა არბიტრზე ზეგავლენის მოხდენის ცდუნებისგან და უკმაყოფილოა სასამართლოს თითქმის 80%-იანი თანხმობით.

ფაქტია, რომ სასამართლო არ შემცდარა არცერთ შემთხვევაში, როდესაც მან აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის საფუძველი და აღმკვეთი ღონისძიების მიზანია, უზრუნველყოს პირის გამოცხადება შესაბამის ორგანოებში და თავიდან აიცილოს ამ პირის მიერ მოწმეებზე ზეწოლა, მტკიცებულებების განადგურება ან გამოძიებისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა. არცერთი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებული პირი გამოძიებას არ მიმალვია და არც ხელი შეუშლია მისთვის. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ასეთი ფაქტი ცნობილი არ გამხდარა. შესაბამისად, ფაქტია, რომ სასამართლომ ყოველ ჯერზე სწორად დააბალანსა გამოძიებისა და ბრალდებულის, საჯარო და კერძო ინტერესები. ასეთ სიტუაციაში, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სასამართლოსადმი საჯაროდ გამოხატული უკმაყოფილება.

სასამართლოს, თავის მხრივ, წინ მნიშვნელოვანი ტესტი ელოდება – მან უნდა განიხილოს საქმეები, რომელსაც დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს ქვეყნის შიგნით და გარეთაც. სასამართლოს უნდა მიეცეს ამ საქმეების წნეხის გარეშე განხილვის საშუალება, ხოლო პროკურატურამ უნდა მიიღოს ის შედეგი, რასაც სასამართლო მიიჩნევს სწორად.

დაცვის მხარისგან განსხვავებით, პროკურატურა საკუთარი ჭეშმარიტების დადასტურებისთვის საკუთარი ქვეყნის სასამართლოს იქით ვერ წავა. სასამართლოს საჯარო კრიტიკა და ყოფილი თუ მოქმედი საჯარო მოხელეების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე გამოთქმული რეაქციები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურისთვის ისევე მიუღებელი იქნება გამამართლებელი განაჩენი ან არასასურველი სანქცია, როგორც ზემოხსენებული აღმკვეთი ღონისძიებების სტატისტიკაა. პროკურატურას აშინებს არასასურველი შედეგის მიღების პერსპექტივა. ეს შიში გასაგებია, მაგრამ ის ვერ ამართლებს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობას.

სასამართლომ საქართველოში რეფორმის რთული და გრძელი გზა განვლო. ბევრ ჩვენგანს ესმის, რომ ეს რეფორმა არ დასრულებულა, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამ რეფორმის წარმატებისთვის სისტემის ნგრევა საჭირო არ არის, ხოლო მოსამართლეების პირობითი დაყოფა „სისტემის მსხვერპლად”, „დამნაშავედ” და ასე შემდეგ, არასასურველი და სახიფათოა.

ვაცალოთ სასამართლოს, მან უკეთ იცის რას მოითხოვს კანონი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები