საზოგადოება

ვისწრაფოთ ნელა

0 კომენტარი

„რანაირად ელით მსოფლიოს მხარდაჭერას რუსეთთან დაპირისპირებაში, როდესაც არ გყოფნით გამბედაობა, დაგმოთ სტალინის დანაშაულებები კაცობრიობის წინაშე”, – „ნიუ იორკელი ტურისტის” ასეთ ჩანაწერს კითხულობს BBC-ის წამყვანი სტალინის მუზეუმის სტუმართა წიგნში და იქვე მრავალმნიშვნელოვნად ეთანხმება, – „დიახ, ამით პრინციპში ყველაფერი ნათქვამია”.

შეგვიძლია გავაკრიტიკოთ BBC-ის კოლექტივი სწორხაზოვნებისთვის. შეგვიძლია ვესაუბროთ ისტორიულ მიზეზებზე, მოვუყვეთ, რომ რუსეთში არანაკლები სტალინიზმია და საქართველოში „ყველა ასე არ ფიქრობს”, მაგრამ ამით ტურისტისა თუ მაყურებლის აღქმას ვერ შევცვლით.

ფაქტი ჯიუტია: „სტალინის მუზეუმი დიქტატორისთვის მიძღვნილი ტაძარია და არა რეალობის ამსახველი დაწესებულება” – რთულია, ამ შეფასებაში ბრიტანელ დოკუმენტალისტებს არ დაეთანხმო.

ზოგადად, საქართველოს აქვს პრობლემა, რომელსაც წლობით მაქსიმალურად ვარიდებთ თვალს: ამომრჩევლის სწრაფვა „ევროატლანტიკური სივრცისკენ” ზედაპირულია. საზოგადოება მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, მაგრამ სულ უფრო იჟღინთება შეხედულებებით, რომლებიც ამ სწრაფვასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია.

შეუძლებელია მიგაჩნდეს, რომ რუსეთის გარდა, ყველგან ბინძური მწვალებლები, სატანისტები, „ანტიმართლმადიდებლები” ბინადრობენ, რომ მთელი დანარჩენი მსოფლიო ცდილობს მოგწამლოს, გაგრყვნას, ფესვებიანად ამოგგლიჯოს, „კარტოფილი შეგიწვას და არ გაჭამოს” და, ამავდროულად, გქონდეს შეგნებულად „პროდასავლური” არჩევანი. ასეთი შეხედულებები სრულიად საპირისპირო არჩევანს გვკარნახობს.

NATO-ში გაწევრიანება ნაწილობრივ ჯერ კიდევ რჩება ეროვნულ გრაალის თასად, მაგრამ გრაალის თასისკენ სწრაფვას თაობები იმიტომ ინარჩუნებდნენ, რომ ქრისტიანული ნარატივის (წარმოდგენების, იდეების) განუყოფელი ნაწილი იყო. NATO-ს შემთხვევაში, მდგომარეობა სხვანაირია: ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საზოგადოების დიდ ნაწილს მხოლოდ ტერიტორიული ინტერესები აკავშირებს და არა ფასეულობები ან რელიგიური გრძნობები. ალიანსის წევრობა კი შესაძლოა დიდხანს ვერ მივიღოთ. თეორიული მიზეზი ბევრია: კონკრეტულ დასავლელ ლიდერთა გაუბედაობა, რუსეთის ხისტი პოზიცია და ჩვენივე შეცდომები.

ფასეულობრივი ბრძოლები მოსაგებია შიგნით, ქვეყნის საზღვრებში. საქართველოს „დასავლური” გზით განვითარების იდეა არ უნდა იყოს ჩამოკიდებული ერთი გეოპოლიტიკური ორგანიზაციის წევრობის სურვილზე, რომელიც სულ უფრო უტოპიურად გამოიყურება. თუ ჩვენ არ გვსურს, რომ NATO-ს იმედის დაკარგვისთანავე დსთ-ში ან ევრაზიულ კავშირში აღმოვჩნდეთ, ქვეყანაში უნდა იყოს შესაბამისი იდეური ბაზისი. პოლიტიკოსების მიერ ალიანსის სახელწოდების შელოცვასავით გამეორება კი ასეთ ბაზისს ნამდვილად არ ქმნის.

ვინ უნდა მოიგოს ფასეულობრივი ბრძოლები? ინტელექტუალური ელიტა – ადამიანები, რომელთა ნააზრევსაც თანამოქალაქეები ყველაზე ხშირად ეცნობიან მასობრივი მედიიდან – შეგვიძლია სამ ჯგუფად დავყოთ, რომელთაგან სამივეს უჭირს თვისობრივი პროგრესის მიღწევა. ბოლო ორი ათწლეული ფასეულობრივი რევოლუციისთვის მათ არ ეყოთ. ამ სამი ჯგუფის გარჩევა ადვილია დესტალინიზაციის მცდელობების მაგალითზე.

პირველი, ალბათ ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფის წარმომადგენლები სტალინის სიდიადით თავადაც აღფრთოვანებულნი არიან. ამ ჯგუფში არიან როგორც საბჭოთა პერიოდში ფეხადგმული „მეცნიერები” და ხელოვანები, ისე პოსტსაბჭოთა ელიტის ტიპური წარმომადგენლები – მღვდელმსახურები, ასტროლოგები, პარაფსიქოლოგები და მჩხიბავები. მათგან დესტალინიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმას, ცხადია, საერთოდ არ უნდა ველოდოთ.

მეორე ჯგუფი – მკვეთრად „პროდასავლური” ელიტა – დიდწილად ვირტუალურ ბუშტში ბინადრობს. მათი სტიქიაა საკუთარი იდეების „მკვეთრი მოძრაობებით”, გვერდზე გაუხედავად განხორციელება, რასაც ათათურქიზმის მსუბუქი ელფერი დაჰკრავს. ისინი თითქოს აცნობიერებენ, რომ ციფრულ ეპოქაში ცხოვრობენ, სადაც სიტყვა ყველას ეთქმის და ინფორმაცია მყისიერად ვრცელდება. მაგრამ, ამავდროულად, უჭირთ ცნობიერებიდან მოძველებული იდეის ამოშლა, თითქოს საზოგადოების მოდერნიზება მცირე ჯგუფს შეუძლია, ფართო განხილვებისა და შეთანხმებების გარეშე.

ამ კატეგორიის მედასავლეთეებთან საუბრისას მოისმენთ, რომ ტიპური პრობლემები სულაც არაა ფართო – უმრავლესობა სულაც არაა სტალინისტი, ეს მხოლოდ „წითელი ინტელიგენციის” პრობლემაა; ან, უმრავლესობა არაა რელიგიური ფუნდამენტალისტი, ეს მხოლოდ მარგინალური ჯგუფებია. მსგავსი წარმოდგენების მიღმა ხშირად იკითხება ე.წ. wishful thinking-ი: სასურველის რეალურად წარმოჩენისკენ მიდრეკილება. ხშირად ზედმეტად „ოპტიმისტურ” მოსაზრებებს არანაირი სტატისტიკა არ ამყარებს, ან სულაც საპირისპიროზე მეტყველებს.

საპარლამენტო არჩევნების შემდგომმა პერიოდმა უკეთ დაგვანახა, რომ ბევრ რეგიონში საზოგადოებრივი აზრი არათუ არ იყო მზად დესტალინიზაციისთვის, არც არავის უცდია ამ აზრის შემზადება. სტალინის ძეგლთა დემონტაჟი მოხდა მკაცრი ვერტიკალის პრინციპით. ასეთი მოქმედება კი, (თუნდაც ნაწილობრივი) დემოკრატიის პირობებში შეუქცევადობის გარანტიას არ ქმნის, რასაც უკვე თვალნათლივ გვისაბუთებს დიდი ბელადის მკვდრეთით აღმდგარი მონუმენტები.

მესამე ჯგუფში გვხვდებიან დემოკრატიის ოდნავ „სადომაზოხისტური” გაგების მქონე პოსტსაბჭოთა მემარცხენეები; ნაძალადევი ხალხოსნობის ტრადიციის მიმდევრები, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერიაში ვითარდებოდა. ეს ადამიანები თითქოს სწორად აცნობიერებენ, რომ „მასების” აზრს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ერთობ უცნაურ დასკვნებს აკეთებენ.

მათგან უფრო რადიკალურებს მიაჩნიათ, რომ პირდაპირ და არაორაზროვნად უნდა დაეთანხმონ უმრავლესობის ნებისმიერ სტერეოტიპს. მარტივად რომ ვთქვათ, „ერევათ” დემოკრატია და ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი უკიდურესი კონფორმიზმი. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს ათეისტი და იმეორებდეს რელიგიური ექსტრემისტების ლოზუნგს, რომ „მთავრობა ეკლესიებს ანგრევს”.

მეორე, შედარებით ზომიერი ნაწილი, საკუთარ შეხედულებებზე ღიად უარს არ ამბობს. თუმცა, მუდმივად ეძებს მიზეზს, რომ აქტიურად დაუპირისპირდეს არა უმრავლესობის მცდარ აზრს, არამედ უმცირესობას, რომელიც, ავად თუ კარგად, საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღებას ცდილობს. ამგვარი დამოკიდებულების ვარიაციებია – „რა დროს სტალინია, როდესაც ხალხს შია”, „რატომ მხოლოდ სტალინი? მაშინ რუსთაველიც შევღებოთ”, „რატომ უნდა ავიღოთ სტალინი, როდესაც სტალინისტი მთავრობა გვყავს”.

არადა, ზოგიერთ პერსონალურად სენსიტიურ საკითხზე (ვთქვათ, ხელოვნების დაფინანსების პრიორიტეტები) ქედმაღლურადაც მსჯელობენ და მზად არიან ლამის ტერორისტული მეთოდებით დაუპირისპირდნენ შეცდენილ „მშიერ დემოკრატიულ უმრავლესობას”.

ერთი შეხედვით, ეს ადამიანები იწუნებენ არა დესტალინიზაციის იდეას, არამედ ფორმებს. მაგრამ ისინი იშვიათად თუ ცდილობენ პროცესში ჩართვას საკუთარი, უკეთესი მეთოდებით. ჯერ არ გვინახავს რომელიმე მათგანი სოფლის ქუჩაში მდგომი და ადგილობრივებთან სტალინის საკითხზე კონსტრუქციულად მოკამათე. უფრო ხშირად, გვარწმუნებენ, რომ პრობლემა საერთოდ არაა პრობლემური, ან მეორეხარისხოვანია, რისი თქმაც, ცხადია, დიდ ძალისხმევას არ ითხოვს.

სანამ ერთნი განადიდებენ ბელადს, მეორენი ვერ ახერხებენ საკუთარი იდეების მასებამდე მიტანას, მესამენი კი სტალინიზმში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავენ, ქართველებს სისხლიან დიქტატორთა მოყვარული, თავზეხელაღებული გიჟების იმიჯი უმყარდებათ. NATO-სკენ სწრაფვა კი უდაბნოში მირაჟისკენ ფოფხვას ემსგავსება, რომლის გაქრობასაც მიყრუებულ ოაზისში დაბრუნება და ლაჟვარდოვან სანაპიროზე ოცნების საბოლოოდ დავიწყება უნდა მოჰყვეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები