ნაციონალური მოძრაობა

ვანო მერაბიშვილი: ჩვენი გზა არის საქართველოსი და საქართველოს გზა სწორედ ევროპული გზაა

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, 19 აპრილისთვის დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის ჯგუფმა საქართველოში გამოაგზავნა წერილი, რომლის შინაარსიც საგანგაშოა და ''ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ევროპარლამენტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით''.

"ზუსტად ამიტომ, ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს, მიუხედავად მათი პარტიული პოლიტიკური ორიენტაციისა, მოვიდნენ 19 აპრილს, 16:00 საათზე, რუსთაველზე და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს მომავალი არის NATO-ში, ევროკავშირში და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების გზა გადის მხოლოდ ევროპაზე", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის განცხადებით, მშვიდობიანი აქციის მიზანია, საქართველოს ხელისუფლებამ და ევროპამ დაინახოს, რომ ქართველი ხალხის ნება არის ურყევი.

"ყველანი ერთად დავანახებთ როგორც ხელისუფლებას, ისევე მეზობლებს და ევროპას, რომ ქართველი ხალხის ნება მტკიცეა და ის არ იცვლება. ეს აქცია არ არის რომელიმე ჩვენი მეზობლის წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ პატივს ვცემთ მეზობლების პოლიტიკურ ნებას და მათ მიერ არჩეულ გზას, მაგრამ ჩვენი გზა არის საქართველოსი და საქართველოს გზა სწორედ ევროპული გზაა", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილმა, ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ადეიშვილი საქართველოში ჩამოსვლას უახლოესი თვეების განმავლობაში არ აპირებს.

კომენტარები