იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროში იპოთეკის სამართლებრივ რეჟიმზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

პრემიერმინისტრის დავალებით, იუსტიციის სამინისტროში იპოთეკის სამართლებრივ რეჟიმზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანია საცხოვრებელი სახლების იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა.
ჯგუფის პირველ სხდომას, რომელიც უწყებაში დღეს გაიმართა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. როგორც წულუკიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაგეგმილია რამდენიმეეტაპიანი რეფორმის ჩატარება.
"პირველი ეტაპი შეეხება კერძო იპოთეკარების საქმიანობას. ჩვენი მიზანია, რომ კერძო იპოთეკარებმა ვეღარ შეძლონ მარტივად ისარგებლონ სესხის ამღებთა უმწეობით და აღმოჩნდეს, რომ საქართველოში მრავალმა ადამიანმა ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე უკანასკნელი საცხოვრისი დაკარგოს და ქუჩაში დარჩეს. ეს არის დიდი ტრაგედია და ამ კუთხით სამართლებრივი რეგულაციებია საჭირო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები