მთავარი პროკურორი

კბილაშვილი: იმედის საქმის გარდა პრეზიდენტის შემხებლობა სხვა საქმეშიც იკვეთება

გუშინ, 30 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა "პრეს–პრესში" განაცხადა, რომ ტელეკომპანია იმედის საქმის გარდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა სხვა საქმეზეც დაიკითხოს. 
მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ახალი საქმე საკუთრების უფლებას უკავშირდება და იგი ჯერჯერობით არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი.
"იმედის საქმე ერთ-ერთია იმ საქმეთა შორის, სადაც პრეზიდენტის  ინფორმირებულობა ან შემხებლობა იკვეთება საგამოძიებო საქმეში  არსებული მონაცემებით არსებობს სხვა საქმეც, სადაც ასევე მისი შემხებლობა იკვეთება.  შესაძლო დაკითხვის საჭიროება, მაგრამ ვინაიდან ეს თემა ჯერ არ გამოგვიტანია საზოგადოებისათვის გასაცნობად, რამეთუ კონდიცია, რომ გამოძიებით დადგენილად გამოვაცხადოთ, როგორც ეს იმედის საკითხთან ვთქვით, ამიტომ ამ თემის დაანონსებისგან თავს შევიკავებ, ამ დონეზე შემიძლია მერწმუნოთ, რომ არის ეს", - განაცხადა კბილაშვილმა.  
კბილაშვილმა ასევე განმარტა, რომ  საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს გამონაკლისს პირის დაკითხვასთან მიმართებით. . 
"რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, როდის დაკითხავენ ან დაკითხავენ თუ არა პრეზიენტს ეს უკვე გამოძიების გადასაწყვეტია და გამოძიება ამ საკითხს წყვეტს ორი კრიტერიუმის საფუძველზე. ერთი თუ მას გააჩნია  საკმარისი მონაცემები, რომ პრეზიდენტი ინფორმირებულია გამოსაკვლევ ფაქტთან დაკავშირებით და მეორე, თუკი გამოძიება ჩათვლის, რომ მისი დაკითხვა მიზანშეწონილია. ამას დისკრეცია ქვია ამართლებრივ ენაზე. მე შემიძლიათ გითხრათ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ თუ ზედამხედველობით ნაწარმოებ გამოძიებებზე ნამდვილად მოიპოვება რამდენიმე ფაქტი სადაც პრეზიდენტის ინფორმირებულობა თუ ცოდნა ამა თუ იმ გამოსაძიებ საკითხთან იკვეთება. პირველი საფუძველი არის, ხოლო რაც შეეხება მეორეს, ამის მიზანი, რადგან ეს ჩვენი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მისაღები გადაწყვეტილებაა, ამის შესახებ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება", – განაცხადა მთავარმა პროკურორმა. 
მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხზეც დაიკითხოს. 
"ორიოდე დღის წინ ჩვენ გვსტუმრობდნენ ჰააგის სასამართლოს პროკურატურის ოფისის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენგან ითხოვენ ჯეროვანი გამოძიების წარმოებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით და ჩვენ ეს მოვალეობა გვაკისრია. აქამდე, წინა ხელისუფლება ეწეოდა ე.წ. რეზინის გაწელვის პოლიტიკას, ანუ გამოძიება ტარდებოდა გამოძიებისთვის და 4 წლის განმავლობაში არანაირი შედეგი არ იყო დამდგარი. ჩვენს წინაშე იყო კონკრეტული საკითხი დასმული, კერძოდ: აპირებს თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლება ჯეროვნად შეაფასოს და შეისწავლოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და გასცეს კითხვას პასუხი, ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულებს. ახალმა ხელისუფლებამ და მისმა თავმჯდომარემ პოლიტიკური ნება გამოხატა, რომ ეს საკითხი იქნება გამოძიებული. იქნება გამოძიებული ობიექტურად. ამისთვის ჩვენ უნდა შევქმნათ საგამოძიებო ჯგუფი და შევუდგეთ გამოძიებას. ეს თემა ვარაუდის დონეზე არ გამორიცხავს ვინმეს და მათ შორის პრეზიდენტის დაკითხვასაც", - განაცხადა კბილაშვილმა.

კომენტარები