გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია: ონიშენკოს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, ხოლო ევროპის სახალხო პარტია დავგმოთ?

0 კომენტარი

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირებზე, სასამართლო ხელისუფლების რეფორმაზე, ნაციონალური მოძრაობის გეგმებსა და პრობლემებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე, ტაბულა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას ესაუბრა.

რამდენად შეეზღუდა მოქმედების არეალი ეროვნული უშიშროების საბჭოს მას შემდეგ, რაც მისი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდა? ხელისუფლებას პრეტენზიები ჰქონდა თანხების არამიზნობრივ და არაგამჭვირვალე ხარჯვასთან დაკავშირებით.

უშიშროების საბჭოს ჩამოეჭრა ხარჯები, რომელიც უკავშირდებოდა საბჭოს უშიშროების პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას, კონსულტანტებს, რომელთა ამოცანა იყო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერა. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს მიმართულებები არაა პრიორიტეტული, ან, მათი თქმით, ფული არასწორად იხარჯებოდა. ახლა, როგორც განაცხადეს, მათ თვითონ დადეს საკონსულტაციო კონტრაქტები საერთაშორისო ჯგუფებთან.

თუ გადაწყვიტეს, საქმე თავად წაეყვანათ, თავისთავად, ამაში ექსტრაორდინარული არაფერია. ვთვლი, რომ შეცდომა იყო, თუ რა ფორმით გაკეთდა ეს – მინიმალური საქმიანი ინტერესი არ გამოუჩენიათ, თუ რასთან გვქონდა საქმე და როგორ ჯობდა გაგრძელება. შემდეგ დაიწყო ბრალდებები – ეს უკავშირდება იმ შეთქმულების თეორიებს, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას დღეს აქვს. თავისთავად ბიუჯეტის შემცირებაში რაიმე სკანდალურს ვერ ვხედავ და არც მოგვიწყვია სკანდალი. აღსანიშნავი ისაა, რომ ეს შესწავლის გარეშე მოხდა. შესწავლაში არ ვგულისხმობ სისხლის სამართლის დევნას, რომელიც დეკლარირებულად გამოცხადებულია.

ამ ხარჯებში იყო რამდენიმე მიმართულება, რომელიც არ უკავშირდებოდა კონსულტანტებს, ე.წ. ლობისტებს. ეს იყო მაქსიმალურად დეპოლიტიზებული თემები, მაგალითად, საგანგებო ვითარებებისას, ომის თუ სტიქიური უბედურების დროს, ქვეყნის სამართავად სტრუქტურის შექმნა. ეს პროექტი ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერით რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, შემდეგ პოლიტიკურ ეჭვიანობაში მოყვა. შევთავაზეთ, რომ თუ ასეთ „პოლიტიკურ ეჭვიანობას” ჰქონდა ადგილი, ეს პროექტი არ შეწყვეტილიყო და სხვა უწყებას გაეგრძელებინა. თავიდან თითქოს პოზიტიური რეაქცია იყო, მაგრამ გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ, ამიტომ პროექტი შეწყვეტილია.

რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს: ცოტა ხნის წინ ევროპის სახალხო პარტიამ დეკლარაცია გამოაქვეყნა, სადაც სინანულს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების გარკვეულმა ნაბიჯებმა ქვეყნის პოზიტიური იმიჯი დააზიანა და ეს ყოველივე საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას.

თუმცა იქვე თქვეს, რომ მათი სურვილი და ამოცანაა, საქართველო წარმატებით მივიდეს ვილნიუსის სამიტამდე. ჩემი აზრით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ყოველივე ქვეყნის ამოცანებს პრობლემებს არ შეუქმნის. როგორია თქვენი შეფასება: რეალურია თუ არა საფრთხე, რომ საქართველოს ევროპული კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ან კონკრეტულად, ასოცირების ხელშეკრულებას შეექმნას საფრთხე?

იმედი მაქვს – არა. ჩვენი ამოცანაა, ვილნიუსის სამიტი იყოს წარმატებული, საქართველომ პროგრამა მინიმუმი – ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმოს. პარალელურად, წარმატებით გაგრძელდეს უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის შესრულება. მაქსიმალური ამოცანაა, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, მკაფიოდ დაფიქსირდეს ევროპული პერსპექტივის შანსი. ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა. დანარჩენ საკითხებში საქმე თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი ხელისუფლების შეცვლამდეც: ტექნიკური ნაწილში, პრაქტიკულად, ბარიერები აღარ იყო დარჩენილი. პოლიტიკური გადაწყვეტილებაც ვარშავის სამიტზე იქნა მიღებული. ახლა საჭიროა დასრულება და საქმის არგაფუჭება.

რაც შეეხება ევროკავშირის პერსპექტივის შესახებ პირდაპირ გზავნილს, ამ საკითხზე საჭიდაო იყო, რადგან ჩვენს მეგობარ ევროპაში სკეპტიკოსები არსებობენ. იმედი მაქვს, სულ ცოტა, პროგრამა მინიმუმი შესრულდება.

ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის შიგნით და ამ ტიპის რეაქციები კრიტიკაზე, საფრთხის შემცველია. პირველი – თუ რა შედეგს გამოიღებს ეს პრაქტიკული ამოცანის მიღწევის თვალსაზრისით. როდესაც ევროკავშირის ქვეყნების ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ პარტიას აგრესიულად თავს ესხმი, რადგან მისი კრიტიკა არ მოგწონს, არის პოლიტიკური სიბრიყვე.

რა გამოდის, თუ პრეზიდენტმა ონიშენკო გააკრიტიკა, ბოდიში უნდა მოვიხადოთ, ხოლო ევროპის სახალხო პარტია დავგმოთ?

მეორე საფრთხე, გრძელვადიანი თვალსაზრისით უფრო სახიფათოც კი, არის სრული მოუთმენლობის და თავშეუკავებლობის დემონსტრირება კრიტიკის მიმართ. არცერთ მთავრობას არ უყვარს, როდესაც მწვავედ აკრიტიკებენ. შეიძლება კრიტიკას არ ეთანხმებოდე, გაბრაზდე კიდეც, მაგრამ ამ ტიპის რეაქცია სახიფათო სიმპტომია.

სკანდალური იყო პარლამენტის თავმჯდომარის აგრესიული წერილი. გაგვიკვირდა, ბატონ უსუფაშვილს ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, მაგრამ არ იყო შემჩნეული ასეთ პოლიტიკურ სიგიჟეში. მიზეზები მალევე გაირკვა, პრემიერმინისტრმა მისთვის ჩვეული პირდაპირობით თქვა, რომ ეს მისი იდეა იყო.

ამ ტიპის რეაქცია ყველაზე დიდი საკვებია ევროპელი სკეპტიკოსებისთვის, რომ ეს ქვეყანა იქცევა ისე, როგორც ზოგიერთი სხვა ამ რეგიონში. განსაკუთრებით, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი.

იმას, რაც წერია ევროპის სახალხო პარტიის უკანასკნელ წერილში, ხელი უნდა მოაწერო, რომც არ ეთანხმებოდე ამ სამოქმედო გეგმის გაკეთების მიზეზებს: რომ უნდა იყოს პოლიტიკური კონკურენცია, არ ხდებოდეს ოპოზიციის დევნა, თვითმმართველობის ძალით გადაქაჩვა, რომ მედიაში არ უნდა მოხდეს გარკვეული საკითხების გადახედვა, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ, რომ ვენეციის კომისიას სრულად უნდა მოუსმინო სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების საკითხში, არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და ა.შ. პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება იტყვის, რომ შესაძლოა, არ ეთანხმება, მაგრამ უსმენს და მათთან ერთად იმუშავებს.

განწყობა, რომ ევროპელები არ უნდა ჩაერიონ ჩვენს საქმეში, ჭკუა არ უნდა გვასწავლონ და ა.შ. – სახიფათო სიმპტომია. ამბივალენტური სურათი გვაქვს – ჯერ ეუბნებიან, ჩამოდით, გვაკრიტიკეთ, შეგვამოწმეთ, მაგრამ შემდეგ, როდესაც ისმის კონკრეტული კრიტიკა, რომელსაც არ ეთანხმებიან, ბრაზდებიან და ისტერიული რეაქცია აქვთ. ასეთი დამოკიდებულების შედეგად შეიძლება, საქართველო საბოლოოდ გადავიდეს სხვა რელსებზე, რისი სამწუხარო ნიშნებიც არსებობს. ჯერჯერობით, ეს პროცესი შემოუტრიალებელი ან დასრულებული არ არის და იმედი მაქვს, ასე არც მოხდება.

ჩვენი გუნდის მიმართ ბევრად მაღალი იყო მოთხოვნა, ვიდრე შევარდნაძის მიმართ. ახლა, პირველად, არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლება. მათ შეიძლება უფრო მაღალი სტანდარტი მოსთხოვონ და ეს არ უნდა გაუკვირდეთ. როგორი გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს კრიტიკა, რომელსაც არ ეთანხმები, ჯანსაღ მოვლენად უნდა აღიქმებოდეს. ამან, შეიძლება, როგორც მინიმუმ, შეგვიფერხოს ამოცანების შესრულება – ასოცირების ხელშეკრულება და სხვა.

ევროპელების კრიტიკის პარალელურად, ახალი დეტალები გაჩნდა საქართველოს ურთიერთობებში რუსეთთან. მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად, ორმხრივი შეხვედრების ფორმატის დანერგვა. მთავრობა მიიჩნევს, რომ ამით ჟენევის მოლაპარაკებებს ხელი არ შეეშლება და ის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა რუსეთთან ე.წ. მეორე არხის გაჭრა, რა შესაძლო რისკებს ან სარგებელს შეიძლება ეს შეიცავდეს?

როდესაც ახალმა ხელისუფლებამ თქვა, რომ სურს, რუსეთს დაელაპარაკოს ყველა საკითხზე, ჩვენი რეაქცია იყო მხარდაჭერა და წარმატების სურვილი. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ კლასთან სტრატეგიული ინტერესების შეუთავსებლობა გვაქვს, მაგრამ ლოგიკურია და პრობლემა არაა, რომ დემოკრატიული გზით მოსული ახალი ხელისუფლება სთავაზობს ლაპარაკს ჩვენ წინაშე მდგარ ფუნდამენტურ საკითხებზე. თავისთავად, დიალოგი კარგია.

პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: დიდი შეცდომაა ხედვა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის „დალაგება” საქართველოს დასავლეთისკენ სვლის წინაპირობაა. რუსეთთან ურთიერთობათა ნორმალიზაციას, ჩვენივე მთავრობის აღიარებით, დიდი დრო დასჭირდება, მანამდე კი, თუ დასავლეთისკენ სვლის ტემპი შენელდა, ეს ჩიხი იქნება. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის შედარებით დალაგების ერთადერთი შანსი არის საქართველოს სწრაფად ინტეგრირება ევროატლანტიკურ სივრცეში. როგორც ეს პოლონელებმა, ბალტიისპირელებმა მოახერხეს.

ჩვენც ვამბობდით, რომ მზად ვართ რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერ დონეზე დიალოგისთვის. მაგრამ თუ ეს დიალოგი პრობლემატური საკითხების კარგა ხნით გვერდზე გადადებაა, რუსეთის აღარ შეწუხებაა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ აქვთ პრობლემა, სანამ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, მაშინ რატომ გადაწყდება ეს საკითხი?

თუმცა, ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე პრიორიტეტები და რიტორიკა არ შეცვლილა.

არ შეცვლილა, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციას არ აქვს წნეხი ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხრიდან, ჩვენივე ძალისხმევით, მაშინ ამას ყველა დაივიწყებს.

პრემიერმინისტრი ამბობს ხოლმე რომანტიკულ ფრაზას, რომ თავად რუსეთს არ აწყობს ეს და ჩვენ ამას ავუხსნით. ეს ინფანტილიზმის ზენიტია. ვერ აუხსნი მოწინააღმდეგეს, რომელსაც, ისტორიის ამ ეტაპზე, შენთან სტრატეგიულად დაპირისპირებული ამოცანები აქვს. არასერიზულობის მიღმაა ილუზია, რომ პრეზიდენტი პუტინი მის ასაკში მსოფლმხედველობას შეიცვლის.

ჩვენ დიალოგის დაწყების მომხრე ვიყავით, მაგრამ ფორმატი ყოველთვის ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის დღეს ჟენევაში. პარალელურადაც შეიძლება იყოს შეხვედრა, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებზე დისკუსიისას რუსეთის ფედერაციასთან მარტო არ უნდა დავრჩეთ. ეს პრაქტიკულადაა მძიმე შედეგების მომტანი, რაც აქამდე არაერთხელ გვინახავს. ამ დიალოგისას რუსეთს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური პრობლემა საკუთარ საერთაშორისო ურთიერთობებში, მანამ, სანამ ის არ შეიცვლის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.

არის კონკრეტული საკითხები, მაგალითად, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვება, რაც პოლიტიკური მოტივებით იყო დაბლოკილი. საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. დიალოგის გზით ამის გამოყენება კარგია – რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ეს ბერკეტი გვიჭირავს და შეიძლება პრობლემები შეექმნას.

არავინ იქნება წინააღმდეგი, თუ ქართული პროდუქციისთვის ბაზარი გაიხსნება. პრობლემა გადაჭარბებული მოლოდინებია. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ხელი არ შევუწყოთ რაიმე სფეროში რუსულ ექსპორტზე დამოკიდებულებას – მიუხედავად საერთაშორისო ბერკეტებისა, გარანტიები არ გაქვს, თუ როდის მოუჭერენ ხელს, როგორც მოლდოვას ექცევიან.

გახსნილი ბაზარი, დივერსიფიცირებული ექსპორტი და ბიზნესის შესაძლო გაფართოება მხოლოდ კარგია, ოღონდ ეს ვერ იქნება გარდამტეხი ქართული ეკონომიკის განვითარებაში. ეპოქა, როდესაც ქართული ეკონომიკა პატარა იყო და ექსპორტის 90% მიდიოდა რუსეთში, ცუდი იყო და მაშინ ძალიან ძვირად დაგვიჯდა. საქართველო განვითარდა, ის მასშტაბები ახლა არანაირ შედეგს აღარ მოიტანს. ღვინის ინდუსტრიამ, რომელიც ყველაზე მეტად დააზიანა ემბარგომ, დივერსიფიცირება განიცადა, რაც ხარისხსაც დაეტყო და პოლიტიკურადაც უფრო დაცულები ვართ – აღარ ვართ დამოკიდებული არავიზე, ვინც გვეტყვის, რომ თუ შენი მოქმედება არ მოეწონება, ლეგიტიმური მიზეზის გარეშე, ბაზარს ჩაგიკეტავს.

შეიძლება თუ არა, ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნა ახალი მთავრობის და ახალი პოლიტიკის კონკრეტულ პოზიტიურ შედეგად მივიჩნიოთ?

ისინი ამას ასე წარმოაჩენენ, მაგრამ ვთვლი – ეს იქნება იმის შედეგი, რომ ქართულმა ეკონომიკამ ემბარგოს გაუძლო. რუსეთის ფედერაციას ამან შედეგი არ მისცა.

თუ ეს მოლაპარაკებების ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება, ჩაიწერონ კრედიტი, პრობლემა არაა. მაგრამ ამაზე ქართულ ეკონომიკაში დიდი ნახტომის იმედების დამყარება არასწორია. რუსეთის ბაზრის გახსნა არასდროს ყოფილა და ვერც დღეს იქნება პანაცეა რომელიმე პრობლემის მოსაგვარებლად.

ბაზრის გახსნის მცდელობა ნორმალურია. არანორმალურია, როდესაც პროაქტიურ საგარეო პოლიტიკას ვერ ვხედავთ, მაგალითად, NATO-ს მიმართულებით. ჩვენს მოკავშირე ევროპაში სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს: არიან სკეპტიკოსებიც და მხარდამჭერებიც. ყველასთან საჭიროა აქტიური, ყოველდღიური მუშაობა, ლობირება, ყველა ინსტრუმენტის, მათ შორის კონსულტანტების გამოყენება, რომ პოლიტიკურ კლასში აზრის მობილიზება მოხდეს საქართველოს ევროატლანტიკური გზით სვლის შემდეგი ნაბიჯების თაობაზე.

სხვათა შორის, ევროპელი სკეპტიკოსების დარწმუნების კარგი შანსი გავუშვით ხელიდან არჩევნების შემდეგ. ამ არჩევნებს ტესტად გვიყენებდნენ. ახალ გუნდს, ჩვენთან ერთად, შეეძლო, მყისიერი კაპიტალიზება ეცადა. არ ვამბობ, რომ აუცილებლად პირდაპირი შედეგი დადგებოდა (მაგალითად, მაპი), მაგრამ უნდა ყოფილიყო ფოკუსირებული კამპანია, რომ საქართველომ დაიმსახურა შემდეგი ნაბიჯი. ეს ვერ დავინახე. იყო კონკრეტული იდეა – ერთობლივი ჩასვლა ძლიერი სიგნალი იქნებოდა ევროპული აუდიტორიისთვის. მათ შორის, ევროპელ სკეპტიკოსებს ჩააყენებდა მდგომარეობაში, როცა უნდა ეღიარებინათ, რომ საქართველო ახლა უკვე სხვა ქვეყანაა. მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ, პერსონალურად პრემიერმა, არჩია სხვა გზა, რომელიც დიდი პრობლემის ნაწილია – ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებზე საკუთარი წარმატება საქართველოს მიერ დემოკრატიის გზაზე ნაბიჯის წინ გადადგმად წარმოეჩინა, გადაწყვიტა მსოფლიოსთვის თვალის ახელა, თუ როგორი საშინელება ხდებოდა აქ, როცა მათ საქართველო წარმატებული ქვეყანა ეგონათ. ეს, უკეთეს შემთხვევაში, არის პოლიტიკური სისულელე.

საერთაშორისო ურთიერთობაში ნებისმიერი ადამიანისთვის შოკისმომგვრელია, როდესაც ხელისუფლება საგარეო კომუნიკაციის უდიდეს წილს ხარჯავს იმაზე, თუ როგორი ცუდი ოპოზიცია ჰყავს და როგორი ტყუილია ყველაფერი კარგი, რაც საქართველოზე სმენიათ.

კატასტროფულ შთაბჭდილებას ტოვებს და კატასტროფული შედეგების მომტანია, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრს შტატებში მთავარ გზავნილად მიაქვს, რომ კრიმინალია ყველა, ვინც მანამდე ხელისუფლებაში იყო, და ამას ამბობს გამოძიებამდე; როდესაც პრემიერმინისტრი ინვესტორებთან შეხვედრაზე ამბობს, რომ საქართველოში სინამდვილეში საქმე ძალიან ცუდადაა და აქამდე რაც კარგი სმენიათ, ყველაფერი ტყუილი იყო. ესაა პოლიტიკური ბოღმის არაადეკვატური და ანტისახელმწიფოებრივი გამოვლინება.

თავის მხრივ, ცუდად გამოიყურება ის ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებას აკრიტიკებს, დემოკრატიის ნაკლოვანებებზე საუბრობს და ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებზე აქცენტს არ აკეთებს. ჩვენი, ოპოზიციის გზავნილიც, უნდა იყოს, რომ საქართველო იმსახურებს წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ, მაგრამ ის, რომ ოპონენტებმა „გარეთ” არ უნდა გაიტანონ ცუდი ამბები, ასე რუსეთის ფედერაციაში აყენებენ საკითხს.

კიდევ ერთი საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციაა – მთავრობა ამბობს, რომ ეს მხოლოდ პრაგმატული ხასიათისაა. ოკუპაციის კანონში მსგავსი ცვლილებები ასუსტებს თუ არა საქართველოს პოზიციებს არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით? შეიძლება თუ არა ეს განვიხილოთ, როგორც ტონის შერბილება ან მომავალი დათმობების წინაპირობა?

შეშფოთებას იწვევს საერთო კონტექსტში. თავისთავად, საგანგაშო შეიძლება არ იყოს პრაქტიკული ამოცანისთვის რაიმე გადაწყვეტილების მიღება. დღევანდელ რეჟიმშიც, ხელისუფლებას აქვს უფლება, დართოს ნება ადამიანებს, შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა გზიდან, ოღონდ ეს დისკრეცია მას ხელში უჭირავს. რას ვიღებთ ამ დისკრეციის ნაწილზე უარის თქმით, ეს არ მომისმენია. თუ ახსნის ვინმე, მოვისმენთ და გვექნება დისკუსია.

თავისთავად ის, რომ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არასათანადო ადგილას საზღვრის გადმოკვეთა დასჯადია, ოკუპირებულში კი – არა, არანორმალურია. გასაგებია, შეიძლება იყოს ვითარებები, როდესაც დაგვჭირდება, რომ არ მოხდეს იმ ადამიანების დევნა, რომლებიც არალეგიტიმური გზით შედიან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამის შესაძლებლობას დღევანდელი კანონიც იძლევა.

სხვა საკითხების მსგავსად, პრაგმატულ დათმობაზე საუბრისას, ავტომატური ისტერია არ უნდა იყოს, მაგრამ უნდა ითქვას, რისთვის კეთდება ეს.

რაც შეეხება აფხაზეთის რკინიგზას, რამდენად მიზანშეწონილია ამ თემის წამოწევა ახლა და შესაძლებელია თუ არა, ეს ინიციატივა საქართველოსთვის მოგებიანად შემოტრიალდეს?

გაუგებარია, რატომ გაკეთდა ხმამაღალი განცხადებები, როცა არ მომხდარა გააზრება, თუ რა კონტექსტში შეიძლება აწყობდეს ეს საქართველოს და როგორ შეიძლება ამის განხორციელება.

ამან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანს კითხვის ნიშნები გაუჩინა. ახალი ხელისუფლების მიერ ურთიერთობის კითხვის ნიშნებით დაწყება კარგი არაა. იმედი მაქვს, ეს არ შეუქმნის ფუნდამენტურ საფრთხეს ჩვენს ურთიერთობებს, მაგრამ, კარგ შემთხვევაში, ეს უმწიფრობის მანიშნებელია.

როგორც შემდგომში თავადაც აღიარეს, აფხაზეთის რკინიგზა დაკავშირებულია ბევრ კომპლექსურ საკითხთან, რომელზეც ჯერ პასუხები არ არსებობს, ამიტომ ძალიან ნაადრევია ამაზე ლაპარაკი.

ჩვენი პოზიცია იყო მკაფიო – ამ საკითხებზე საუბარი შეიძლება მხოლოდ დეოკუპაციის, ან ოკუპირებული ტერიტორიების ვითარების ფუნდამენტური დარეგულირების კონტექსტში.

გამოვიდა, რომ განცხადება გაკეთდა იმაზე, რაც განუხორციელებელია, ხოლო კითხვის ნიშნები შეიქმნა ყარსი-ახალქალაქის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება და ცალსახად ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. ეს მაშინ, როდესაც ყველაფერი არის პირიქით.

ეს პოლიტიკურ პრობლემებს ქმნის ჩვენს სომეხ მეგობრებთანაც, იქმნება ილუზია, რომელიც მერე ვერ ხორციელდება. ეს არანორმალურია, მკაფიო და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველა პარტნიორისთვის, რა პოზიცია გვაქვს ამ საკითხებზე, რა ბარიერებია, რა არის რეალისტური და რა – არა.

მინდა გკითხოთ განცხადებაზე, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ გააკეთა. მან თქვა, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის იმავე სცენარს ამზადებს, რაც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა, საპარლამენტო არჩევნების დროს. განცხადებამ საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია ბაქოში. ალიევის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ გაკვირვებულები არიან ამით და შეხვედრებზე ამ საკითხზე რაიმე ტიპის საუბრები უარყვეს. რას ეყრდნობოდა პრეზიდენტი და რამდენად მიზანშეწონილი იყო ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის პრობლემებზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება?

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეიძლება, გარკვეული ანალოგიები არსებობს, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი გზა და საგარეო პოლიტიკა აქვს. იქვე ხაზი გაესვა, რომ შეხვედრებისას ამ თემებზე არ უსაუბრიათ.

ჩვენც ვადასტურებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის და ალიევის შეხვედრის განხილვის თემა ეს არ ყოფილა. ესაა პრეზიდენტ სააკაშვილის ხედვა და გარწმუნებთ, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში არანაირ პრობლემებს არ ქმნის პრეზიდენტის მხრიდან გამჭვირვალედ თქმა, თუ რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას ზოგადად მეზობლების მიმართ.

ყველა ქვეყანას აქვს თავისი ტაქტიკა, თუ რას გაუკეთოს არტიკულირება და რას – არა. პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა ამის მკაფიოდ არტიკულირება. თუ აზერბაიჯანულმა მხარემ საჭიროდ მიიჩნია, დაეზუსტებინა, რომ ეს პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციაა და არა აზერბაიჯანის, მათ ეს გააკეთეს.

მე მთლიანად ვიზიარებ პრეზიდენტ სააკაშვილის ხედვას ამ ნაწილში, რომ რუსეთის ფედერაციას ასეთი გეგმები აქვს მეზობლების მიმართ. ეს არ არის პრობლემა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში.

საზოგადოებისთვის საინტერესოა თემები, რომელიც თქვენს პოლიტიკურ გუნდს ეხება – საპარლამენტო არჩევნებზე მარცხის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ აღიარა, რომ ჰქონდა დაუკონკრეტებელი შეცდომები, ამასთან განაცხადა, რომ გარდაქმნა და განახლება სჭირდება. მას შემდეგ ნახევარი წელი გავიდა, თუმცა ამ გარდაქმნისა და განახლების შედეგები ჯერ არ ჩანს, თუ არ ჩავთვლით პარტიის რამდენიმე ახალ სახეს. რა არის ამის მიზეზი და რას შეიძლება ველოდოთ „გარდაქმნის” თვალსაზრისით?

არ მსურს, ბევრი ვისაუბრო ამ თემაზე. ამ პოლიტიკური გუნდის წევრი ვიყავი, ვარ დღესაც და ვიქნები მომავალშიც, მაგრამ ვარ უშიშროების საბჭოს მდივანი, ამიტომ სუფთა პარტიულ თემებზე დეტალებში საუბარი არ მსურს. თუმცა მზად ვარ, მოკლედ გითხრათ ჩემი მოსაზრება.

თავისთავად, ცხრა წელი ხელისუფლებაში ყოფნა, ყოველთვის, ნებისმიერ ქვეყანაში, არის ამომრჩევლის დაღლა ერთი და იმავე გუნდით. ეს დაღი ცხრა წლის შემდეგ აქვს ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდს. ამ დაღის ნაწილია წლების განმავლობაში გარდაუვალი ხარვეზები – ზოგი მძიმე, ზოგი საშუალო. ემატება ისიც, რომ მიუხედავად სერიოზული ეკონომიკური პროგრესისა, რომელიც ცალსახა იყო, მიუხედავად ომისა და ეკონომიკური კრიზისისა, უმუშევრობა მაინც მაღალი იყო. ასეთი მაღალი უმუშევრობა (თვითდასაქმებულთა ნაწილიც თავს მიიჩნევს უმუშევრად), გარდაუვალი პოლიტიკური პრობლემა იყო, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან მძიმე სასტარტო პოზიციაა. ამას ემატება ჩვენი საზოგადოების ნაწილის ინერცია და ნოსტალგიური იდეა, რომ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც იტყვის – მე უნდა მოგიარო, გადაგიხადო ყველაფერი, რათა შრომის გარეშე გქონდეს კეთილდღეობა.

თუმცა სოციალურ პროგრამებზე არც ნაციონალური მოძრაობა ამბობდა უარს, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში.

ლაპარაკია კონცეპტუალურ გზავნილზე. ჩვენი მთავარი კონკურენტი იყო ადამიანი, რომლის სიმდიდრე თავისთავად იყო გზავნილი. ამას დაემატა მკაფიო გზავნილი საარჩევნო კამპანიის დროს, რომ მისი მშობლიური სოფლის მსგავსი იქნება საქართველოც – რადგან ეს კაცი პერსონალურად მდიდარია, ის შეძლებს, მოგვცეს კეთილდღეობა და ფული.

ოპოზიციის უკიდურესი სისუსტის ფონზე ამ ცხრა წლის განმავლობაში და, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, ჩვენი მხრიდან იყო მოდუნება, დისკუსიის შემცირება და გაქრობა, როგორც შიგნით, ისე გარეთ. ეს ასუსტებს ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდს, ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. შედეგად, ეს იძლევა კიდევ უფრო მეტ მოდუნებას და სისტემის შიგნით კონტროლისა და ბალანსის მორღვევას.

ამის ერთ-ერთი გამოვლინება, ყველაზე დამანგრეველი და საშინელი, იყო ციხის სკანდალი. პრობლემა იყო არა ის, რომ ცალკეული სადისტების ჯგუფი ასეთ საშინელ დანაშაულს ჩადიოდა, არამედ ის, რომ სისტემამ ეს შესაძლებელი გახადა, თავად სისტემის შიგნით არ აღმოჩნდა ამაზე ადრეული რეაგირების მექანიზმი. ეს იყო დისკუსიის და მწვავე დებატების ნაკლებობის გამოვლინება. ესაა ფუნდამენტური შეცდომა, რომელიც დაუშვა ნაციონალურმა მოძრაობამ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა რამდენიმე წლის წინ უნდა დასრულებულიყო. შეგყავთ თუ არა ეს შეცდომების ჩამონათვალში?

ნაწილობრივ არ ვეთანხმები. ვთვლი, რომ ნულოვანი ტოლერანტობის კონცეპტუალური მიდგომა სწორია ქვეყანაში, რომელსაც ჰქონდა მძიმე მემკვიდრეობა ორგანიზებული დანაშაულის, კრიმინალის და სახელმწიფოს მიმართ გაუცხოების თვალსაზრისით. მაგრამ, პრობლემაა, თუ ამას ვერ ეწევა სასამართლოს რეფორმის ტემპები და სხვა პროცესები.

როგორც ორგანიზებულ დანაშაულთან და დანაშაულთან ბრძოლის სწორი ამოცანა არანაირად არ ამართლებდა იმ სისასტიკეს და კრიმინალურ დანაშაულს, რაც ციხეში გამოვლინდა, ასევე ამ უკანასკნელის გამოვლენა არ ამართლებს რევიზიას, რომელსაც დღეს ვხედავთ. ვგულისხმობ ამნისტიას ყოველგვარი ანალიზის გარეშე, მათ შორის, რუსეთის ჯაშუშების გამოშვებას საქმის ყოველგვარი შესწავლის გარეშე. თვითონ თქვეს, რომ გრიფის მოხსნაც არ მომხდარა, ისე გამოუშვეს.

ასევე, თუნდაც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ციხის ბუნტის გამო და მისი პირდაპირ დამნაშავედ გამოცხადება, არის უმძიმესი შეცდომა და უსამართლობა. ეს ბუნტი მოწყობილი იყო ორგანიზებული დანაშაულის მხრიდან, ამის უტყუარი მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. ეს ძალიან სახიფათო სიგნალია ყველა მომავალი ვითარებისთვის, თუკი ორგანიზებული დანაშაული შეეცდება სადავეების ისევ ხელში აღებას და ამის პირველი ნიშნები უკვე არის. თუკი მსგავსი ვითარება იქნება, ნებისმიერ მომავალ ხელმძღვანელს ძალიან გაუჭირდება ლეგიტიმური ძალის გამოყენება, რაც ძალიან სახიფათოა.

პოლიტიკურ გუნდს რომ დავუბრუნდეთ, NDI-ს დაკვეთით ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერების რეიტინგი 10%-ის ფარგლებშია – დაახლოებით იმავე ნიშნულზე, რაზეც გასულ წლებში ოპოზიციის რეიტინგი იყო. რამდენად რეალისტურად აღიქვამს გუნდი თავის შესაძლებლობებს და როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა არსებული სახით, გადაიქცეს კონკურენტუნარიან პოლიტიკურ ძალად. შესაძლებელია თუ არა ეს, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებამდე?

თქვენ გინდათ, რომ პოლიტიკურ პროგნოზებში შევიდე, რასაც არ გავაკეთებ. მაგრამ ვთვლი, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს, და ასე იქნება ხვალაც, დარჩება მთავარ ოპოზიციურ ძალად.

ახლა ახალ გუნდს ამომრჩევლებთან თაფლობის თვე აქვს. დაპირებების შესასრულებლად მათთვის მიცემული მანდატი ახალია, ეს ციფრები მხოლოდ ამის მაჩვენებელია. ამავე დროს, აჩვენებს იმას, რომ მიუხედავად ძალიან აგრესიული კამპანიისა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, დაღლილობისა, ციხის ამბებისა, ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი და მყარი ალტერნატივაა. არსებითი არ არის, იქნება ეს 15% დღეს თუ 20 ან 25% ხვალ, არსებითია, რომ ესაა დღევანდელი გუნდის პოლიტიკური ალტერნატივა.

რაც შეეხება აქციას, რომლის გამართვას ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილს გეგმავს, საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ეს აქცია ღია კარის მტვრევაა. რატომ არის საჭირო ეს შეკრება? საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო რეზოლუცია, სადაც, ოპოზიციის წინადადებების გათვალისწინებით, ასახულია ქვეყნის საგარეო არჩევანი.

დეკლარაცია კარგი დოკუმენტია, კარგი პროცესის შედეგია. ის შეუდარებლად უკეთესია, ვიდრე პროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ თავიდან წარმოადგინა. მაგრამ მხოლოდ დეკლარაციებით რომ წყდებოდეს ქვეყნის განვითარების საკითხები, მაშინ შეგვიძლია საერთოდ აღარ ვიღელვოთ – ყველანაირი დეკლარაცია მიღებულია, პლებისციტიც ჩატარებული გვაქვს.

აქ ლაპარაკია არა მარტო საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც, თუ რა გზაზე დგას პოლიტიკური კლასი, რა გზაზე უნდა მას საზოგადოების წაყვანა. ამ საკითხებში ნაციონალურ მოძრაობასა და დღევანდელ ხელისუფლებას ფუნდამენტური განსხვავებები აქვს, ეს თემები საკმარისი აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, რომ საჯარო დემონსტრაციით გამოხატოს აზრი.

ამიტომ, პრემიერმინისტრის აგრესიული რეაქცია არაადეკვატურია. გასაგებია, რომ ის არ ეთანხმება ოპოზიციის შეფასებებს, მაგრამ თუ ღია კარის მტვრევაა, მაშინ საერთოდ არ უნდა იღელვოს.

ეს ფუნდამენტური განსხვავება უფრო კონკრეტულად რაში მდგომარეობს?

არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის კრიტიკული ნაწილის გზავნილია, რომ საქართველოს ცივილიზებული თავისუფალი სამყაროს ნაწილად ქცევა საფრთხეს უქმნის ნამდვილ ქართულ იდენტობას. ეს დიდი განსხვავებაა.

ჩვენი დამოკიდებულება ყოველთვის მკაფიო იყო: საქართველოს მოქალაქეა ყველა, ვინც აქ ცხოვრობს – განურჩევლად რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის, სექსუალური თუ სხვა უმცირესობისადმი კუთვნილებისა და ყველა, ვინც ცდილობს ამ თემებზე სპეკულირებას და სიძულვილის აგორებას, არის თავისუფლების და საქართველოს ინტერესების მტერი.

იყო ხალხი, ასეთები დიდი რაოდენობით არიან ახალ გუნდში, ვინც წლების განმავლობაში თვლიდა, რომ ეს არის „ქართველობის” ეროზია, რომ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, არის ერთმორწმუნე რუსეთი და ა.შ., და ეს ყველაფერი, ეკონომიკურ განსხვავებასთან ერთად, სადაც ახალი გუნდის გზავნილია, რომ მდიდარი კაცის დახმარებით, ჩვენ თქვენ ნაცვლად მოვაგვარებთ პრობლემებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა საერთო სასამართლოს შესახებ კანონია. უკვე ცნობილია ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც კანონპროექტის ნაწილი დადებითადაა შეფასებული, თუმცა არის რეკომენდაციები, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლებამოსილება არ შეუწყდეთ, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს. თქვენ როგორ აფასებთ ამ ყველაფერს?

ეს საკვანძო საკითხს უკავშირდება – რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის ვადაზე ადრე შეწყვეტა დაუშვებელია. ეს ეხება ახალი გუნდის კურსს, რომელიც მოვიდა არა რევოლუციის, არამედ არჩევნების გზით, მაგრამ ყველა ინსტიტუტთან მიმართებაში, რომელიც პოლიტიკურად პრობლემურად მიიჩნია, არ ელოდება ლეგიტიმური პროცესის დასრულებას, ცვლის არა მხოლოდ თამაშის წესებს, არამედ ახლავე სურს პოლიტიკური კონტროლის ხელში ჩაგდება. ან, როგორც მინიმუმ, როგორც თავად ესმის, ცდილობს სხვისი კონტროლის მოშლას. ეს შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მაგალითად, დაზვერვის ან სახელმწიფო დაცვის სამსახურს.

ყველაზე დიდი დარტყმა იყო თვითმმართველობაზე. თვითმმართველობის დამოუკიდებლობის მთავარი აზრია, რომ ის არაა მიბმული ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ახალი გუნდის ძალადობრივი ძალისხმევით მოხდა დემონსტრირება, რომ მთავრობის შეცვლა ნიშნავს თვითმმართველობის შეცვლას. ეს კატასტროფული გზავნილია თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის ტრადიციისთვის.

ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, რომ თვითმმართველობები ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკური კონტროლის ქვეშ იყო. შეიძლება, ნაწილობრივ, კრიტიკა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ ეს არჩევნების შედეგი იყო – ერთმა და იმავე პოლიტიკურმა გუნდმა მოიგო საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები. ახლა გვქონდა ვითარება, როცა უნდა მომხდარიყო დემონსტრირება, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა რამეა. ამის ძალადობრივი ჩახშობა მოხდა.

სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, ეს იქნება პოლიტიკური კონტროლის დამყარების დემონსტრირება. ეჭვი მაქვს, ამ რეფორმის მთავარი ამოცანა სწორედ ეს იყო. დანარჩენი კამუფლაჟია, რომელიც დიდ პოლიტიკურ დისკუსიას არ იწვევს. იმ კერის ახლავე მოშლა, რომელიც, მათი გაგებით, პრობლემებს უქმნით, დეკლარირებული ამოცანაა. ამაზე საჯაროდ საუბრობს იუსტიციის მინისტრი.

ასეა სხვა საკითხებშიც. რეალური ამოცანები პრემიერის განცხადებებში ჩანს. მან ჩვენკენ გზავნილი გამოუშვა, რომ თუ პოლიტიკურად შემაწუხებთ, მაშინ დაგიჭერთ. იუსტიციის მინისტრის რიტორიკაც ასეთია, რომ ეს ხალხი პრობლემებს გვიქმნის და ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ.

ეს შეეხება აგრარული უნივერსიტეტის კრიზისსაც – განათლების სამინისტროსა და პირადად მინისტრის სკანდალურ ნაბიჯს, რომელიც იყო ღია პოლიტიკური ანგარიშსწორება სამარცხვინო ბიუროკრატიული მეთოდებით. ეს მხოლოდ ჩემი ინტერპრეტაცია არაა, თავად თქვეს: იყო ბენდუქიძის მიმართ ღია პოლიტიკური სიძულვილის გამომხატველი საჯარო განცხადებები განათლების მინისტრის, შემდეგ კი პრემიერის მხრიდან. საჯაროდ ითქვა, რომ ეს არის საზოგადოების მტერი, არის „ცუდი ადამიანი” და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი.

აგრარულ უნივერსიტეტს შეეხეთ. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი, რომელმაც უნივერსიტეტის დახურვის გადაწყვეტილება გამოიტანა, წინა ხელისუფლების დროს, შაშკინის მინისტრობის პერიოდში შეიქმნა და ლიბერალიზაციიდან ბიუროკრატიზაციისკენ სვლის ერთ-ერთი ნაწილი იყო. არ ფიქრობთ, რომ იმაზე, რაც დღეს ხდება, პასუხისმგებლობა წინა მთავრობასაც ეკისრება?

პასუხისმგებლობას რაც შეეხება, შეიძლება, ნაწილობრივ იზიარებს. უფრო მეტად უნდა მომხდარიყო დერეგულირება, რათა ნებისმიერ სხვა ტიპის პოლიტიკურ გუნდს ნაკლები ინსტრუმენტი ჰქონოდა. იმ პოლიტიკური გუნდის პირობებში, რომელსაც მე წარმოვადგენ, აბსოლუტურად გამორიცხული იყო ვითარება, რომ სულელური ან ნახევრად სულელური ხარვეზებისთვის ბიუროკრატიულ ორგანოს უნივერსიტეტი დაეხურა. მით უმეტეს, იმის გამო, რომ იქ პოლიტიკურად ოპოზიციურად განწყობილი ფიგურა იყო სათავეში.

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური თანაცხოვრების პროცესს. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეთანხმების მიღწევის მცდელობები იყო, შეხვედრებისას გამოიკვეთა ის საკითხები, რაზეც კონსენსუსი შესაძლებელი ჩანდა, თუმცა საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ დღეს კოაბიტაციის მცდელობა ჩიხშია შესული?

ვფიქრობ, ეგ საკითხი შეიძლება მალე გადაწყდეს. კონსტიტუციასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოლიტიკური ძალის განსხვავებული პოზიცია არ არის თავისთავად კოაბიტაციის პრობლემა. პრობლემის ძირი არის არა აზრთა სხვადასხვაობა კონსტიტუციასთან დაკავშირებით, არამედ დამოკიდებულება, რომელიც ჩანს ყველაფერში. კოაბიტაციის პრობლემად იქცა ის, რომ გამარჯვებულმა გუნდმა საკითხი ასე დასვა – თუ იმას არ გააკეთებთ, რასაც ჩვენ მივიჩნევთ კონსტიტუციასთან მიმართებაში საჭიროდ, მაშინ წაგართმევთ დაცვას, სიტყვით არ გამოგიყვანთ, მოვიყვანთ აგრესიულ ხალხს, გცემენ, პოლიცია კი არ დაგიცავთ და ა.შ. ეს არის კოაბიტაციის და უფრო შორს რომ წავიდეთ, დემოკრატიის პრობლემა.

მე საჯაროდ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი იმ საკონსტიტუციო მოდელის მიმართ, რომელიც 2004 წელს იქნა მიღებული. ვიყავი მკაფიოდ საპრეზიდენტო, ან მკაფიოდ საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე. ჰიბრიდული მოდელები არასდროს მომწონდა. თუმცა, შეფასებები, რაც ახლა გვესმის, რომ ესაა დიქტატურა და ტირანია, კომიკურია.

პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნა პოლიტიკურად აბსოლუტურად გამორიცხულია. ეს ესმის ყველას. რა უნდა მოუტანოს ამან ვინმეს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას ან პრეზიდენტს? პრეზიდენტმა ეს თქვა ძალიან მკაფიოდ.

როგორც ჩანს, დამოკიდებულებაში, რომელიც პირველ რიგში პრემიერმინისტრს აქვს, არა მხოლოდ პრაგმატული, არამედ ემოციური მხარეც არის, რომ თქვენ მორალური უფლება არ გაქვთ, ასე მწვავედ გვაკრიტიკოთ. ეს ძალიან სახიფათო სიმპტომია.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები