საქართველოს პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიებით სარგებლობაში პრობლემას ვერ ხედავს

ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ოფშორული კომპანიებით სარგებლობაში პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, ბიზნესელიტა ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს საგადასახადო ოპტიმიზაციისთვის იყენებს. 

"ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ბიზნესმენს, ვინც ოფშორული კომპანიებით არ სარგებლობს. ეს ნორმალური ფაქტია და არც მე ვარ გამონაკლისი. რუსეთში ბიზნესსაქმიანობისას, წლების წინ შევქმენი პრეცედენტი და გამოვაცხადე ჩემი ბიზნესის კონკრეტული აქციონერები, ასევე აღვნიშნე, რომ მთლიანად მე ვიყავი რასიისკი კრედიტის მფლობელი. ამის ვალდებულება არ მქონდა, მაგრამ გამოვაცხადე, რადგან გამჭვირვალობა ჩემი ცხოვრების წესია. ადამიანმა არ უნდა იცრუოს", - განაცხადა პრემიერმა. 
მისივე განმარტებით, ვირჯინის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიის სახელიც კი არ ახსოვს, რადგან მნიშვნელოვანი კომპანია არ იყო. 
"მას მართავს მთელი ჯგუფი და მისი სახელი რომ მახსოვდეს, გამორიცხულია. ჩემს დეკლარაციაზე, ვფიქრობ, კითხვები არ არსებობს. ის, რომ ბიზნესმენი ოფშორულ კომპანიას იყენებს, ჩვეულებრივი პრაქტიკაა. თუკი რამე ცდომილება იქნება, აუცილებლად გამოვასწორებ. არ გამოვრიცხავ, რომ იყოს ცდომილება და თუ დავჯარიმდები კანონმდებლობით, პრობლემა ამაშიც არ იქნება", - აღნიშნა პრემიერმა. 
საქართველოს პრემიერმინისტრი ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიების მფლობელთა რიცხვში გასულ კვირას The Guardian-მა აღმოაჩინა.

კომენტარები