აგვისტოს ომის გამოძიება

პაატა ზაქარეიშვილი: ომის გამოძიებაზე უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ უმცირესობის მხრიდან უაზრო კამათი და უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა. ზაქარეიშვილის შეფასებით, აგვისტოს ომი გარდაუვალი არ იყო და სწორედ ამიტომ მუშაობდა რუსეთი ინტენსიურად საქართველოს ხელისუფლების ომში ჩასათრევად. 

ზაქარეიშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გამოძიების თემაზე ასეთი წინააღმდეგობის გაწევა, აჩვენებს რომ ეს გამოსაძიებელი თემაა.

"არსებობს ბევრი კითხვა, რაზეც პასუხები არ არის. არსებობს როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი კითხვები. მაგალითად, წლების განმავლობაში სააკაშვილი და მისი გუნდი ამტკიცებდა, რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს. 2007 წლის 12 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა მერიაში შეკრებილ აუდიტორიას პირდაპირ უთხრა, რომ მასთან რუსებს წამოსცდა, რომ ცხინვალი არ აინტერესებთ. მან დევნილებს მიმართა, რომ არა რამდენიმე წელიწადში, არამედ სულ მალე - რამდენიმე თვეში დააბრუნებდა სახლებში. 2007 წლის მაისში ჯონ ტეფტი სოხუმიდან ჩამოვიდა, სადაც დე-ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა. ბაღაფში ამერიკული მხარის მეშვეობით ამბობს, რომ მზად არის, დაელაპარაკოს ქართულ მხარეს. ამაზე ტეფტს მერაბიშვილმა უთხრა, რომ ბაღაფში გალოთებულია, სიტუაციას ვერ აკონტროლებს და გენერალ კომოგოროვიდან იცის, რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს," განაცხადა ზაქარეიშვილმა.

10 აპრილს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრემიერმა აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში შეიძლება პრეზდენტიც დაიკითხოს. ივანიშვილის თქმით, საქართველოს სამხედრო დანაყოფებმა მანამდე დაიწყეს საბრძოლო მოქმედება, ვიდრე რუსეთი საზღვარს გადმოლახავდა. განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, მისი თქმით, ის ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს. სააკაშვილის თქმით, პრემიერს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, რომ ომი სააკაშვილის მთავრობამ დაიწყო. 

კომენტარები