პატრული

პატრულის თანამშრომლებმა ნაციონალური მოძრაობის 19 აპრილის აქციის პლაკატები ჩამოხიეს

ნაციონალური მოძრაობის  წევრმა ირმა ნადირაშვილმა ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ასახულია თუ როგორ ხევენ პატრულის თანამშრომლები ნაციონალური მოძრაობის 19 აპრილის აქციის ბანერს. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები უკვე რამდენჯერმე დააფიქსირეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ მინისტრი პატრულს აძლევს ისეთ დავალებებს, რომელიც არ არის შესაბამისი მათ საქმიანობასთან. ჩვენთვის ეს არის ძალიან სამწუხარო და ამაზე ხმამაღლა გვსურს ვისაუბროთ, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ პატრული ეს არის ახალი საქართველოს სიმბოლო, ის სარგებლობს ნდობის მაღალი ხარისხით", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.  

საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ პლაკატების განთავსება ისეთ ადგილებში, სადაც ეს არაა დაშვებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. 

"ამ სამართალდარღვევეbის აღმოფხვრის მიზნით, საპატრულო ეკიპაჟმა გამოიჩინა ზედმეტი ინიციატივა და თვითნებურად მოხსნა ეს წარწერები. ამ ფაქტს შესაბამისი სამსახური შეისწავლის. არსებობს მინისტრის კატეგორიული გაფრთხილება, რომ ხელი არ შეეშალოს 19 აპრილის აქციის მზადებას და პოლიციამ არ დაუშვას გადაცდომები, არ გაიმეოროს წარსულის რეციდივები, არ ჩაერთოს პოლკურ პროცესებში, როგორც ეს ხდებოდა გასული წლების განმვლობაში", - აცხადებს  ლევან მაჭავარიანი. 

 

კომენტარები