პრეზიდენტის გამოსვლა

პრეზიდენტი: ამერიკის ხელმძღვანელობა როკის გვირაბის დაბომბვას განიხილავდა

0 კომენტარი

მიხეილ სააკაშვილმა დღეს გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აფრთხილებდა, ომში არ ჩართულიყო. სააკაშვილის თქმით, ეს არის ერთადერთი სიმართლე, რაშიც ნინო ბურჯანაძე არ იტყუება.

"ჩვენ რას ვეუბნებოდით?! - "ჩვენ არ ჩავერთვებით, კონდი, ძვირფასო, მაგრამ თქვენ რას გააკეთებთ, თუ ისინი მაინც შემოვლენ?", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, - "2007 წელს კონდოლიზა რაისსა და ვლადიმერ პუტინს შორის ძალიან მძიმე საუბარი შედგა და მაშინ ამერიკელებმა დაახევინეს უკან".

პრეზიდენტმა ამერიკის ექსპრეზიდენტ, ჯორჯ ბუშთან ომის პერიოდში საუბარიც გაიხსენა: 

"დამირეკა ბუშმა, როდესაც ჯარი მოდის უკვე თბილისისკენ და მეკითხება, "აბა, როგორ ხარ, მიშა, არც ისე კარგად, ხომ?". მე ვუთხარი, "მე როგორა ვარ, ძვირფასო პრეზიდენტო, ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე შეიძლება, ხვალ აღარ ვიყო, მაგრამ თქვენ არ უნდა იყოთ კარგად, ასე მგონია, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა მამათქვენის პრეზიდენტობის დროს და თქვენი პრეზიდენტობის დროს თბილისზე დაძრული ჯარი თუ შემოვიდა, საბჭოთა კავშირი აღდგება და თქვენ როგორ ჩაიწერებით ისტორიაში, ამაზე იფიქრეთ"-მეთქი. მან მითხრა, "დამაცადეთ, თათბირი მაქვსო". დაძრეს მე-6 ფლოტი. სასმელი წყალი მართლა არ ყოფილა, რაც გამოაგზავნეს, სარაკეტო კრეისერი იყო. რუმინეთში ბაზაზე S-16 გადმოფრინდა, თურქეთში NATO-ს ბაზა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. მე ვფიქრობ, დაგვიანებული იყო, მაგრამ რუსეთს ნათლად უთხრეს, რომ წითელი ხაზი გავლებულია. ამ დროს თბილისში იყო აქცია. ახლა ვიღაც იძახის, რომ ეს იყო ტაშ-ფანდური. ჩემმა მტერმა იტაშფანდურა ისე! ამ აქციის მიზანი იყო, მთელს მსოფლიოს ენახა, რომ დემოკრატიული სამყარო დგას ჩვენთან", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ამერიკის ხელმძღვანელობის შიგნით როკის გვირაბის დაბომბვის გეგმა განიხილებოდა. "ძალიან ვწუხვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს", - დასძინა სააკაშვილმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები