ნარკოპოლიტიკა

კანონიერი მკვლელობის პოლიტიკა

0 კომენტარი
სამკურნალო მარიხუანა სიეტლის სამედიცინო დისპანსერში ფოტო: Reuters

როდესაც ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში ნარკოტიკების მომხმარებლების სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკის გადახედვის შესახებ წავიკითხე, იმედი გამიჩნდა. ვიფიქრე, საზოგადოების აზრი შეისწავლეს და შეგნებულად მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, როდესაც ჟურნალისტმა პრემიერმინისტრს ერთ-ერთი შეხვედრის დროს ამ საკითხზე აზრი ჰკითხა, პრემიერმა მიუგო – არ ვიცი, არ მიფიქრია და გავერკვევიო. შინაგან საქმეთა მინისტრმა, მას შემდეგ რაც, როგორც ჩანს, გაერკვა, განაცხადა, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია. პასუხებმა ნათელი გახადა, რომ მმართველი ძალა ამ თემასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებელი არ არის და საკითხიც წინასაარჩევნო პროგრამაში ალბათ შემთხვევით მოხვდა. თუმცა საუბარი თემაზე არ წყდება და ახლო მომავალში კანონმდებლობაში ცვლილებას უნდა ველოდოთ. ოღონდ კვლავ უცნობია ცვლილების მიმართულება.

ბიზნესი ბუღალტრული ბალანსის საშუალებით სწრაფად და ობიექტურად ხვდება საკუთარ მდგომარეობას. მთავრობას მსგავსი საშუალება არ გააჩნია. მთავრობის პოლიტიკის წარმატება-წარუმატებლობის გარკვევის ერთადერთ საშუალებად დისკუსია რჩება და სწორედ განხილვის პროცესში მოყვანილი არგუმენტები აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს. თუ საზოგადოებრივი აზრის მიმართულება ეჭვს აღარ იწვევს, პოლიტიკური ძალისთვის მოგებიანი და უსაფრთხო ხდება, მისი გამხმოვანებელი და მხარდამჭერი იყოს. აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდებოდეს ისეთი პრობლემის შესახებ, რომელიც ათიათასობით თანამოქალაქეს უშუალოდ და ასეულათასობითს ირიბად ეხება.

მიუხედავად საზოგადოების ინტერესისა, საკითხი მიჩქმალულია. ინფორმაციის მწვავე დეფიციტი იმითაც დასტურდება, რომ საქართველოში სტატისტიკური ინფორმაცია ნარკოტიკების მომხმარებლების შესახებ მარჩიელობის თემაა. თუ შესაძლებელია ვიცოდეთ, როგორია ქვეყანაში ბავშვთა სიკვდილობა ან ჰეპატიტის შესახებ სტატისტიკა, რატომ უნდა იყოს მიუწვდომელი ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების რაოდენობის და მათი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ?

მომხმარებლებისთვის და მათი ახლობლებისათვის ცნობილია, რა სიმწვავის პრობლემაზეა საუბარი. აქ ხომ არა მხოლოდ უშუალოდ მომხმარებლის ცხოვრება ინგრევა, არამედ ოჯახის კეთილდღეობაც წევრის ავადმყოფობას ეწირება. გასაკვირი არაა, მეზობლის პრობლემით შეშინებული ადამიანები პანიკაში იყვნენ და ნებისმიერი საშუალებით ცდილობდნენ საკუთარ ოჯახში ანალოგიური ტრაგედიის პრევენციას. მაგალითად, აივ ინფექციის გავრცელების დროსაც, ადამიანების ბუნებრივი თავდაცვითი რეაქცია იყო დაავადებული ადამიანების იზოლირების სურვილი. თუმცა ამ შემთხვევაში საღმა აზრმა გაიმარჯვა, სახელმწიფოებმაც განსხვავებული მიდგომა აირჩიეს და წლების განმავლობაში სხვადასხვა ინტერესჯგუფის მიერ გაწეულმა საგანმანათლებლო საქმიანობამ ეს ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივ წევრებად დატოვა.

არგუმენტებს ორ ნაწილად გავყოფდი. ღირებულებაზე და შედეგებზე დამყარებულ არგუმენტებად. თავისუფლება რომ თავისთავადი ღირებულებაა, სამწუხაროდ, საზოგადოების მცირე ნაწილისთვისაა არგუმენტი. თავისუფლება ნიშნავს საკუთარი ქცევის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას. შესაბამისად, თუ ნარკომანიის შედეგი ადამიანისთვის დამღუპველი აღმოჩნდება, ეს მისი საქმეა. ნარკომანის გადასარჩენად დაპატიმრებისა და ციხეში გამოკეტვის არდაფინანსების გამო თავს დამნაშავედ არ ვიგრძნობ.

თუ საზოგადოებაში პიროვნული თავისუფლების და პასუხისმგებლობის, როგორც ღირებულების რწმენა ძლიერია, სხვა არგუმენტი ზედმეტიც კი იქნება. თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ღირებულებების შემოწმება სწორედაც მათი გამოყენების საფუძველზე დამდგარი შედეგების შედარებით შეიძლება. ყაჩაღობა ცუდია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიბლიაში ან კანონში წერია სხვისი ქონების მისაკუთრება არ ვარგაო, არამედ იმიტომაც, რომ მსხვერპლს სასარგებლო საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას უკარგავს, რითიც, საბოლოო ჯამში, მთელი საზოგადოება ზარალდება.

აკრძალვის შედეგად, ნარკოტიკების მომხმარებლებმა ალტერნატიული საშუალება მოძებნეს და ლეგალური მედიკამენტებისაგან ბევრად უფრო მავნე, მძიმე ნარკოტიკების დამზადების ტექნიკა წარმატებით აითვისეს.

წინა ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახერხა არა პრობლემის, არამედ კონკრეტული ნივთიერებების – ჰეროინის, სუბუტექსის და კანაფის ბაზარზე ხელმისაწვდომი რაოდენობის შემცირება, შესაბამისად, გაიზარდა ამ ნარკოტიკების ფასი. ადამიანს ინოვაციის უნარი რომ არ ჰქონდეს, ეკონომიკური კანონიდან გამომდინარე, პროდუქტზე ფასის ზრდას მომხმარებლის რაოდენობის შემცირება უნდა გამოეწვია.

თუმცა ასეთი პოლიტიკით მომხმარებლების რაოდენობის შემცირება არ დასტურდება. მომხმარებლებმა ალტერნატიული საშუალება მოძებნეს და ლეგალური მედიკამენტებისაგან ბევრად უფრო მავნე, მძიმე ნარკოტიკების დამზადების ტექნიკა წარმატებით აითვისეს. „ჯეფი" და „კრაკადილი" ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად კლავს, ვიდრე ჰეროინი. ახალი შსს მინისტრი ძველს არა მხოლოდ მეტყველების არასტანდარტულობით ჰგავს, არამედ, როგორც აღმოჩნდა, მისი იდეური მემკვიდრეცაა. მოქმედი მინისტრის თქმით, 400 მედიკამენტის გაყიდვა, რომელიც ამჟამად აფთიაქში ურეცეპტოდ იყიდება, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად აიკრძალება. წარმოდგენაც რთულია, რა შედეგებამდე მიგვიყვანს სავალდებულო რეცეპტურის შემოღება იოდზე და მსგავს სამკურნალო საშუალებებზე. ასეთი პოლიტიკა, ერთი მხრივ, იქნება მედიკოსების მათთვის შეუსაბამო საქმიანობაში ჩართვის მაპროვოცირებელი, ხოლო მეორე მხრივ – ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის მედიკამენტების ფასის ზრდის მიზეზი. ეს კიდევ ერთი გადასახადია, რაც რიგითმა მოქალაქეებმა უნდა გაიღონ მთავრობის არაადეკვატური პოლიტიკის გამო.

ინტერნეტის ეპოქაში, დაინტერესებული ადამიანებისთვის ინფორმაცია დამალული აღარაა. ყველას შეუძლია მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც ნარკოტიკების, ასევე მსოფლიოს მთავრობების მიერ „ნარკოტიკებთან ომით" მიღწეულ შედეგებზე. მოხმარების კრიმინალიზაციის ყველაზე ცნობილი შედეგები – შავი ბაზრის სტიმულირება, კრიმინალის ზრდა, მომხმარებლებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესაძლებლობების შემცირება – აკრძალვის პოლიტიკის შედეგებია, რაც მთავრობის იდეოლოგიური ძალისხმევით, ნარკოტიკების მოხმარებას მიეწერებოდა.

აკრძალვით გამოწვეულ კიდევ ორ შედეგს იშვიათად ექცევა ყურადღება – ჩნდება არსებულზე ძლიერმოქმედი ინოვაციური ნარკოტიკების შექმნის სტიმული და ნარკოტიკის არასტანდარტული დოზირების პრობლემა. მაგალითად, კრეკის შექმნა ჰეროინის და კოკაინის აკრძალვის გარეშე არ მოხდებოდა. ხოლო დოზირების სტანდარტიზაცია ისე, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში, ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ნარკოტიკის გამყიდველის კეთილსინდისიერებაზე ხდება დამოკიდებული. ნარკობიზნესი აუცილებლად იპოვის ჯანმრთელობისთვის უფრო სარისკო ქიმიურ საშუალებებს, შესაბამისად, უფრო მეტი მომხმარებელი დაიღუპება დროზე ადრე ახალი „ნეოკრაკადილის" გამოგონების ან დოზირების შეცდომების გამო.

ნარკოტიკები აფთიაქში ისევე რომ იყიდებოდეს, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, სრულიად განსხვავებული სურათი გვექნებოდა. მომხმარებელს ექნებოდა ინფორმაცია ხარისხზე პასუხისმგებელი მწარმოებლის, სწორი დოზირების შესახებ, გართულების პრევენციის და, რაც მთავარია, ნარკოტიკის სიიაფის გამო, კრიმინალი აზრს დაკარგავდა. რომელიმე ხელისუფლებამ ჰეროინის და კოკაინის აფთიაქში გაყიდვა რომ დაუშვას, ცხადია, პირველ ეტაპზე საზოგადოების დიდი ნაწილი შოკში აღმოჩნდება. ამიტომ მგონია, მთავარი, რაც უნდა გვაღელვებდეს, არის პოლიტიკის მიმართულება.

მსოფლიოს აქვს ნარკოტიკების ჯგუფებად დაყოფის და მათთან მიმართებაში განსხვავებული პოლიტიკის წარმოების გამოცდილება. კანაფს მსუბუქი ნარკოტიკების ჯგუფს მიაკუთვნებენ, თუმცა რომელი ნარკოტიკია მსუბუქი და რომელი მძიმე, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი საკითხი არის კანონიერი ალტერნატივის გაჩენა, როდესაც არალეგალური და, შესაბამისად, სარისკო ქცევის ჩანაცვლება, შეიძლება ნაკლებად სარისკო ლეგალური ქცევით. მომხმარებელი, როგორც პრაქტიკით დასტურდება, რაციონალურად ირჩევს მეტ უსაფრთხოებას და ნაკლებ ფინანსურ პრობლემებს.

მთავრობებმა ნარკოტიკებთან ომი დიდი ხანია წააგეს. ომი დასრულდა, მსოფლიო მხოლოდ კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერას ელოდება. მარცხის აღიარება ამერიკის შეერთებულ შტატებში შარშან დაიწყო, როდესაც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული ნივთიერების – კანაფის ლეგალიზაცია (და არა უბრალოდ დეკრიმინალიზაცია) მოხდა კოლორადოსა და ვაშინგტონის შტატებში.

მალე ანალოგიური პოლიტიკა საყოველთაოდ მიღებული გახდება. გაერთიანებული ერების გლობალური კომისიის მიერ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისადმი დაგზავნილი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის რეკომენდაციებიც მნიშვნელოვანი მესიჯია. უნდა გვესმოდეს, რომ საუბარია მცდარი პოლიტიკის შედეგად მოქალაქეების მასშტაბურ მკვლელობაზე, რომელსაც ერთობლივად ჩადიან პოლიტიკოსები, ვაი-ექიმ-მეცნიერები და თითოეული მოქალაქე, ვინც რეპრესიულ პოლიტიკას ემხრობა. ასეთი პოლიტიკის წარმოება მხოლოდ ინფორმაციის დამალვის და ფალსიფიკაციის შედეგად შეიძლებოდა ყოფილიყო ხანგრძლივი მეოცე საუკუნეში, როდესაც ხელისუფლებები მარტივად აკონტროლებდნენ ტრადიციულ მედიას. ეს 21-ე საუკუნეში შეუძლებელია.

საინტერესოა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების კონსულტაციების შედეგი – 400 მედიკამენტი თავისუფალი გაყიდვისგან ვინ უნდა დაიცვას? საწყენი იქნება, თუ ასეთ ცოდვილ საქმეში ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს გელა ლეჟავას კონკურენციას მოქმედი მინისტრი გაუწევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები