კულტურული მემკვიდრეობა

იშხანი – ერთ მეჩეთს შეწირული კულტურული მემკვიდრეობა

იშხნის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები, რომელსაც თურქული მხარე ახორციელებს, მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. ქართველი სპეციალისტები ადგილზე დაუშვეს, თუმცა ოფიციალური შეთანხმების გაფორმებამდე, რომლის დადებაც წლებია ჭიანურდება, უნიკალური არქეოლოგიური მასალა ნადგურდება.


ფოტო: ბუბა კუდავა
ქართველი სპეციალისტები ადგილზე 17 აპრილს დაუშვეს. მათ რეკომენდაციების შემუშავებისა და რესტავრაციის დაკვირვების საშუალება აქვთ. თუმცა შეთანხმების გაფორმებამდე, რეკომენდაციების გათვალისწინება მხოლოდ მეზობელი ქვეყნის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ქართულ სახელმწიფოს ამ სავალალო პროცესების აცილების შანსი უკანასკნელ წლებში არაერთხელ მიეცა, თუმცა მრავალი მიზეზის გამო, ეს ვერ მოხერხდა. იშხანი ერთ-ერთია, რომელიც გაწელილ მოლაპარაკებებს ემსხვერპლა – წლების მანძილზე ინგრეოდა და დღესაც ინგრევა ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ არაერთი უნიკალური ძეგლი: ოშკი, ხახული, ხანძთა...

2012 წელს, მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ჩაიშალა თურქულ-ქართული მოლაპარაკებები, მეზობელმა სახელმწიფომ იშხნის რესტავრაციაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში თურქულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს. რესტავრაცია წელს, გაზაფხულზე განახლდა.

აპრილის დასაწყისში, ქართველი სპეციალისტების ჯგუფი, რომელთა შორის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავაც იყო, იშხანში ჩავიდა, სადაც არქეოლოგიური თვალსაზრისით ტრაგიკული სურათი დახვდა. მიმდინარეობდა იატაკის ფენის დადაბლება დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე. გამოთავისუფლებული მიწის მასა გარეთ გაჰქონდათ, რის შემდეგაც მას ბულდოზერით სატვირთო მანქანაზე ყრიდნენ და ახლოს მდებარე სასაფლაოზე მიჰქონდათ.

„ვისაც ახსოვს ძველი იშხანი, იქ არსებობდა გამყოფი კედელი, გვიანი შუა საუკუნეების, დასავლეთ მკლავი გამოიყო ძირითადი ტაძრისგან, რადგან მთლიანად მეჩეთად ვერ აითვისეს და ის ერთ მკლავში იყო მოწყობილი. ეს კედელი დაშალეს და გამოთავისუფლებელი ქვებიც დაგვხვდა დაყრილი. ქვები შეიცავდა ფრესკებისა და ორნამენტების ფრაგმენტებს და ერთმანეთზე ისე ეყარა, რომ არაერთი ფრესკა მნიშვნელოვნად დაზიანდა და გაფუჭდა”, – აცხადებს ბუბა კუდავა.

ტაძრის დასავლეთ მკლავში, დადაბლების პროცესში, მუშები დავიდნენ იატაკამდე, რომელიც, როგორც ადგილზე ჩასულმა მკვლევრებმა პირველადი დათვალიერებით აღნიშნეს, მეთერთმეტე საუკუნის უნდა იყოს. ეს უნიკალური აღმოჩენა, რომელსაც ბევრის თქმა შეუძლია ძეგლის ისტორიაზე, მუშებს ეკუთვნით, რადგან ადგილზე არ იყო არცერთი სპეციალისტი. მთელ ამ, ერთი შეხედვით, მექანიკურ სამუშაოს, ასრულებდა ტექნიკური პერსონალი, რომელსაც არანაირი კვალიფიკაცია არ გააჩნდა.

დასავლეთ მკლავში სწორედ იმ ადგილას, სადაც ცოტა ხნის წინ უნიკალური იატაკი აღმოაჩინეს, დამონტაჟდა ხარაჩოები. კუდავას თქმით, არავის შეუსწავლია, ამ მძიმე კონსტრუქციას შეუძლია იატაკის დაზიანება და, შესაბამისად, ისტორიული ფრაგმენტის განადგურება, თუ არა. მისივე სიტყვებით, როცა ასეთ მნიშვნელოვან ძეგლზე სამუშაოები მიმდინარეობს, ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია რაღაც გაფუჭდეს. ამასთან, არ არის გამორიცხული, თხრისა და გაწმენდის პროცესში მუშებმა იპოვონ რაიმე არქეოლოგიური მასალა, მონეტა ან ლითონის ფრაგმენტი და მიითვისონ.


ფოტო: ბუბა კუდავა
„პირდაპირ გუმბათის ქვეშ საეჭვო თხრილია გაკეთებული, რომელიც აუცილებელი არ იყო დადაბლების პროცესისთვის. გვაქვს ეჭვი, რომ მათ ამ ადგილას რაღაც შენიშნეს, რაღაცას წააწყდნენ და გააგრძელეს თხრა. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ჯგუფის წევრებმა აქ ძვლების ფრაგმენტებიც შეამჩნიეს. არ არის გამორიცხული, სამარხი ეპოვათ. ასევე შესაძლებელია, რომ დროდადრო ეს ქმედება მიეჩქმალათ და მიმოეფანტათ ნაპოვნი მასალა, ან გადაეყარათ. ფაქტია, არანაირი სხვა ლოგიკით არ იყო საჭირო ამ თხრილის გაკეთება”, – ამბობს კუდავა.

დაადაბლეს საკურთხევლის გარშემოსავლელიც, რომელიც არქეოლოგიური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობისაა. მეშვიდე საუკუნეში ნერსე კათალიკოსის დროს აშენებული ტაძრიდან, მიჩნეულია, რომ შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველი. არის სხვა ვარაუდიც, თუმცა ამ სამუშაოს არა სპეციალისტები, არამედ მუშები ახორციელებენ.

სპეციალისტებისთვის აქამდე ძალიან რთული იყო ჭიქური კრამიტის ფრაგმენტის პოვნა, რომლითაც ტაძარი იყო დახურული. მაშინ, როცა იატაკიდან გამოთავისუფლებულ მიწის მასაში, პირველადი დაკვირვებით, უკვე შესაძლებელი გახდა ათეულობით ასეთი, მათ შორის, საკმაოდ მოზრდილი ფრაგმენტის პოვნა.

გამორჩევის პროცესში, რომელიც ექსპედიციამ ადგილზევე დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მრავალფეროვანი იყო ტაძრის სახურავის ფერები. იპოვეს ისეთი შეფერილობის ჭიქური კრამიტი, რომელიც შემორჩენილ სახურავზე არ გვხვდება. ზოგან ეს კრამიტები საინტერესო ფორმებსაც შეიცავს, შემორჩენილია გადაბმის ადგილებიც, რაც ტაძრის პირველსახის რეკონსტრუქციისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს.

იატაკი ალაგ-ალაგ დააზიანეს. ის შეიცავს სხვადასხვა ორნამენტს, თეთრ, შავ და აგურისფერ მოხატულობას. ბუბა კუდავას თქმით, მას მიწა ჰქონდა მიყრილი, რომ დაზიანებისგან დაეცვა, მაგრამ ვინაიდან ხელმძღვანელი ადგილზე არ იყო – მუშები ვერ მიხვდნენ, როდის დავიდნენ იატაკის დონეზე და თხრა გააგრძელეს.


ფოტო: ბუბა კუდავა
ქართველი სპეციალისტების ჯგუფისთვის ცნობილი გახდა, რომ თურქული მხარე ამ ტერიტორიაზე ქართული კულტურის სხვა უნიკალური ძეგლების რესტავრაციასაც აპირებს. თუ გავითვალისწინებთ არსებული სამუშაოების ჩატარების დონეს, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რასთან გვექნება საქმე, თუ ოფიციალური შეთანხმება არ გაფორმდება.

შეთანხმება წლების მანძილზე ვერ მოხერხდა. საქართველოს სახელმწიფოსა და თურქეთს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, თურქეთში მდგარი ქართული სამი-ოთხი კულტურული ძეგლის აღდგენის სანაცვლოდ, საქართველოში ოსმალური კულტურის იმდენივე ძეგლის რესტავრაციაზე. მოლაპარაკებებში გათვალისწინებული იყო ქართველი სპეციალისტების ჩართვა ტაო-კლარჯეთში მდგარი ძეგლების აღდგენის პროცესში.

გარდა იმისა, რომ ხანძთის გუმბათი უბრალოდ ჩამოინგრა, ოშკი ქართულ საზოგადოებას სისტემატურად ახსენებდა თავს. 1050 წლის წინ აგებული ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია. აგების დღიდან მისთვის არცერთხელ ჩაუტარებიათ რესტავრაცია. მორღვეულია გუმბათის შემაკავებელი კონსტრუქცია, რის გამოც კედლებზე წყალი ჩაედინება. განადგურებულია ტაძრის უნიკალური რელიეფი. ვედრების კომპოზიცია, რომელშიც ღვთისმშობელსა და იოანე ნათლისმცემელს შორის მაცხოვარი ბრძანდებოდა, ხელოვნებათმცოდნეთა შეფასებით, ქართული პლასტიკის შედევრია, მაგრამ მისგან შესაძლოა მალე მხოლოდ მოგონებებიღა დაგვრჩეს. მაცხოვრის ფიგურის ჩამოვარდნამდე, ვედრების სცენას ათიოდე წლის წინ ღვთისმშობელიც მოაკლდა. 2006 წლამდე მისი ბარელიეფი იქვე, კედელზე იყო მიყუდებული, შემდეგ კი უკვალოდ გაქრა. დაიკარგა წმინდა ნინოს ერთ-ერთი უძველესი გამოსახულება. მოიპარეს გრიგოლ ოშკელის ქანდაკებაც, რომელიც ტაძრის აგების მეთვალყურე იყო.

მოლაპარაკებათა პროცესი საქართველოს საპატრიარქომ არაერთგზის ჩაშალა. ნგრევის პირას მისული ქართული ტაძრების გადარჩენის სანაცვლოდ, ბათუმში კომუნისტების მიერ დანგრეული აზიზიეს მეჩეთის აშენება მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საპატრიარქოს წარმომადგენლები, 2012 წელს, ერთ-ერთ უკანასკნელ მოლაპარაკებებზე იმასაც აცხადებდნენ, რომ თურქეთი „გვევაჭრება”, არადა, მას ისედაც აქვს აღნიშნული ტაძრების აღდგენის ვალდებულება:
„თავიდანვე შევნიშნავთ, რომ ისეთი მნიშვნელობის ძეგლები, როგორიცაა ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი ... იუნესკოს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც შეიძლებოდა გადადგმულიყო. მოლაპარაკებები კი თურქულ მხარესთან სხვა ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით უნდა გვეწარმოებინა” (18 იანვარი, 2011 წელი).

ამ განცხადებიდან ორი წლის თავზე საპატრიარქოს „ღმერთმა უსმინა” – თურქეთმა მართლაც დამოუკიდებლად დაიწყო საკუთარ ტერიტორიაზე მდგარი უნიკალური ძეგლების აღდგენა. ახლა უკვე ქართველმა ეპისკოპოსმა, თეოდორე ჭუაძემ სთხოვა თურქეთს რესტავრაციის შეჩერება. რომ არა ჩაშლილი მოლაპარაკებები, მიტროპოლიტ თეოდორესა და ქართულ სახელმწიფოს მოთხოვნის შესაძლებლობა ექნებოდათ, მაგრამ ეს შანსი ხელიდან მრავალგზის გავუშვით და ახლა მხოლოდ თურქეთის კეთილ ნებასა და შეთანხმების სასწრაფოდ გაფორმებაზე უნდა ვიფიქროთ.

პრემიერ ივანიშვილის თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ბათუმში აზიზიეს მეჩეთი არ აშენდებოდა, მით უმეტეს, არ აშენდებოდა რაღაცის სანაცვლოდ – პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ნაცვალგების პრინციპის გამოყენება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში მიუღებელია. პარალელურად, პრემიერი ქართველ მუსლიმებს საკუთარი სახსრებით აუშენებდა მეჩეთს, უბრალოდ, მას არ ერქმეოდა აზიზიეს მეჩეთი. აზიზიეს მეჩეთის აღდგენა მოლაპარაკებების პროცესში ჩანაცვლდა რაბათის მეჩეთის რესტავრაციის დროს, თურქული მხარის მიერ შეცდომებად მიჩნეული დეტალების გასწორებით.


ფოტო: ბუბა კუდავა
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, მარინე მიზანდარი აცხადებს, რომ ახმედიეს მეჩეთზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები თურქების გარეშე განხორციელდა და მას აქვს პრეტენზიები. ამ შეთანხმების პროცესის პარალელურად, კვლავ გააქტიურდა საქართველოს საპატრიარქო, ამჯერად მას აზიზიეს მეჩეთი აღარ აშინებს, მაგრამ რაბათის კომპლექსში მდგარ მეჩეთს, უბრალოდ, მართლმადიდებლურ ტაძრად აცხადებს:

„ეს მეჩეთი აშენდა 1752 წელს ახმედ ჯაყელის მიერ, რომელიც იყო მუსულმანი ქართველი და ეს ააშენა ქართველებისთვის. ეს არის ქართული კულტურის ძეგლი. გადმოცემით, ამ ადგილზე იყო ქრისტიანული სამლოცველო, რომელიც დაშალეს და აშენდა მეჩეთი. არ არის ჩატარებული სათანადო არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც ამას დაადასტურებდა, მაგრამ იმედია, მომავალში ეს მოხდება. შემდეგ ახალციხე რუსეთმა აიღო, 1829-1830 წლებში ის გადაკეთდა ტაძრად, მიშენდა სამრეკლო, გაკეთდა ორი სადიაკვნო და დაიწყო ფუნქციონირება. შიგნით არის ნაკურთხი ტრაპეზი. შიგნით რომ შეხვალთ, მეეჭვება ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის მეჩეთი”, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

მოლაპარაკებების ახალ პროცესში, როცა განადგურების პირას მისული ქართული უნიკალური ძეგლების გადასარჩენად უკანასკნელი ბრძოლა მიმდინარეობს, ამგვარი განცხადების გაკეთება კვლავ პრობლემებს ქმნის. თანაც, ამ ლოგიკის განვითარებამ, შესაძლოა, საპატრიარქოსთვის არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს, ვინაიდან თუ ახმედ ფაშას მიერ აშენებული მეჩეთი სინამდვილეში ტაძარია, რადგან ის ტაძრად გადააკეთეს, მაშინ იშხნის ტაძარი მეჩეთი გამოდის, რადგან მისი მეორადი ფუნქციაც მეჩეთი იყო.

კომენტარები