საქართველოს ეკონომიკა

კოლექტივიზაცია – 2

0 კომენტარი

There is no such a thing as society.
Margaret Thatcher

რკინის ლედის ეს გამოთქმა რა გულისხმობს, მოდი წერილის ბოლოსთვის მოვიტოვოთ.

ახალგაზრდა თაობისთვის ალბათ უცნობია სიტყვა კოლექტივიზაციის მნიშვნელობა. ძველებისთვის ის ან სტალინური წარმატებული რეფორმების ნაწილია, ან მისივე ხელმძღვანელობით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია, უამრავი წამებული და დახოცილი ადამიანი, რომლებსაც რაიმე სახის ქონება გააჩნდათ. საკმარისია, გავიხსენოთ უკრაინის ჰოლოდომორი, რომელიც სწორედ აგრარული კერძო მეწარმეების – კულაკების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება იყო და 8 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამ სადამსჯელო ოპერაციას განკულაკება დაარქვეს. მისი განხორციელება კომუნისტებს იმიტომ დასჭირდათ, რომ (რატომღაც) კულაკებმა არ მოინდომეს საკუთარი ქონების უფასოდ გადაცემა და მთავრობისთვის მოწეული პროდუქციის ჩუქება. ეს კი დიდი გამოწვევა იყო ბოლშევიკების მიერ წამოწყებული სასოფლო კოოპერაციული მოძრაობისთვის, რომელმაც სრული ფიასკო განიცადა.

გასაგებია, რომ ზოგიერთი ქართველისთვის ტერმინი კოლექტივიზაცია გარკვეულ დადებით მოგონებას აღვიძებს – მათ სკოლაში სწორედ ასეთი ისტორია ასწავლეს, რომ კოლექტივიზაციამ საბჭოთა კავშირის ხალხების სასურსათო პრობლემა გადაწყვიტა. სინამდვილე კი ისაა, რომ საბჭოთა კომუნისტურმა ეკონომიკურმა მოდელმა სასურსათო პრობლემა შექმნა, მანამდე კი რუსეთის იმპერია თვითონ იყო ამ პროდუქციის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი და ექსპორტიორი მსოფლიოში.

კოლექტივიზაცია 1920-30-იან წლებში ნიშნავდა მოსახლეობის საკუთრებაში არსებული რესურსების ძალადობრივ გაერთიანებას სასოფლო კოოპერატივებში, რომელსაც ჩვენში დღემდე კოლექტიურ მეურნეობებს, ანუ, შემოკლებით, კოლმეურნეობებს უწოდებენ. რა შედეგები ჰქონდა ამ ძალადობას, ზემოთ უკვე ვთქვი, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის გრძელვადიანი შედეგები, რომელიც მას მოჰყვა. მიუხედავად დიდი პროპაგანდისა, საბჭოთა აგრარულმა რეფორმამ არ გაამართლა, 1913 წლის დონეს ვეღარ მიაღწია, სამაგიეროდ კი გრძელვადიანად დამკვიდრდა:

  1. დაბალი ხარისხის მენეჯმენტი, მოტივაციის ნაკლებობა, რესურსების და მოყვანილი პროდუქციის ფლანგვა და ძარცვა.
  2. ძირითადი საკვები პროდუქტების დეფიციტი, ტალონები და შიმშილი (მაგალითად, ურალისა და ვოლგისპირეთის რეგიონებში).
  3. დიდი და მზარდი საგარეო ვალი – დღევანდელი ფასებით, დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი, მიუხედავად მასშტაბური ბარტერული გაცვლებისა ნავთობსა და გაზში.
  4. პროდუქციის მოცულობის, ხარისხის და სხვა სტატისტიკური ინფორმაციის გაყალბება, მიწერები, გაფლანგვები და ა.შ.

საბჭოთა კავშირის ეკონომიკაზე როდესაც საუბრობ, ან წერ, ნებისმიერ გამოცდილ ადამიანს, პირველ რიგში, ორი პრობლემა გახსენდება: კონკურენციისა და მოტივაციის არარსებობა. ადვილი მისახვედრია, რომ ეს და სხვა ფუნდამენტური პრობლემები გაცილებით დიდ ზიანს წარმოადგენდა, ვიდრე პოლიტიკური სისტემა და ლიდერები. ამის თქმა აუცილებელია, რადგან ბევრისთვის, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლას მოესწრო, ჯერ კიდევ გაუგებარია, მაინც რა მოხდა. მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ყველაფერი ცუდი ხელმძღვანელობის (ბრეჟნევი, ხრუშჩოვი) ბრალი იყო (და ნაწილობრივ, ნაციონალური ჩაგვრის). მაგალითად, კოლმეურნეობებში ხალხი იმიტომ ზარმაცობდა და იპარავდა რაც ხელში მოხვდებოდა, რომ ცუდი თავმჯდომარეები ჰყავდათ, და არა იმიტომ, რომ თვითონ ეს ფორმა – კოლექტიური მეურნეობა მუშაობდა ცუდად. ყოველთვის შეიძლება იდავო, მაინც რომელმა რა გამოიწვია – ცუდმა სისტემამ ცუდი ხალხის მოგროვება ხელისუფლებაში, თუ ცუდმა ხალხმა შექმნა ცუდი სისტემა. თუმცა ფაქტია, რომ სისტემა ცუდი იყო.

კოლმეურნეობა ბევრი ქალაქელისთვის შესაძლებელია რაიმე სერიოზულ მიღწევად აღიქმებოდა, თუმცა სოფლად დასაქმებულისთვის ის საერთო სახელმწიფო საკუთრების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების პარაზიტული მექანიზმი იყო. გასაგებია, რომ რაც ყველასია, არავისია და თუ ვინმე პატრონის თვალით უყურებდა და სხვას არ აპარინებდა, უფრო იმ მიზნით, რომ თვითონ მეტი შეხვედროდა. გასაგებია ისიც, რატომ არ იყო მათი მოსავლიანობა-პროდუქტიულობა მაღალი. სრული უუფლებობა საკუთარი შრომით მიღებული მოსავლის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებისათვის, არ ქმნიდა კარგ მოტივაციას.

დღეს მთავრობა სწორედ ასეთი კოლმეურნეობების აღდგენას გვთავაზობს. მოდი გავიაზროთ, როგორ შეიძლება მათი შექმნა. არის ორი მთავარი გზა: იძულებითი და ნებაყოფლობითი.
იძულებითი კოოპერაცია – კოლექტივიზაცია, დღეს ნაკლებად სავარაუდოა გამოვიდეს – მთელი მსოფლიო გვიყურებს. ეს საკუთრების ჩამორთმევას და კოოპერატივებისთვის გადაცემას გულისხმობს, რაც მკვეთრად არაპოპულარული ნაბიჯი იქნებოდა.

ნებაყოფლობითი კოოპერაცია არცთუ ისე მარტივი განსახორციელებელია, რადგან:

  1. კოოპერატორებმა უნდა საერთო საკუთრებად აქციონ ქონება, რისი განკარგვაც პირადად აღარ შეუძლიათ. ისინი ასევე უნდა გაუფრთხილდნენ საერთო (ანუ სხვის) ქონებას და დაიცვან ზიანისაგან.
  2. კოოპერატორებმა შემოსავალი რაიმე გონიერი სქემით უნდა გაიყონ, შეთანხმდნენ – როგორ შეაფასონ თითოეულის შენატანი, ნაშრომი და ა.შ. ეს უკვე დახვეწილ მენეჯმენტს და ასევე სრულ ნდობას მოითხოვს.
  3. კოოპერატორებს უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების და მართვის ისეთი დახვეწილი მექანიზმი, რომელიც თითოეულის ინტერესებს მთლიანად დააკმაყოფილებს.

მკითხველს შეიძლება კითხვა გაუჩნდეს, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ეს საკითხები. ამ სტატიაში ყველა არგუმენტის მოყვანა რომ არ ვცადო, ყველაზე მნიშვნელოვანის შესახებ ვიტყვი: კოოპერატივს, სხვა კერძო ფორმებისაგან განსხვავებით, აქვს ერთი დიდი ნაკლი – მისგან გასვლა რთული პროცედურაა. ან, უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელი. ეს მის მართვას ძალიან ართულებს, პირადი ინტერესები თითქმის შეუძლებელია ლეგალურად განახორციელო. რაც მთავარია, კოოპერატივის ცუდად მუშაობის შემთხვევაში და მართვის შეცვლის შეუძლებლობის პირობებშიც, მისი მონაწილე ვერ შეძლებს დიდი გავლენის მოხდენას, რაც საქმისგან მის დისტანცირებას გამოიწვევს.

ამ ფორმას რომ სააქციო საზოგადოება შევადაროთ, ადვილად დავინახავთ ფუნდამენტურ განსხვავებას – სააქციო საზოგადოებაში მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ დატოვოს ის. ეს უფლება შეზღუდულ, მაგრამ სერიოზულ გავლენას ახდენს მართვაზე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს მართვის მექანიზმები. სწორედ ამიტომაა აუცილებელი სრულყოფილი მართვის გამოყენება და მაღალი ნდობა კოოპერატივებში. სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, მისი აქციები ღია ბაზარზე იყიდება და კონკურენცია ძალიან სწრაფად და ეფექტიანად ვლინდება.

კოოპერატივი (კოლმეურნეობა) მით უმეტეს რთულად იმუშავებს საქართველოში, სადაც მოსახლეობა მკვეთრად ინდივიდუალისტურია. მაგალითად, საქართველოს სამეწარმეო რეესტრს თუ გადავხედავთ, დღემდე რეგისტრირებული საწარმოების საერთო რაოდენობის – 414 ათასის – 70%-ზე მეტი ინდივიდუალური საწარმოა. ასევე საგულისხმოა, რომ მათი მხოლოდ 6% ირიცხება მოქმედ გადასახადის გადამხდელად. ეს ორი ფაქტი ერთ რამეზე მიუთითებს – მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა და ბარიერებისა, რომელიც ასეთ მცირე მეწარმეებს ხვდება ყოველდღე, ადამიანებს მაინც საკუთარი, პირადი ბიზნესი ურჩევნიათ, ვიდრე სხვაზე დამოკიდებულება. საგულისხმოა ისიც, რომ მეწარმეთა შესახებ კანონი 1994 წლიდან ითვალისწინებს კოოპერატივის ფორმის მეწარმეობას, მაგრამ არსებობს მხოლოდ 1200 კოოპერატივი, რომლიდანაც მარტო 42-ია მოქმედი.

სამწუხაროდ, მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ოცნებები კოოპერატიული-საკოლმეურნეო ინიციატივებით არ შემოფარგლება. ზოგს, როგორც ჩანს, უბრალო არითმეტიკის გაკვეთილები დაავიწყდა, მაგალითად, შესაკრებთა გადაადგილებით რომ ჯამი არ იცვლება. ამაზე ძველი გამოთქმაც შეიძლება გამოვიყენოთ: თხა ვიყიდე, თხა გავყიდე; ან, თუნდაც ახალი: „მერე მაგ ფეხებს ისევ მხრები არ მოჰყვება?". სწორედ ასეა ახლა ამ სოფლის მეურნეობის გადარჩენის ამბავიც, რომელმაც მერე ჩვენ ყველა უნდა გადაგვარჩინოს.

ჯერ ერთი, როგორ უნდა მივაღწიოთ მეტ დასაქმებას, თუ ერთ (წარმატებულ) ადგილას ფულს ვაკლებთ და მეორეს ვუმატებთ. მეორეც, რამდენიც არ უნდა ახარჯო ფული ახლა აგრარულ სექტორს, პრობლემები ხომ იგივე რჩება – მიწების დანაწევრება და მაღალი რისკები. ბოლოში რომ გავალთ, ისევ დაბალი შემოსავლები და არაკონკურენტუნარიანი და ძვირი პროდუქცია არ შეგვრჩება ხელში?

სოფლის მეურნეობის აღორძინების მომხრეთა არგუმენტები რომ დაიცლება, მერე აუცილებლად ამბობენ, რომ სინამდვილეში ყველა ეს იდეა სოფლად მცხოვრები ადამიანების გადარჩენისთვისაა საჭირო, ხოლო აგრარული სექტორის წარმატების არც არავის სჯერა. გლეხობა მთავრობის იმედზე უნდა იყოს და ხმას აძლევდეს (როგორ იმუშავა ამან, გვახსოვს), ან ბუნტს მაინც არ იწყებდეს.

სხვა საკითხია სესხების გარანტიების ან ხელოვნურად გაიაფებული საკრედიტო რესურსების პროექტები. დიდი ეკონომისტობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ასეთი პროექტები პრობლემებს გაამრავლებს და არ შეამცირებს. ეს შეიძლება სხვის პრობლემად ჩავთვალოთ და წყნარად დავიძინოთ, მაგრამ თუ ეს პროექტები ჩვენი – გადასახადის გადამხდელების ან ბანკების მეანაბრეების ხარჯზე უნდა განხორციელდეს, მაშინ რა დაგვაძინებს, აუცილებლად გაჩნდება კითხვები:

  • როგორ აპირებს მთავრობა ამ პროექტების ეფექტიანობის შეფასებას, რამდენად კარგად დაიხარჯა ეს ფული?
  • როგორ აპირებს მთავრობა კორუფციის და გაფლანგვის თავიდან აცილებას?
  • როგორ აპირებს მთავრობა სუბიექტურობისა და მორალური ზიანისაგან თავის დაღწევას?

ეს კითხვები უფრო აქტუალური იქნება, თუ გავიაზრებთ, მაინც რატომ არიდებენ ბანკები თავს აგრარული სესხების გაცემას? არ აინტერესებთ მოგება, რომელიც ბევრს ადვილად მისაღებად ეჩვენება ამ სფეროში? ცხადია, არა. ბანკები კარგად ზომავენ რისკებს და ურჩევნიათ თავი აარიდონ მათ. რისკები ვახსენე და სადაზღვევო კომპანიები გამახსენდა – არც ისინი ჩქარობენ აგრარული წარმოების დაზღვევას, სწორედ იმავე მიზეზით – რისკი მაღალია. რა მოხდება, თუ მთავრობა ამ რისკში შევა? შემცირდება ეს რისკი თუ გაიზრდება? უთუოდ გაიზრდება, რადგან მთავრობის ჩინოვნიკებს, საბანკო და სადაზღვევო მენეჯერებისაგან განსხვავებით, არ აწუხებთ კონკურენტი, რომელიც ხარჯების შემცირებისკენ უბიძგებდათ, პირიქით, მათ პოლიტიკური დაკვეთა აქვთ – რისკის მიუხედავად გასცენ ფული.

რატომაა საქართველოში საბანკო რესურსები ძვირი? ამაზეც არსებობს პასუხი: ისევ და ისევ, რისკებია მაღალი. ასე რომ არ იყოს, ისეთ ღია საბანკო გარემოში, როგორიც საქართველოა, აუცილებლად გამოჩნდებოდნენ დიდი საერთაშორისო კრედიტორები, რომლებიც იაფ რესურსებს შემოგვთავაზებდნენ. მაგრამ მაინც თუ შემოვლენ, სესხებს აუცილებლად იმავე საბაზრო განაკვეთით გასცემენ, რაც საქართველოში მუშაობს. თუ ეს ვინმეს არ სჯერა, საკუთარი ფული ასესხოს ახლა, ამ მომენტში ვინმეს 10%-ზე დაბალი განაკვეთით.

რისკები შეიძლება იყოს დაკავშირებული, მაგალითად, უამინდობასთან, ეს ყველამ იცის, მაგრამ იშვიათად გაიგონებთ სხვა რისკის შესახებ – დიდი მოსავალი და დაბალი ფასები მსოფლიო ბაზრებზე. ანუ დღევანდელ პირობებში ჩვენი წარმატება აგრარულ სფეროში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, იქნება თუ არა დანარჩენ მსოფლიოში გვალვა და სხვა სტიქიური მოვლენები.

მკითხველს ასევე შევახსენებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს:

  1. არცერთ ქვეყანაში, სადაც აგრარული წარმოება მაღალ დონეზეა, ამ სფეროში არ არის დასაქმებული 5%-ზე მეტი. საქართველოში 55%-ია. აქ იმდენივე ადამიანია დასაქმებული აგრარულ სფეროში, რამდენიც აშშ-ში, რომელიც მსოფლიოში პირველ ადგილზეა პროდუქტიულობით.
  2. არ არსებობს რომელიმე სექტორი – პროდუქტი, ამ სფეროში, რომელშიც რაიმე სახის უპირატესობა გვქონდეს მსოფლიო ბაზარზე. საქართველო არ შედის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის რომელიმე პროდუქტის წარმოებაში.

საინტერესოა, ურბანიზაციის ტემპები ვნახოთ მთელ მსოფლიოში (%, ვიკიპედია):

რეგიონი 1985-1990 1990-1995 1995-2000 2000-2005
აზია 3,78 3,08 2,88 2,61
ჩინეთი 5,04 3,77 3,52 3,08
ევროპა 0,78 0,37 0,14 0,13
მსოფლიო 2,7 2,33 2,18 2,04

საქართველოში ურბანიზაცია არ მიმდინარეობს, პირიქით, ზოგს მოსწონს ხელოვნური დეურბანიზაცია და ხალხის ხელოვნურად დაკავება სოფლებში. ჩინეთში, რომელიც დღეს მსოფლიო ეკონომიკის უდავო ლიდერია, ურბანიზაცია დიდი ტემპით მიდის, 20 წლის წინ მასში მოსახლეობის მხოლოდ 26% ცხოვრობდა ქალაქად, ახლა უკვე 52%-ზე მეტი. ეს იმის პარალელურად მოხდა, რაც გამოკვეთილი ლიდერი გახდა აგრარული სექტორის პროდუქციის წარმოების მოცულობაში.

ადამიანებმა, ვინც ახლა სოფლის მეურნეობის პროექტებს უჭერენ მხარს, ამას ფრთხილად უნდა გადახედონ მორალური კუთხითაც. არცერთ სამთავრობო პროექტს და ფულს არ შეუძლია ყველა ოჯახის მდგომარეობის გამოსწორება. გაცემულმა დაპირებებმა და გაჩენილმა იმედმა კი ხალხი შესაძლებელია არასწორი გადაწყვეტილებებისკენ წაიყვანოს და სოფელში ხელოვნურად, იძულებით დატოვოს. უკმაყოფილო ადამიანები აუცილებლად იქნებიან და ისინი მთავრობას მოსთხოვენ პასუხს. ვეღარავინ გაბედავს დაარწმუნოს ხალხი, რომ ეს დროებითი ჩარევა იყო და მომავალში მათ თვითონ უნდა მიხედონ საკუთარ საქმეს.

როგორც ზემოთ ვახსენე, მთავრობა მკვეთრად კოლექტივიზმისკენ იხრება. იგი, ერთის, პიროვნების პატივისცემის ლოზუნგებით გვესაუბრება, და სინამდვილეში, ყველა სფეროში კოლექტივისტურ გადაწყვეტილებებს იღებს. მაგალითად, ჯანდაცვაში – საყოველთაო ჯანდაცვა, ან განათლებაში – უფასო განათლების გაფართოება. კოლექტივიზმი არ არის მხოლოდ იდეოლოგიურად მცდარი (ინდივიდი იკარგება), ის ეკონომიკურადაც და მორალურადაც მცდარია. ეკონომიკურად იმიტომ, რომ კოლექტივიზმი არ მუშაობს. ადამიანები მხოლოდ პირადი მოტივაციით მოქმედებენ. მორალურად კი იმიტომ, რომ კოლექტივიზმი ინდივიდუალურ თავისუფლებასაც აუქმებს და პასუხისმგებლობასაც.

კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების ნებისმიერი წესი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობის გადანაწილების და გაბუნდოვნების ტენდენციას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სააქციო საზოგადოებაში ისეთ კოლექტიურ მოქმედებას, რომელიც შენს ინტერესებს დაემუქრება, შედარებით ადვილად გაექცევი – აქციას გაყიდი. ასეთი რამ პოლიტიკურ სისტემაში წარმოუდგენელია. მე არ მომწონს, როგორ ხარჯავს მთავრობა ფულს – რა არის გამოსავალი? როგორ ვუშველო ამას? გადასახადი აღარ გადავიხადო? ციხეში ჩავჯდები და ქონებას წამართმევენ.

სწორედ ამიტომ, მთავრობა მკვეთრად შეზღუდული უნდა იყოს როგორც ფულის შეგროვებაში, ასევე მის ხარჯვაშიც. მას რაც შეიძლება ნაკლები ფული უნდა ჰქონდეს. ეს მხოლოდ იდეოლოგია არ არის, ეს რაციონალური ხედვაა.

რადგან მთავრობას შევეხეთ, მოდი ახლა უფრო მასშტაბურ პოლიტიკურ საკითხს შევხედოთ – რომელი სისტემა სჯობს, საპრეზიდენტო, თუ საპარლამენტო? ფაქტია, რომ საპრეზიდენტო სისტემა ნაკლებად ტენდენციურია ხარჯების გაბერვის მიმართულებით. ეს აიხსნება იმით, რომ პრეზიდენტი პირადად არის პასუხისმგებელი ხალხის წინაშე, ამიტომ ის ცდილობს კონკურენტულ კამათში დაარწმუნოს კონგრესი.

საპარლამენტო ქვეყანაში პრემიერმინისტრს ძალიან გაუჭირდება პარლამენტარების მზარდი მოთხოვნების იგნორირება, ის ხომ მათი არჩეულია. ძალთა ბალანსი, ცხადია, პარლამენტის წევრების მხარესაა, რომლებიც გაფანტული კოლექტიური პასუხისმგებლობის პირობებში მოქმედებენ.

პარლამენტის წევრები ადვილად ლობირებენ საკუთარ ინტერესებს, რადგან იციან, რომ ამ გზით დღეს მას ეხმარებიან – ხვალ იგი დაეხმარება სხვებს; თითოეულის მიერ „მოპოვებული" რესურსი ცალ-ცალკე არ ქმნის დიდ გავლენას, ხოლო ხარჯები გადანაწილებულია ყველაზე. წვრილ-წვრილი ინტერესები ბერავს ხარჯებს, რისთვის წინააღმდეგობის გაწევაც პარლამენტის წევრებს ხელს არ აძლევს, პირიქით, მათ პირდაპირ ინტერესშია სახელმწიფო ხარჯების მუდმივი ზრდა არაპირდაპირი პასუხისმგებლობის პირობებში.

საპრეზიდენტო სისტემაში პრეზიდენტია კაბინეტის (ჩვენებურად – მთავრობის) ერთპიროვნული ლიდერი და პასუხისმგებელიც. კაბინეტის ცუდ მუშაობას ის ვერ დააბრალებს ვერც პრემიერს და ვერც პარლამენტს. საპარლამენტო სისტემაში, მით უმეტეს კოალიციურში, პასუხისმგებლობა გადანაწილებული და გაურკვეველია. ხშირ შემთხვევაში, პრემიერი ადვილად ახერხებს საკუთარი შეცდომების სხვებზე გადაბრალებას და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

საპრეზიდენტო სისტემაში, ხალხის მანდატით აღჭურვილი პრეზიდენტი თვითონ ადგენს საბიუჯეტო პოლიტიკას. ფინანსთა მინისტრს (ხაზინის უფროსს) არ აქვს პოლიტიკის განსაზღვრის ფუნქცია. თუმცა, კონგრესს უფლება აქვს არ მიიღოს პრეზიდენტის ბიუჯეტი. პრეზიდენტი პირადად არის პასუხისმგებელი კაბინეტის ფორმაციაზე და ფედერალური დეპარტამენტების საქმიანობაზე.

საპარლამენტო სისტემაში პარლამენტი უშუალოდ მონაწილეობს მინისტრების დამტკიცებაში, რაც ხშირად, საკანონმდებლო კონტროლის ნაცვლად, მათ უშუალო საქმეში ჩარევის უხეშ ფორმებს იღებს. ამის დასაბალანსებლად, მინისტრები და მათი სამსახურები კარგავენ ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულების პასუხისმგებლობას და იხრებიან პარლამენტის წევრთა ინტერესების დაკმაყოფილებისკენ. ადამიანებს გაუჭირდებათ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე რაიმე გავლენის მოხდენა, მას არ ირჩევენ და იგი ძალიან შორსაა ხალხისგან.

კოლექტიური პასუხისმგებლობა იმათ ინტერესშია, ვისაც საკუთარი პასუხისმგებლობის გამოკვეთა არ უნდათ და ურჩევნიათ ჩრდილში – ცენტრში დარჩნენ, თან მუდმივად მართლები იყვნენ. ასეთი ხალხი არასოდეს წავა გადამწყვეტ ნაბიჯებზე და მხოლოდ პოპულისტურ გადაწყვეტილებებს დაუჭერს მხარს. ამის შედეგად, ეკონომიკური ზრდა მთლიანად შეფერხდება, მაგრამ ცენტრისტები იტყვიან, რომ ისინი დიდი ხანია მხარს არ უჭერდნენ ყველა გადაწყვეტილებას და პასუხისმგებლობა იმათია, ვინც მეტს იღებდა თავის თავზე. შესაბამისად, ამ უკანასკნელთა რიგები შემცირდება, ისევე როგორც – გადამწყვეტი ნაბიჯები (მაგალითად, როგორც დღევანდელ ევროპაში).

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიტიკურ ციკლში გადამწყვეტი ნაბიჯების დრო მკვეთრად შეზღუდულია, ასეთი მოქმედება ციკლის მეორე ნახევარში და არჩევნების მოახლოების პერიოდში მხოლოდ თავზეხელაღებულ პოლიტიკოსებს შეუძლიათ.
საპარლამენტო სისტემა აწყნარებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ის საშუალებას იძლევა, პოლიტიკოსებს უფრო ადვილად დაუკმაყოფილდეთ საკუთარი ამბიციები და ინტერესები. მთავარია კოლექტიური თანხმობა ბიუჯეტის ხარჯების, გადასახადების ზრდაზე და ის, რომ მოსახლეობას ერთად მიაყარონ პოპულისტური დაპირებები – პასუხისმგებლობა კი გაფანტულია და გადანაწილებული. მთავარია, არ იყოს რევოლუციები და ბუნტი.

საარჩევნო ციკლის დიდი ნაწილი პარლამენტის წევრებმა საკუთარი გადარჩენისთვის ბრძოლაში უნდა გაატარონ (ან იმდენი იშოვონ, აღარ დასჭირდეთ ხელახლა არჩევა). ამიტომ, მათი საერთო ინტერესია ერთმანეთს ხელი შეუწყონ სახელმწიფო ფუნქციების, ხარჯებისა და ვალების გაფართოების გზით. ასეთ პირობებში მნიშვნელოვან როლს შეიძლება ასრულებდეს პრეზიდენტი, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური ციკლი აქვს და ამოცანები, ლოკალური ლობირებები მას დიდ შეღავათს არ აძლევს – მას უფრო მასშტაბური მიზნები აქვს. ეს და სხვა მიზეზები, პრეზიდენტს აიძულებს ითანამშრომლოს, მაგრამ ოპონირებაც გაუწიოს კონგრესის წევრებს, ვისზეც იგი პირდაპირ არაა დამოკიდებული, რადგან ხალხის არჩეულია და არა კონგრესის. გარკვეულწილად, ეს საკუთარი პარტიის წევრებთანაც იმავენაირად მუშაობს, რადგან პრეზიდენტი პირადად არის პასუხისმგებელი, მისი პარტიის წევრები – კოლექტიურად.

ნებისმიერ პარლამენტს შეიძლება მოვუძებნოთ უამრავი არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც კოლექტიურად მიიღეს და არასდროს არავინ დასჯილა ამისთვის. ძალიან იშვიათად მომხდარა პირადი ბრალის წაყენებაც. ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის პირობებში აშკარად სხვაგვარად მუშაობს, უმრავლეს შემთხვევაში ბრალი მისი მიმართულებით მიდის.

მითიური კოლექტიური პასუხისმგებლობის გამართლება მხოლოდ იმით ხდება, რომ თითქოს იგი (საპარლამენტო სისტემა) აგვაცილებს ერთი პირის (ქარიზმატული ლიდერის) მიერ ძალაუფლების გადამეტებას და ბოროტად გამოყენებას. ეს, საქართველოს ისტორიული გამოცდილებიდანაც კი ვიცით, რომ მცდარი არგუმენტია. ზვიად გამსახურდია პარლამენტის თავმჯდომარე იყო, როდესაც უკვე ყველაფერს პირადად წყვეტდა. მანვე მიიღო გადაწყვეტილება და პარლამენტმა (უზენაესმა საბჭომ) მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო პოსტის შემოღებას. ანუ, ქარიზმა თუ გაქვს, და ხალხი მხარს გიჭერს, მნიშვნელოვანი არაა რა პოსტი გიკავია. შესაბამისად, უფრო მნიშვნელოვნად ჩანს, ქარიზმატულ ლიდერებსაც მკაფიოდ ჰქონდეთ განსაზღვრული საკუთარი პასუხისმგებლობა.
კოლექტიური პასუხისმგებლობა ცუდად მუშაობს ნებისმიერ სხვა სახელმწიფო კოლექტიურ ორგანოშიც. მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციაში, სადაც გაუგებარია, კანონის კოლექტიურად დარღვევის გარდა, რა გადაწყვეტილებას შეიძლება იღებდეს კენჭისყრით კომისიის წევრთა უმრავლესობა. ბევრ შემთხვევაში, კენჭისყრაზე დგება კანონით განსაზღვრული დებულების შესრულება, შესაბამისად, ვინც წინააღმდეგს აძლევს ხმას, ფაქტობრივად, უკანონოდ იქცევა, თუმცა მას არავინ დასჯის ამისთვის. დასჯა მით უმეტეს უფრო რთულია, თუ უკანონო გადაწყვეტილებას უმრავლესობამ მისცა ხმა – დაუჯერებელია, სასამართლომ ყველას დასჯა მოითხოვოს. ეს იმის ნაცვლად, რომ კომისიის ხელმძღვანელმა პირადად მიიღოს გადაწყვეტილება და აგოს პასუხი უკანონობაზე. აი, ასე იბადება კოლექტიური უპასუხისმგებლობა.

კოლექტივისტური გადაწყვეტილებები პოპულარულია ერთი მიზეზით, ადამიანები მათში საკუთარ (ძირითადად, პარაზიტულ) სარგებელს ეძებენ – თუ ამ მთავრობამ არ გაუმართლა, ესე იგი, საჭირო იყო მეტი ფული, მომავალში ხმას აძლევენ იმას, ვინც მეტის დახარჯვას დაჰპირდება. შეცდომაა, მთავრობამ იფიქროს, რომ მათი ხალხის სრულად დაკმაყოფილება შესაძლებელია, რადგან ვიღაც მაინც უფრო მეტს დაჰპირდება. სჯობს არავის დაჰპირდე, რომ უკმაყოფილოები არ გაამრავლო, მაგრამ ვინმე თუ ჰპირდება – შენც მიჰყვები.

იგივე, უფასო ჯანდაცვა – ყველამ იცის არ გაამართლებს, მაგრამ უმრავლესობა ფიქრობს, იყოს, რას მიშლის, მომავალში იქნებ 5-ლარიანის ნაცვლად, 50-ლარიანი გახდეს?! ალბათ პოლიტიკურ უმრავლესობაშიც არის ხალხი, სკეპტიკურად რომ უყურებს ამ იდეას, მაგრამ ამ (100-მილიონიანი) წვრილმანის გამო თავის შეწუხება არ უღირთ... სწორედ ასე იბადება კოლექტივიზმის ახალი ტალღა, რომელიც ხეირს არაფერს გვპირდება, ხოლო პრობლემებს აშკარად ბევრს შექმნის. ახლა ის დროება არ არის, რომ ვიფიქროთ, ტოტალიტარიზმი სრულად და ადვილად დაბრუნდება, მაგრამ ვინ იცის, ვინ მოვა მომავალში ხელისუფლებაში და ამ ყველა კოლექტივისტურ ინსტიტუტს როგორ გამოიყენებს?

მოდი ისევ ლედი მარგარეთ თეტჩერის სიტყვები გავიხსენოთ, რას გულისხმობდა ის. „არ არსებობს ასეთი რამ, როგორც საზოგადოებაა". არსებობენ ინდივიდები პირადი თავისუფლებით და პასუხისმგებლობით. საბჭოთა კავშირის მიერ თავს მოხვეულმა პარაზიტულმა კოლექტივიზმმა ღრმა კვალი დატოვა ადამიანებზე, რომლებიც ხშირად საუბრობენ (ან სადღეგრძელოებს სვამენ) საზოგადოების ინტერესებსა და პასუხისმგებლობაზე. თითქმის ყველა არხით ადამიანების პირადი პასუხისმგებლობის ანტიპროპაგანდა მიდის. ამ პირობებში მით უმეტეს სახიფათოა გაუფრთხილებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ამ ტენდენციას კიდევ უფრო გააღრმავებს, არც დემოკრატია იმუშავებს და არც ეკონომიკური წარმატება მოვა ინდივიდების პირადი მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გარეშე.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები