ეკონომიკური ზრდა

ივანიშვილი: ქადაგიძემ საკუთარ საქმეს მიხედოს

14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გააკრიტიკა. მან გიორგი ქადაგიძეს მოუწოდა "საკუთარ საქმეს მიხედოს" და პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავოს. პრემიერის გულისწყრომა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მისი განცხადების გამო დაიმსახურა, რომლის მიხედვითაც 2013 წლის ბოლოსთვის ეკონომიკის 6%-იანი ზრდა მოსალოდნელი არ არის. გიორგი ქადაგიძემ ეკონომიკის შეფერხების მიზეზებზეც ისაუბრა.

"კეთილი ინებოს და თავი დაანებოს პოლიტიკურ განცხადებებს და საკუთარ საქმეს მიხედოს. მე მას რამდენჯერმე შევხვდი და ლამის პატიება მთხოვა ქართუ ბანკში განხორციელებული ზეწოლის გამო, რაშიც ის მონაწილეობდა. მე მას აღვუთქვი პირობა, რომ რაც პირადულია და რაც ჩემგან მოდის, შემიძლია მაქსიმალურად დავიცვა და ვიყო კორექტული. მას აქვს თავისი ფუნქციები და მგონია, ბოლო დროს ძალიან პოლიტიკური გახდა. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და კეთილი ინებოს, თავი დაანებოს პოლიტიკას", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ განზრახულობათა დოკუმენტის მიხედვით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ, რომელსაც 2013 წლის 1 მარტს ხელი თავად ივანიშვილმაც მოაწერა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებაა.

ასევე, რამდენიმე დღის წინ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2013 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2%-ით შეამცირა. ბანკი 2013 წელს საქართველოს ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს.

კომენტარები