ფარული ვიდეომასალა

გელა ხვედელიძემ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

medianews.ge

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილმა პირველმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. მისი ადვოკატის კახა სოფრომაძის განცხადებით, ხვედელიძის მიერ საპატიმროს დატოვების შესახებ ინფორმაცია დაკავებულის ოჯახის წევრებისგან დაახლოებით 2 საათის წინ შეიტყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა ხვედელიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით დღეს გირაო შეუფარდა. საპატიმროს დატოვების უფლება მას სწორედ 5 ათასი ლარის გადახდის შემდეგ მისცეს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ხვედელიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

შსს-ს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით მაისში წაუყენეს. ბრალდება პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მინისტრის პირველი მოადგილე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის 12 მაისს დააკავა. 15 მაისს კი, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოგვიანებით, მას პროკურატურამ ქვეყნის დროებით დატოვების უფლებაც მისცა.

თავდაპირველად, გელა ხვედელიძე წარდგენილ ბრალდებას ეთანხმებოდა, შემდეგ კი, პოზიცია შეცვალა.

კომენტარები