17 მაისის აქცია

ჰამარბერგი: გამიჭირდება ავხსნა, როგორ მოხდა ეს დემოკრატიულ ქვეყანაში

aej.org

ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა საქართველოს მთავრობისთვის სამართლებრივ, კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში, თომას ჰამარბერგმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც 17 მაისის მოვლენებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების ერთ ჯგუფს არ მიეცა აქციის ჩატარების უფლება. 

"ყველას უნდა ჰქონდეს შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების თავისუფლება. ამ პრინციპს ეწინააღმდეგება ერთი ჯგუფის მიერ აქციის ჩატარება სხვისი ამ უფლების შესაზღუდად. სიტუაცია გართულდა იმითაც, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას. ამ მოვლენების შედეგად გამარჯვებული არავინ დარჩენილა, პირიქით, ყველა დამარცხდა. გამიჭირდება ავუხსნა გარე სამყაროს, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეს ამ დემოკრატიულ ქვეყანაში", - განაცხადა თომას ჰამარბერგმა. 

მან პრემიერმინისტრისა და სხვა პოლიტიკოსების განცხადებები პოზიტიურად შეაფასა. 

"ყველა პარტიამ პარლამენტში დაგმო ეს შემთხვევა, ვიმედოვნებ, ის ნაბიჯებიც რაც მომავალში გადაიდგმება სამართლიანობის აღსადგენად, არ გამოიწვევს დაპირისპირებას არც პოლიტიკოსებსა და არც საზოგადოებას შორის. საზოგადოების ნაწილში კი ეკლესიასაც მოვიაზრებ. მე მოვისმინე ეპისკოპოს იაკობის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკლესია სასულიერო პირების წარდგენას მართლმსაჯულების წინაშე არ შეეწინააღმდეგება. დარწმუნებული ვარ, ეკლესიაც იმსჯელებს იმაზე რა მოხდა და როგორ უნდა იყოს ამგვარი მოვლენები მომავალში თავიდან აცილებული", - აღნიშნა ჰამარბერგმა. 

ჰამარბერგის განმარტებით, როდესაც საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა, კათოლიკოს-პატრიარქსაც შეხვდება. მას სჯერა, რომ საგამოძიებო ორგანოები შესაბამის ზომებს მიიღებენ. 

"ვეცდები, 17 მაისს მომხდარი დასავლეთს განვუმარტო და განვუმარტო ის ნეგატიური იმიჯი, რომელიც ძალადობის კადრებით საქართველოს დასავლეთში შეექმნა. ასევე ვეცდები ვისაუბრო იმ პოზიტიურ, დემოკრატიულ ცვლილებებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ხაზს გავუსვამ, რომ მიმდინარე პროცესები ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას აძლევს ჩართულობის საშუალებას. რაც შეეხება პოლიციის მოქმედებას, კადრებში აშკარაა, რომ მათ ხალხის მასასთან გამკლავება გაუჭირდათ და მომხდარის შედეგად სამართალდამცავებიც დაშავდნენ. პოლიციის ასეთი მოქმედება რომ არა, შესაძლოა, შედეგი უფრო უარესი გვქონოდა. არ იქნება სამართლიანი, თუ ამ სიტუაციაში პოლიციას დავადანაშაულებთ. პრობლემა ამ შემთხვევაში დემონსტრაციის მომწყობთა ძალადობაშია", - აღნიშნა თომას ჰამარბერგმა.

კომენტარები