17 მაისის აქცია

მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით

0 კომენტარი
ფოტო: ნანო სარალიშვილი

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მთავარეპისკოპოსის წერილს ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

"არა, არ გამკვირვებია ის, რაც თბილისში მოხდა 17 მაისს. გული დამწყდა და დამეთუთქა მხოლოდ. თვალზე ცრემლი მომადგა უსუსურობის გრძნობის გამო. ქვეყანა, რომელიც ამაყობს თავისი კულტურით, სულიერებით და ბევრს თავს ამეტებს თავისი ქრისტიანობით, აქამდე არნახული ბარბაროსობის მოწმე გახდა.

არ მიკვირს-მეთქი ამას იმიტომ ვიძახი, რომ მსგავსი ბარბაროსობის გამოვლინებებს უკვე კარგა ხანია ვუყურებდით, მაგრამ ჯიუტად ვინარჩუნებდით ოლიმპიურ სიმშვიდეს. როგორც ჩვენმა ცნობილმა პოეტმა ამ დღეებში განაცხადა, სამოცდაერთი წლისა ვარ და ახლა უნდა ამოვიღოო ხმა. ასე ვიყავით ჩვენც ყველანი და ასევე გვინდა ალბათ ცხოვრების გაგრძელება. ეს ასე არ ივარგებს.

ბარბაროსობას ჩავდიოდით მაშინ, როცა საქართველოდან ვდევნიდით ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობას და ვამცირებდით, მაშინ, როცა თბილისში რელიგიურ უმცირესობებს ხელკეტებითა და ჯვრებით დავდევდით, მაშინ, როცა ბიბლიებს აგიზგიზებულ კოცონზე ვწვავდით, მაშინ, როცა მუსლიმებს ლოცვის უფლებას არ ვაძლევდით და უბეებში ვუყოფდით ხალხს ხელს იმის სანახავად ჯვარი ეკეთა თუ არა და თუ არ ეკეთა, წიხლებს ვურტყამდით და ვამცირებდით. ძალადობას ნელ–ნელა ვეჩვეოდით და ვეგუებოდით. მარტო ერთხელ ამოვიღეთ ხმა, როცა ციხის ძალადობის კადრები ვნახეთ, ავბობოქრდით ერი და ბერი. ზღვა სტუდენტობა გამოვიდა მაშინ ადამიანის ღირსების ხელყოფის გამო ხმის ასამაღლებლად. მაგრამ მალე ესეც ისე დავივიწყეთ, რომ თავი არ შეგვიწუხებია იმ ძალადობის გასააზრებლად და მასში თითოეული ჩვენგანის წვლილის დასანახად.

17 მაისს პირქვე დამხობილი აღმოჩნდა საქართველოს სახელმწიფო, რომელიც დაჰპირდა ახალგაზრდებს, რომ დაიცავდა და უზრუნველყოფდა მათი სიტყვის თავისუფლებას და პირობა ვერ შეასრულა. იგი ფეხქვეშ გაეგო და დაუწვა უხეშ ძალას. საბედნიეროდ, ახალგაზრდები მხოლოდ მსუბუქი ფიზიკური ტრავმების ფასად გადაურჩნენ იმ დღის მოვლენებს. მაგრამ ვინ გაზომავს იმ ფსიქოლოგიური თუ მენტალური ტრავმის სიღრმე- სიგანეს, რომელიც მოძალადეებმა მიაყენეს, თუ მათი სიძულვილის ობიექტებს, თუ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც ეკრანებიდან შესცქეროდა თბილისში დატრიალებულ არაადამიანურ მძვინვარებას. საქართველო უსაფრთხო ქვეყანა აღარ არის.

არც შინაურისთვის და არც გარეულისთვის. იმის გამოცნობას, თუ ამით რამხელა ზარალი მივაყენეთ თუ ქვეყნის რეპუტაციას თუ მის მომავალს, მემგონი დიდი ჭკუათმყოფელობა არ სჭირდება.

ხელისუფლებას დასჭირდება უზარმაზარი ძალისხმევა დაკარგული ნდობის აღსადგენად. ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოუხადოს იმ ახალგაზრდებს და მთელს ჩვენს საზოგადოებას. ეს მათ ღირსებას არ დაამცირებს, პირიქით აამაღლებს. "მაგრამებისა" და "იცით რა"-ების დრო აღარ არის. ხელისუფლებას უნდა ეყოს გამბედაობა მოიხადოს ბოდიში, თუ მას აინტერესებს მისდამი ნდობა აღდგეს და ქვეყანა განუკითხაობის ჭაობში არ გადაეშვას.

17 მაისს პირქვე დამხობილი ვნახეთ განათლების სისტემა საქართველოში. იმ გავეშებული ხალხის უმეტესობა ახალგაზრდობა იყო. ანუ ის თაობა, რომელსაც ტოტალიტარული რეჟიმის დროს არ უცხოვრია და მისი შხამით არ არის დაგესლილი. ისინი, ჩემი თაობისგან განსხვავებით, პოსტსაბჭოურ სივრცეში არიან გაზრდილი. ჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან, რომელთათვისაც არავის უსწავლებია სკოლაში თუ სხვა სასწავლებელში ცივილურობის ანა-ბანა. როგორ მოხდა, რომ მათ წარმოდგენა არა აქვთ რა არის ადამიანი, რა არის კანონიერება, სამართალი, სექსუალურობა. რატომ არავინ ასწავლა მათ, რომ ადამიანები იბადებიან ზოგი თეთრკანიანებად, ზოგი შავკანიანებად, ზოგი ჰეტეროსექუალებად, ზოგი ჰომოსექსუალებად, ზოგი ტრანსგენედერად და ყოველივე ამაში ადამიანი არ აკეთებს არჩევანს. ადამიანი ასეთად იბადება. თუ ადამიანმა სკოლაში არ ისწავლა - რას წარმოადგენს ადამიანის ფენომენი სამეცნიერო მონაცემებზე დაყრდნობით, მაშ, სად უნდა ისწავლოს?!

17 მაისს პირქვე დამხობილი ვნახეთ ქრისტიანობა. ჩვენ აღმოვჩნდით თავზარდამცემი რეალობის წინაშე: სრულებით გაშიშვლებული დავინახეთ ქრისტიანობა სიყვარულის გარეშე. თურმე მთელი ჩვენი ქრისტიანობა, რელიგიურობა და სულიერობა, რაც გინდათ ის დაარქვით, ყოფილა გარეგნული. აღმოჩნდა, რომ "ქრისტიანობა" სინამდვილეში სიფრიფანა აპკის ქვეშ გამოხვეული სიძულვილი ყოფილა. მე არავის მსაჯული არ ვარ, ყველამ თავად უნდა გაიაზროს მომხდარი და საკუთარი დასკვნები გააკეთოს. მე კი ჩემი სახელით და ქრისტიანობის სახელით პატიება მინდა ვთხოვო იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ქრისტეს სახელით მოსაკლავად მისდევდა გავეშებული ერი თუ ბერი. მე მესმის, მარტო ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის. მათ ახლა იმ ემოციური ჭრილობების მოშუშება სჭირდებათ, რომელიც ჩვენ ყველამ მივაყენეთ.

საჭიროა, გავთავისუფლდეთ ირაციონალური შიშისაგან და სიძულვილისაგან, რომელიც ჩვენ ღმერთს გვაშორებს და არ გვაახლოებს. საჭიროა შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ადამიანი, თავისი ეროვნების, სქესისა და სექსუალობის მიუხედავად, დაცულად იგრძნობს თავს საქართველოში. ამ საქმეში ყველა რელიგიამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი. მანიპულირება ბიბლიის, ყურანისა თუ თორას ავტორიტეტით ამ საქმეში სრულებით მიუღებელია.

არ არსებობს არცერთი საღმრთო წერილი, ადამიანის ცემა-ტყეპას, სიძულვილსა და ძალადობას რომ ამართლებდეს, და თუ არსებობს, ის საღმრთო წერილი არ არის! თუ ჩემი საღმრთო წერილი მე მეტყვის, რომ მე ვინმეს "ტაბურეტით" ხელში უნდა გავეკიდო საცემრად, მე ასეთ საღმრთო წერილზე დღესვე ვიტყვი უარს.

იესომ ერთხელა ბრძანა საოცარი რამ: "ადამიანი კი არ არის შაბათისათვის შექმნილი, არამედ შაბათია ადამიანისთვის შექმნილი". სიცხადისათვის შემიძლია ამ სიტყვის პერიფრაზი შემოგთავაზოთ: "ადამიანი კი არ არის რელიგიისთვის შექმნილი, არამედ რელიგიაა ადამიანისთვის შექმნილი". ყველა რელიგიის დანიშნულებაა ადამიანებს გვასწავლოს ღმერთთან და ადამიანთან ურთიერთობა. რა ფასი აქვს რელიგიას, თუ ის თუნდაც ერთი ადამიანის სიძულვილს მასწავლის?

ქრისტიანობა იმედის სარწმუნოებაა. ამიტომ მე მჯერა, რომ ყველაფერი ჯერაც არ არის დაკარგული. ჯერ კიდევ შეიძლება დაფიქრება და საღი დასკვნების გაკეთება თუ სახელმწიფოს შენების საქმეში, თუ განათლების სფეროში, თუ სულიერებასა და რელიგიაში. საჭიროა ყველაფერზე გულახდილად და საჯაროდ საუბარი, რომ პირქვე დამხობილი სახელმწიფო, განათლების სისტემა და სულიერება ფეხზე დადგეს და ემსახუროს საზოგადოების ჰარმონიულ, სამართლებრივ და მშვიდობიან განვითარებას.

აქვე მინდა წინადადებით მივმართო ჩემს კოლეგებს, სხვადასხვა რელიგიური თემების წინამძღოლებს, ქრისტიანებს, მუსლიმებს, იუდეველებს, რომ ივნისის თვიდან მოკიდებული ყოველი თვის 17 რიცხვი გამოვაცხადოთ საქართველოში სიყვარულისა და არაძალადობისათვის ლოცვის დღედ. ვილოცოთ ჩვენს ეკლესიებში, მეჩეთებში და სინაგოგებში, ჩვენს სახლებში, რომ საქართველოში მშვიდობამ, სამართლიანობამ და სიმრთელემ დაისადგუროს", - აღნიშნულია წერილში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები