განცხადება

მიხეილ სააკაშვილი: საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან დაკავშირებული საფრთხეების არსებობის ფონზე საქართველოს მთავრობას თანამშრომლობასა და წინა ხელისუფლების გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების სტრუქტურებში პროფესიონალი კადრები უნდა დაბრუნდნენ. მას მხედველობაში ყავდა ის ადამიანები, რომლებიც "დაიჩაგრნენ, ან გვერდზე გაიწიეს, ან მით უმეტეს, მათზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს". პრეზიდეტის თქმით, ეს ხალხი ემსახურებოდა საქართველოს და არა საქართველოს რომელიმე მთავრობას. მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გაგრძელდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრები.

პრეზიდენტმა საშინაო პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არსებული შიდაპოლიტიკური პროცესებით საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა. პრეზიდენტის აზრით, აუცილებელია ინტენსიური შეხვედრები დაიწყოს ევროპელ მოკავშირეებთან. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ვიზიტები არ განხორციელებულა, ეს უქმნის სერიოზულ საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებას და არის წამახალისებელი სიგნალი რუსეთისთვის.

სააკაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთი აღარ აღიქვამს საქართველოს სერიოზულად. ამის მაგალითად პრეზიდენტს რუსეთის მთავარი სანიტრის გენადი ონიშენკოს განცხადებები მოჰყავს.

„ის, თუ როგორ იქცევა ონიშჩენკო ბოლო პერიოდში და ის დაცინვა, რომელიც ყოველდღე მოდის ამ დაბალი რანგის რუსი მოხელისგან არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ უკვე ყველა დონეზე გაჩნდა იმის განცდა, რომ საქართველოს შეიძლება თავზე ხელი წამოარტყა. ამის წარმოდგენაც კი არ შეიძლებოდა წინა წლებში. მაგრამ მე მინდა, რომ ეს შემობრუნდეს და ამ მთავრობამ გააკეთოს მეტი, ვიდრე ჩვენ შევძელით. იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს გადარჩენა და გაძლიერება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ტელემიმართვაში არაღიარების პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით შექმნილ პრობლემებზეც გაამახვილა. "არის საფრთხე, როდესაც ჩვენ თვითონ ვაბრალებთ საკუთარ თავს ომს და ვამბობთ, რომ ჩვენ ვამზადებდით ტერორისტებს, ამ საბაბით და სოუსით რუსეთმა მიიღოს ახალი აღიარებები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები