უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

კუბლაშვილი: რამდენიმე პროკურორი 9 ივნისთან დაკავშირებით მოსამართლეებს ხვდება

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, აღმასრულებელ ხელისუფლებას, მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარებამდე მოსამართლეებთან ფარული შეხვედრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე პროკურორი მოსამართლეებს ხვდება და 9 ივნისს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრება. 

კოტე კუბლაშვილი თეა წულუკიანის განცხადებასაც გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რეგიონებში მოსამართლეებს ხვდება. კუბლაშვილის თქმით, მისი მხრიდან მსგავსი ქმედება ნორმალურია, ხოლო როდესაც "აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ აღნიშნულ ქმედებას, ეს უკვე მოსამართლეებზე ზემოქმედების ტოლფასია".

"წულუკიანს რამდენჯერმე შევხვდი და ვეუბნებოდი, რომ მისი მხრიდან გარკვეული ქმედებები მოსამართლეთა საქმიანობაში ჩარევას ნიშნავს. ის, რომ მე მოსამართლეებს ვესაუბრები, მისი შეფასების საგანი არ უნდა იყოს. მეორე საკითხია, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მსგავსი ფარული შეხვედრები. მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე პროკურორი მოსამართლეთა კონფერენციამდე მსგავს შეხვედრებს მართავს. ეს არის ჩარევა მოსამართლეთა დამოუკიდებლობაში და ეს უნდა შეწყდეს. ეს მიუღებელი და დაუშვებელია. კიდევ ერთხელ მინდა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვთხოვო - თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადებებისგან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანონის მიღების შემდეგ, მათი განცხადებები შესაძლოა მოსამართლეებისთვის წამახალისებლად, ან აგრესიულად იქნას აღქმული", - განაცახადა კოტე კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, მისი და მთლიანად მოსამართლეთა მიზანია, რომ პროცესმა მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩაიაროს.

მოსამართლეთა კონფერენცია 9 ივნისს, 11:00 საათზე დაიწყება. კონფერენციის რეგლამენტის ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, მოხდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა. 13:00 საათზე დაიწყება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახელება, რის შემდეგაც მათი არჩევის პროცედურა გაიმართება.

კომენტარები