უმაღლესი განათლება

უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერი დანიშნავს

parliament.ge

საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით განსახილველად განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი შევიდა, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში რექტორისა და დეკანის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, აკადემიური პერსონალის შემადგენლობას ემატება ახალი აკადემიური თანამდებობა - ასისტენტი. ცვლილებები შეეხება ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავებასაც.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რექტორს, უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, პრემიერმინისტრი დანიშნავს. 

ცვლილებები შეეხება რექტორის თანამდებობის დაკავების წინაპირობებსაც. მოქმედი კანონით, რექტორობის კანდიდატობისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია განსაზღვრული და კანონი დაუშვებელად მიიჩნევს შეზღუდვის დაწესებას სხვადასხვა, მათ შორის დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით. კანონპროექტის მიხედვით კი, რექტორობის კანდიდატს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა მოეთხოვება.

ცვლილებების თანახმად, დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. მოქმედი კანონის მიხედვით, დეკანობის კანდიდატს მსგავსი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ წარედგინებოდა.

ცვლილებები შეეხება ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებასაც. კანონის მოქმედი რედაქციით, ეს თანამდებობა შეიძლება დაიკავოს დოქტორმა ან დოქტორანტმა. კანონპროექტის მიხედვით, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რაც ნიშნავს, რომ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობას დოქტორანტი ვეღარ დაიკავებს.

კანონის დამტკიცების შემთხვევაში, მისი ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლების მმართველებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება შეუწყდებათ.

ამასთან, უმაღლესი განათლების შესახებ კანონს ემატება რექტორის, ადმინიტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და დეკანის ხელფასის განსაზღვრა, რასაც მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს.

კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ვერ უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპებს. მაგალითად, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ რექტორის მიმართ მინიმალური აკადემიური მოთხოვნების წაყენება აკადემიური ნონსენსია, რადგან ამ გზით სტუდენტი იმავდროულად შეიძლება იყოს პროფესორიც.

ხსენებულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმცირესობა. სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი უნივერსიტეტის ავტონომიის უხეში ხელყოფა და ამ მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელებაა. რატიანი პრობლემურად მიიჩნევს როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პრემიერმინისტრის მიერ დანიშვნას, ასევე დოქტორანტებისთვის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას. დეპუტატის თქმით, დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებები, პირველ რიგში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე იმოქმედებს, რადგან მის რექტორს, ალექსანდრე კვიტაშვილს, რექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების ვერდაკმაყოფილების გამო, თანამდებობის 30 დღის ვადაში დატოვება მოუწევს.

 

კომენტარები