ISAF-ის მისია

მარგველაშვილი: უსაფრთხოების საკითხებს პოლიტიკური კონტექსტის მიღმა განვიხილავთ

Reuters

"როდესაც საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, ამ შემთხვევაში ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია და ნაკლებად ვქმნიდეთ ხელოვნურ აჟიოტაჟს", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ავღანეთში ქართულ ბაზებზე განვითარებულ მოვლენებსა და მუქარის შემცველი ვიდეოების შესახებ გაზეთ ყველა სიახლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა ქრონიკის მოდელირებული გამოშვება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ნაკლებად აქვს ეროვნული ინტერესების განცდა:

"ვფიქრობ, ასეთ საკითხებს არ უნდა განვიხილავდეთ პოლიტიკურ კონტექსტში. სამწუხაროა, რომ ამასთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს პოლიტიკური ინსინუაციები. როდესაც საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, ამ შემთხვევაში ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია და ნაკლებად ვქმნიდეთ ხელოვნულ აჟიოტაჟს. ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ნაკლებად აქვს ერთიანი ეროვნული ინტერესების განცდა. მინდა გაგახსენოთ მოდელირებული ქრონიკა. ამ დროს კარგად გამოჩნდა ნაციონალური მოძრაობისა და მისი იდეოლოგების ფსიქო-ფიზიკური-პოლიტიკური მდგომარეობა. მათთვის ადვილია თამაში საზოგადოებისთვის უაღრესად მგრძნობიარე თემებით. ძალიან კარგია, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური ელიტა მშვიდად, გაწონასწორებულად და პროფესიონალურად რეაგირებს. ჩვენ ვცდილობთ, პროფესიონალურ დონეზე განვიხილოთ ეს საკითხები", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ამასთან, მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ დაუფიქრებელი პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შეცდომაა და მმართველი გუნდი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს პოლიტიკური კონტექსტის მიღმა განიხილავს:

"ვუფრთხილდებით თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და დაცულობას. აი, ეს განგვასხვავებს ნაციონალური მოძრაობისგან, რომლის წარმომადგენლებსაც ძალიან უადვილდებოდათ მოდელირებული ქრონიკის მსგავსი პროპაგანდის კეთება. ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს ჩვენ განვიხილავთ პოლიტიკური კონტექსტის მიღმა, მათ შორის, ამ კლიპებსაც. ვერ გეტყვით, ვინ და რა იდგა ამ კლიპის უკან. ჩვენ ასეთი თემებით არ ვთამაშობთ. სწრაფ და დაუფიქრებელ პოლიტიკურ განცხადებებს თუ ვინმე აკეთებს, შეცდომას უშვებს", - აცხადებს მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, 11 ივნისს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართული ჯარის და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპები Youtube-ზე საქართველოდან ატვირთეს და მათ თალიბებთან კავშირი არ აქვთ.

ამ თემას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრიც:

"გახსოვთ "ვერის უბნის მელოდიები" ბრალდებებზე, "შუბასაც" რომ მოიპარავენ? - ჩვენ ვიცით ამ უბანში ვინ არის მაგის შემძენიო. ასეთი კადრების გამკეთებელი ვინ არის, ჩვენ განა არ ვიცით? თუ ამაზე საუბარია, თუმცა მე არ გამოვთქვამ ეჭვს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ თუ მაინც წინასწარ ეჭვებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს მსგავსი ხელწერა არ ჰქონია არასდროს და მსგავსი თემებით არასდროს არ დაკავებულა, შესაბამისად, თუ ვინმეს ეჭვი აქვს ამ მიმართულებით, მისი პრობლემაა მხოლოდ, ეს არ არის გუნდის პრობლემა, ეს მათი ხელწერაა, ესენი ახერხებდნენ მსგავსი ფილმების გადაღებას და გავრცელებას, მოდელირებული ქრონიკა თუ რაღაცები ჰქონდათ მათ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდეოკლიპებში კოკა ყანდიაშვილის ხელწერას ხედავენ.

კომენტარები