უმაღლესი განათლება

კვიტაშვილი: უნივერსიტეტის ხელმძღვანელზე გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო მიიღებს

ალექსანდრე კვიტაშვილი რექტორის თანამდებობის დატოვების მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, გადადგომის მიზანია, რომ რექტორის დროებითი შემცვლელი, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, დანიშნოს არა პრემიერმა, არამედ გადაწყვეტილება მიიღოს აკადემიურმა საბჭომ - კანონში ცვლილებების შესვლამდე, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არა პრემიერმინისტრი, არამედ აკადემიური საბჭო დაამტკიცებს.

"არ მომწონს ქვეყანაში მიმდინარე დინამიკა უმაღლეს სასწავლებელთა მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო, რომ ავტონომია შენარჩუნებულ იქნებოდა, პრაქტიკული ქმედება ამის წინააღმდეგია. არ მინდა, თსუ-ში დაბრუნდეს ის დრო, როცა სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ ინიშნება რექტორი ან რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ჩავთვალე, რომ სანამ ამ კანონს მიიღებენ, და ისეთი სისწრაფით მიდის პროცესი, რომ, როგორც ჩანს, ეს ძალიან სწრაფად მოხდება, მინდოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს ჰქონოდა და მას აერჩია რექტორი. პარალელურად, ამას მოჰყვა რექტორის ახალი არჩევნების გამოცხადება, სადაც გათვალისწინებული იქნება ახალი კანონის მოთხოვნა, რომ უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი ყველა ახალ კანდიდატს. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება უნივერსიტეტის შემდეგი ხელმძღვანელი, მიიღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, არჩეული უნივერსიტეტის მიერ", - ამბობს სანდრო კვიტაშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები აგვისტოს ბოლოს გაიმართება. კვიტაშვილის თქმით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თხოვნით, ახალი რექტორის არჩევამდე რექტორის მოვალეობას თავად შეასრულებს: "საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა ჩემი თხოვნა გადადგომის შესახებ. დღესვე გამოცხადდა ახალი კონკურსი უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე იმ მოთხოვნებით, რომლებიც გათვალისწინებულია ახალი კანონპროექტით - ანუ შემდგომ რექტორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დოქტორის წოდება. ჩვენ გვაქვს დაახლოებით ორთვიანი ვადა. ამ პერიოდში ჩატარდება ახალი არჩევნები არსებული საბჭოს მიერ და ამას მინდა ხაზი გავუსვა. საბჭომ მთხოვა, შემდეგი ორი თვე დავრჩე უნივერსიტეტში და შევასრულო რექტორის მოვალეობა", - აცხადებს კვიტაშვილი.

 

კომენტარები