უმაღლესი განათლება

ზურაბიშვილი კვიტაშვილის ბრალდებებს სასაცილოს უწოდებს

დავით ზურაბიშვილი
commersant.ge

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში თსუ-ს რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომისა და განცხადებების შესახებ საუბრობს. ზურაბიშვილის განცხადებით, კვიტაშვილის ბრალდება უნივერსიტეტის ავტონომიაში ჩარევასთან დაკავშირებით სასაცილოა. "ავტონომიაში ჩარევაზე ლაპარაკი სასაცილოა. იმ ცვლილებაზე, რითაც ბატონ კვიტაშვილს აღარ ეკუთვნის შემდგომში უნივერსიტეტის რექტორობა, ანუ ცვლილებაზე, რომელიც ითვალისწინებს, რომ უნივერსიტეტის რექტორი აუცილებლად პროფესორი უნდა იყოს, ლაპარაკი იყო ჯერ კიდევ 3 თვის წინ. ის, რომ ჩვენი სამინისტრო ამას აპირებდა, ბატონი კვიტაშვილისთვის და აკადემიური საბჭოსთვის ცნობილი გახლდათ. შესაბამისად, ეს სიურპრიზი არ არის და უნივერსიტეტის ავტონომიის ხელყოფაზე საუბარი უცნაური და არასწორია", - განუცხადა დავით ზურაბიშვილმა ინტერპრესნიუსს.

კვიტაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას, მინისტრის მოადგილე კომენტარის გარეშე ტოვებს: "მე ვერ შევაფასებ მის გადაწყვეტილებას. ფაქტი ისაა, რომ ბატონი კვიტაშვილი შემდგომში ვეღარ იქნებოდა უნივერსიტეტის რექტორი, რამდენადაც ვერ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

"არ მომწონს ქვეყანაში მიმდინარე დინამიკა უმაღლეს სასწავლებელთა მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო, რომ ავტონომია შენარჩუნებულ იქნებოდა, პრაქტიკული ქმედება ამის წინააღმდეგია. არ მინდა, თსუ-ში დაბრუნდეს ის დრო, როცა სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ ინიშნება რექტორი ან რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ჩავთვალე, რომ სანამ ამ კანონს მიიღებენ, და ისეთი სისწრაფით მიდის პროცესი, რომ, როგორც ჩანს, ეს ძალიან სწრაფად მოხდება, მინდოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს ჰქონოდა და მას აერჩია რექტორი. პარალელურად, ამას მოჰყვა რექტორის ახალი არჩევნების გამოცხადება, სადაც გათვალისწინებული იქნება ახალი კანონის მოთხოვნა, რომ უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი ყველა ახალ კანდიდატს. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება უნივერსიტეტის შემდეგი ხელმძღვანელი, მიიღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, არჩეული უნივერსიტეტის მიერ", - განაცხადა სანდრო კვიტაშვილმა გადადგომისას.

 

კომენტარები