ვანო მერაბიშვილის საქმე

წულუკიანი: მერაბიშვილმა გირგვლიანის საქმის გამოძიება ახალაიას მიანდო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილმა დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება 2006 წლის მარტამდე მიანდო, საიდანაც მოდის ყველა ის ეჭვი, რომელიც პროკურატურის დადგენილებაშია წარმოდგენილი.

მისი თქმით, არა მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე გასული წლის ოქტომბრიდან განახლებული გამოძიების პროცესში, არამედ სტრასბურგში წარდგენილი დოკუმენტებიდანაც იკვეთება საკმაოდ მაღალი ხარისხის ალბათობა, რომ მერაბიშვილს შეეძლო, გირგვლიანის საქმის გამოძიებისთვის გარკვეული ტიპის უკანონო მიმართულება მიეცა. 

"ჯერ კიდევ სტრასბურგის მხრიდან საქმის განხილვისას გამოიკვეთა ფაქტი - მიუხედავად იმისა, რომ შარდენის ბარში მაგიდასთან ისხდნენ ის პირები, ვინც ისხდნენ, ვანო მერაბიშვილმა დაუშვა ის ფაქტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს და გამოძიება 2006 წლის მარტიდან დათა ახალაიას მიანდო. ახალაია კი, ამავე დროს, იყო სუფრის წევრი. აქედან გამომდინარეობს ყველა ეჭვი, რომელიც წარმოდგენილია გუშინდელი ბრალის დადგენილებაში. დარწმუნებული ვარ, ბრალდების მხარეს სათანადო მტკიცებულებები აქვს. ახლა საჭიროა, დაცვამ შეაგროვოს მტკიცებულებები და მერე სასამართლო გადაწყვეტს რომელი მხარეა მართალი", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურამ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმა.  პროკურატურის განცხადებით, წინა წლის ბოლოს დაიწყო გამოძიება, რომელიც 2006 წელს წარმოებული გამოძიების სრულიად საპირისპირო სურათს გვაძლევს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაფარვა-შეცვლის გამო, მერაბიშვილს ახალი ბრალი წარედგინა. 

კომენტარები