ქუთაისის მერი

ქუთაისის მერი: ქუთაისს არაფერი ეშველება, სანამ მას ნაციონალები მართავენ

ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა ბრიფინგი გამართა და ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი პარტიის, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, გოჩა თევდორაძის განცხადებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1 ივნისს, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თევდორაძემ კოპალიანის შესაძლო იმპიჩმენტზე ისაუბრა.

"იმედი გვქონდა, რომ მისი პროგრამის წარმოდგენის შემდეგ ქუთაისში სასიკეთო პროცესები დაიწყებოდა, მიუხედავად ამისა, დღეს ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებულია. მერის ქმედებები კრიტიკას ვერცერთ სფეროში ვერ უძლებს. ჩვენ მოვუწოდებთ, დროულად გადადგას ნაბიჯები ქალაქის განვითარებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორი ერთსულოვნებიც ვიყავით მისი არჩევისას, ასეთივე ერთსულოვნები ვიქნებით იმპიჩმენტის გამოცხადებისას", - განაცხადა თევდორაძემ.

სწორედ ამ განცხადების საპასუხოდ, კოპალიანმა ბრიფინგზე განაცხადა:

"თანამოქალაქეებო, გადაწყვეტილება ქუთაისში წამოსვლის შესახებ დიდი ფიქრის შემდეგ მივიღე. ამერიკიდან რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ ბევრ სირთულეს წავაწყდებოდი. მაგრამ ჩემს მშობლიურ ქუთაისში ასეთი მდგომარეობა თუ დამხვდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ასეთი უზნეო ხალხის ნახვამ. 22 წლის წინ, სულ სხვა ქუთაისი დავტოვე. მსგავსი რამ მაშინ არ ხდებოდა. ამერიკაში რომ რამეს მიაღწიო, ძალიან ბევრი უნდა იმუშაო და მეც ასე ვიქცეოდი. ამ ხნის განმავლობაში შემხვდა ბევრი კარგი, კეთილი ადამიანი, ბევრი ცუდიც. მაგრამ ის, რაც ქუთაისში ვნახე ერთი თვის განმავლობაში, იწვევს ჩემს გაოცებას. ქუთაისს არაფერი ეშველება მანამ, სანამ ამ ქალაქს მართავენ ნაციონალები, გარდაქმნილ-გარდაუქმნელები, ერის მხსნელები, რომელთა მუშაობის მეთოდები და პრინციპი ყველასთვის ცნობილია... მოგმართავთ, ბატონებო, თქვენ ადამიანურ დამოკიდებულებას სათანადოდ ვერ აფასებთ. თქვენ ცნობთ მხოლოდ ძალისმიერ მეთოდებს და მიაღწევთ იმას, რასაც იმსახურებთ. კარგად ბრძანდებოდეთ".

კომენტარები