შრომის კოდექსი

ცვლილებების პაკეტი შრომის კოდექსში დღეიდან ამოქმედდა

parliament.ge

პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების პაკეტი შრომის კოდექსში ამოქმედდა.

დოკუმენტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. 

შრომითი კანონმდებლობა ამიერიდან ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვს. ცვლილებების თანახმად, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს.

"ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება".

დასაქმებულის გამოსაცდელი ვადით აყვანა ექვს თვეს არ უნდა აღემატებოდეს. პირის გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია.

ამიერიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

ამ მიმართულებით კანონში ისიც ჩაიწერა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ სამი კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, ხოლო ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

შრომის კოდექსის ძალაში შესვლას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ მიიღო შრომის ახალი კანონმდებლობა, "რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს". 

"ვერავინ ვეღარ დაითხოვს სამსახურიდან დასაქმებულს ყოველგვარი მოტივაციის, ახსნა-განმარტების გარეშე; ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე ვერავინ ვერავის ამუშავებს იმაზე მეტს, ვიდრე ამას ნორმირებული სამუშაო კვირა ითვალისწინებს. არის ახალი რეგულირებები ვადიან და უვადო შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომით დავებთან დაკავშირებით", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. 

კომენტარები