შსს

ღარიბაშვილი: სისტემა დაჭაობებული იყო და მას გაჯანსაღება სჭირდება

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს, 9 ივლისს, კონკურსის წესით შერჩეულ 30 სტუდენტს შეხვდა და მათ სამინისტროში დასაქმება შესთავაზა.

"ასე უნდა მოხდეს სისტემის გაჯანსაღება და გაახალგაზრდავება. მთელი ის რეფორმები და ცვლილებები, რაც ჩემი დანიშვნის დღიდან ჩვენ დღემდე გავატარეთ, მთლად საკმარისი არ არის, იმიტომ, რომ სისტემა, სამწუხაროდ, მაინც დაჭაობებული იყო და ამიტომ ამას სჭირდება გაჯანსაღება, თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანების შემოსვლა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ახალგაზრდები გამოსაცდელი ვადით სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში დასაქმდებიან, ხოლო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 110-130 სტუდენტი სამინისტროში სტაჟირებას გაივლის.

"ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ. კადრებს სჭირდება სიფრთხილით შერჩევა. განსაკუთრებით ისეთ საპასუხისმგებლო სამინისტროში, როგორიც არის შსს. დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება კადრების შერჩევას. ჩემთვის პრიორიტეტულია მომავალ თაობას მიეცეს უპირატესობა. ძალიან შემიყვარდა ჩემი საქმიანობა და იმედია, თქვენც ასე შეგიყვარდებათ. მუშაობა კარგია, მაგრამ როცა იცი რას ემსახურები, ორმაგად და ათმაგად უფრო საინტერესო ხდება. გირჩევდით, რომ ბოლომდე დაიხარჯოთ და თავი არ დაზოგოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები