სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

GDI: დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების გადავადება დაუშვებელია

parliament.ge

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) დაუშვებლად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსში იმ ცვლილებების განხორციელებას, რომელიც დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების გადავადებას ეხება.

კანონპროექტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვილილებების შესახებ პარლამენტში 4 ივლისს შევიდა. მთავრობა მის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. პროექტის მიხედვით, ახალი წესი, რომელიც მოწმის დაკითხვას დასაშვებად მხოლოდ სასამართლოს წინაშე მიიჩნევს, 2013 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად, 2014 წლის 1 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ამ დრომდე ძალაში დარჩება დაკითხვის მოქმედი წესი, რომლის მიხედვით, მოწმის დაკითხვის უფლება გამომძიებელს სასამართლო პროცესამდე აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიღება უარყოფითად აისახება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე და კვლავ საფრთხის ქვეშ დატოვებს ბრალდებისა და დაცვის მხარის საპროცესო თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპის რეალურ განხორციელებას.

"დაკითხვის მოქმედი წესი, როდესაც მოწმის დაკითხვა ხდება სასამართლოს გარეშე, გამომძიებელს უტოვებს თვითნებობის არეალს და ზრდის მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისა და დაცვის მხარისთვის საზიანო ჩვენების მიცემის შესაძლებლობას. ამავდროულად, მოწმე, რომელიც გამომძიებელმა დაკითხა, გარკვეულწილად მის მიერ მიცემული ჩვენების მძევალი ხდება, რადგანაც სასამართლო განხილვის დროს მის მიერ ჩვენების შეცვლა, მისივე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, დაცვის მხარე კვლავ არათანაბარ პირობებში რჩება ბრალდების მხარესთან შედარებით, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების სულისკვეთებას.

ცალსახაა, რომ ადვოკატთა კორპუსი, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები მოუთმენლად ველოდით 2013 წლის 01 სექტემბერს მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებდა მოწმეებზე ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების რისკს და დაცვის მხარეს შეუქმნიდა თანაბარ შესაძლებლობებს საკუთარი ინტერესების დასაცავად. აღსანიშნავია, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემა, რომელიც ეფუძნება მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრობითობას, იმდაგვარადაა აწყობილი, რომ მოწმეთა მხოლოდ სასამართლოს მიერ დაკითხვის წესის დროულად აუმოქმედებლობა ფიტავს მის არსს და აკნინებს ადამიანის უფლებათა იმ მაღალ სტანდარტს, რაც ნათლადა მოცემული ამავე კოდექსის პრინციპებში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხარეთა თანასწორობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტური ასპექტია, რომელიც გულისხმობს შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული სამართალწარმოების განხორციელებას. წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი არათუ ვერ უზრუნველყოფს საკანონმდებლო დონეზე დაცვის უფლების განხორციელების ეფექტიანი გარანტიების შექმნას, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დასწევს ძირს მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხს სახელმწიფოში. ასევე საგანგაშოა, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ზოგადად ინსტიტუტის (მოწმეთა დაკითხვა მხოლოდ სასამართლოს წინაშე) მართებულობაც, რაც მოქმედი კოდექსის სისტემის მთავარი ღერძი და განუყოფელი ნაწილია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება", - ნათქვამია GDI-ის განცხადებაში.

კომენტარები